in

5 პრაქტიკული ფუნქცია, რომლებიც iOS 26-ზე შეგხვდებათ

Apple-ის iOS 26-ის გადმოწერა უკვე შესაძლებელია, თუმცა მასში მთავარი მხოლოდ Liquid Glass-ის დიზაინი არ გახლავთ, მომხმარებელთა პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად მრავალი ახალი ხელსაწყო ჩაუშვეს და ქვემოთ მათგან 5 მნიშვნელოვან სიახლეზე გესაუბრებით:

5. მხოლოდ თქვენთვის სასურველი სატელეფონო ზარების მიღება

აქამდე ერთადერთი გზა იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველი ზარი არასასურველისგან განასხვაოთ, iPhone-ის Caller ID-ზე დახედვაა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ნომერს ცნობთ. ხოლო თუ იგი უცნობია, გიწევთ, უპასუხოთ და გაიგოთ, რისთვის რეკავენ. თუმცა ახლა iPhone-ის ახალ საოპერაციო სისტემას Call Screening-ის ფუნქცია დაემატა, რომელიც თქვენ მაგივრად უპასუხებს ამ უცხო ზარებს — იმ შეტყობინებას ჩაურთავს, რომელიც მათ საკუთარი ვინაობის გამხელასა და დარეკვის მიზეზის განმარტებას სთხოვს. ხოლო, როგორც კი ამას გააკეთებენ, iPhone პასუხს გაჩვენებთ, რათა თავადვე გადაწყვიტოთ, უპასუხოთ თუ არა. თუ ამის სურვილი არ გექნებათ, უცხო პირს Voicemail-ის საშუალებით აცნობებს. 

Call Screening-ის გასააქტიურებლად შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროთ: Settings – Apps – Phone – Screen Unknown Callers – Call Screening – Never/Ask Reason for Calling/Silence (ამ უკანასკნელით თქვენ მიერ ყველა უცხო ზარი უარყოფილი იქნება).

4. შეხვედრების ჩანიშვნა კალენდარში სქრინშოთის გამოყენებით

ხშირად სხვადასხვა ღონისძიების მოსაწვევს ფოტოს სახით ვიღებთ, შემდეგ კი ამ ინფორმაციის ხელით შეყვანა გვიწევს კალენდარში. iOS 26 კი ახლა ამ საქმეს ამარტივებს, უბრალოდ დასქრინვა მოგიწევთ, რის შემდეგაც არსებულ ინფორმაციას კალენდარში ავტომატურად თავისით შეიყვანს და საქმეს გაგიმარტივებთ. 

პროცესი მარტივია: გადაუღეთ სასურველ მოსაწვევს სქრინშოთი, შემდგომ გადახედეთ ინფორმაციას, გამოიყენეთ Add to Calendar-ისა და Create Event-ის ღილაკი.

3. ზარების ლოდინი თქვენ მაგივრად

Hold Assist-ის ფუნქციით, თქვენი iPhone დაელოდება სატელეფონო ზარებს, ამ დროის გამოყენება კი თავად უფრო ნაყოფიერად შეგეძლებათ. ხოლო როგორც კი დაუკავშირდებით სასურველ პირს, iPhone დაგირეკავთ და გეტყვით, რომ ისინი ხაზზე არიან.

ამისთვის შემდგომი ნაბიჯები უნდა გაიაროთ: Settings – Apps – Phone – Hold Assist Detection – აქ უნდა ჩაწეროთ სასურველი ტელეფონის ნომერი და გამოიყენოთ Hold-ის ღილაკი. 

2. AI-ის უცხო ენების თარჯიმნად გამოყენება

ბიზნესმენებს ხშირად უწევთ უცხო ენებზე მოსაუბრე ადამიანებთან კომუნიკაცია, ახლა კი მათ Live Translation-ის ფუნქციით პერსონალური ციფრული ასისტენტი შეუძლიათ, შეიძინონ. Apple Intelligence-ს იყენებს და iPhone-ის მთავარ აპლიკაციებში გვხვდება, მათ შორის Messages, FaceTime და Phone. შეტყობინებებს რეალურ დროში თარგმნის, FaceTime-ით საუბრისას კი თარგმანს ეკრანზე ტიტრებით გთავაზობთ. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, iPhone თქვენთვის სასურველ ენაზე მოგიყვებათ იმას, რასაც უცხო პირი ამბობს.

Live Translation ახალი საოპერაციო სისტემის დაყენებისთანავე აქტიურდება და როცა თქვენი iPhone ამოიცნობს, რომ სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთან ურთიერთობთ, ავტომატურად თარგმნის. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს ფუნქცია მხოლოდ იმ ტელეფონებზე მუშაობს, რომლებსაც Apple Intelligence-ის მხარდაჭერა აქვთ, მათ შორისაა iPhone 15 Pro და უფრო ახალი მოდელები. 

1. ფაილების საკუთარ საჭიროებებზე მორგება უკეთესი მენეჯმენტისთვის

ეფლის Files-ის აპლიკაციაში თუ აქამდე ინახავდით საჭირო დოკუმენტებს და ყველა ფაილი ერთნაირად გამოიყურებოდა, ახლა თითოეულის პერსონალიზების საშუალება მოგეცემათ. ეს დაგეხმარებათ, სწრაფადვე მიაგნოთ სასურველ დოკუმენტებს. პერსონალიზებაში სასურველი ფერის, სიმბოლოებისა და ემოჯების დამატებას ვგულისხმობთ.

ამისთვის უნდა გახსნათ ფაილების აპლიკაცია, დააჭიროთ ცოტა დიდხანს იმ ფოლდერს, რომლის ვიზუალის შეცვლაც გსურთ და აირჩიოთ მენიუდან Customize Folder & Tags. Tags-ზე გადასვლით ფაილისთვის სასურველ ფერს შეარჩევთ, აქვე იპოვით სიმბოლოებსა და ემოჯებს, ხოლო როცა დაასრულებთ, ცვლილებები ლურჯი ღილაკით შეინახეთ. თანაც, პერსონალიზებულ ფოლდერს თქვენი iPhone ავტომატურად გადასცემს სხვა მოწყობილობებს, რომლებიც იმავე iCloud-ს იყენებს, იქნება ეს iPad თუ Mac. 

შეგახსენებთ, რომ iOS 26-ის დაყენებას iPhone 11-სა და უფრო ახალ მოდელებზე შეძლებთ. ამასთან, ეფლმა უკვე iPhone 17-ის ოჯახიც წარადგინა. 

პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის – Turning Point – იქ, სადაც იწყება ლიდერის ნამდვილი ტრანსფორმაცია

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის – დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში