in

5 პროფესია, რომლებისთვისაც შემოქმედებითი წერის უნარები გადამწყვეტია

ალბათ ცოტა ბანალური იქნება, ამ სტატიაში რომ დავწეროთ – „შემოქმედებითი წერის უნარები მწერლებს სჭირდებათ”…ცხადზე ცხადია, რომ მწერლები შემოქმედებითი ადამიანები არიან და ამბების მოსათხრობად კრეატიულ უნარებს იყენებენ, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, პერსონაჟების შექმნის ტექნიკას, დიალოგების თანმიმდევრულად წერის ფორმას და ბევრ სხვა ორიგინალურ ხერხს, რომლებიც, ძირითადად, მათ ნიჭსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. 

თუმცა ყველა ადამიანი, ვისაც წერა ეხერხება, მწერალი არ არის. თანამედროვე სამყარომ მოიტანა პროფესიები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტის შექმნას გულისხმობს და გამოცდილებაც მრავალფეროვანი სჭირდება, თუმცა შემოქმედებითი წერის უნარების ქონა გადამწყვეტია და ამის გარეშე ამ სფეროში ვერ დავსაქმდებით. 

სცენარისტი

სცენარისტის საქმიანობა უკვე არც ისე ახალია. მას შემდეგ, რაც დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოს პირველი ფილმი გამოჩნდა, ამ პროფესიამ ფეხი სულ უფრო მოიკიდა, ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა კინოინდუსტრია აყვავდა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების რიგებში ჩაეწერა. 

სინოფსისის მოფიქრება, პერსონაჟის შექმნა, სიუჟეტის, კულმინაციისა თუ ფინალის აღწერა ისე, რომ მისგან კარგი ფილმი გამოვიდეს, მარტივი ნამდვილად არაა. იმისთვის, რომ სცენარისტმა ეს ყველაფერი შეძლოს, პირველ რიგში, ფანტაზიის ძალიან კარგი უნარი უნდა ჰქონდეს, შეეძლოს იდეის სწორად ფორმირება, ტექსტის სტრუქტურული აწყობა და ამბის განვითარების მოფიქრება. სცენარისტი უკვე უნდა ხედავდეს იმას, რაც ჯერ არ გადაუღიათ. ეს საკმაოდ რთულია, თუმცა, როცა ირგვლივ ამდენი შედევრად წოდებული ფილმი არსებობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჭიერი სცენარისტები ამას ახერხებენ. 

ქოფირაითერი

ჩამთრევი სიტყვები, მოწოდებები მოქმედებისკენ, სარეკლამო მესიჯები, სლოგანები, ბლოგები – ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქოფირაითერის საქმიანობა მოიცავს. ქოფირაითერი სტრატეგიული მწერალია, მან მხატვრულად, ორიგინალურად, დამაჯერებლად და გამართულად უნდა გადმოსცეს სათქმელი, უნდა ერკვეოდეს მარკეტინგშიც და იცოდეს ტექსტის აგების ძირითადი პრინციპები. 

თუ ქოფირაითერს შემოქმედებითი აზროვნება არ აქვს, ყველაფერ ამის გაკეთება გაუჭირდება. მით უფრო, რომ ზოგჯერ ერთი ტექსტის შესაქმნელად დრო ცოტაა.

ჟურნალისტი

ჟურნალისტიც მთხრობელია. მან სხვადასხვა ხელსაწყო უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მაყურებლამდე, მსმენელამდე თუ მკითხველამდე ამბავი მიიტანოს. ეს ამბავი შეიძლება ცხელ-ცხელი სიახლე იყოს, ანონსი, კარგად დაგეგმილი და წინასწარი სცენარით გაწერილი სიუჟეტი ან სხვა ადამიანის მონათხრობი. ზოგჯერ მას სტრესულ გარემოში, მოვლენათა ეპიცენტრიდანაც უწევს ამბის გადმოცემა. ერთი სიტყვით, თხრობა მისი პროფესიის განუყოფელი ნაწილია.

ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტს დიდი კრეატივი არ სჭირდება, რომ მან უბრალოდ უნდა მოჰყვეს ის, რაც მოხდა, მაგრამ ასე არ არის. დღეს, თანამედროვე სამყაროში ჟურნალისტს ბევრნაირი კონტენტის შექმნა უწევს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითად წერა შეეძლოს. ალბათ ამიტომ არის, რომ მისაღები გამოცდების დროს თუ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ წერის უნარებია.

ნარატივდიზაინერი

ეს თანამედროვე პროფესია წერის უნარების გარეშე არ არსებობს. ნარატვიდიზაინერები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც ვიდეო თუ ონლაინთამაშების სცენარებს წერენ და ისინი, ვინც ჩატბოტებს, ანუ მოლაპარაკე კომპიუტერულ პროგრამებს ქმნიან. 

თამაშის შექმნისას შემოქმედებითი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მწერალი ამ დროს არა მხოლოდ პერსონაჟებსა და სიუჟეტზე ფიქრობს, არამედ იმაზეც, თუ როგორ გათვალოს მოთამაშის მიერ თამაშში მიღებული გადაწყვეტილებები; უნდა შესთავაზოს მათ ალტერნატიული გზები და სიუჟეტის მრავალფეროვანი განვითარების საშუალება. შესაბამისად, ის არა მხოლოდ ერთ ტექსტს ქმნის, არამედ ერთი ტექსტის რამდენიმე ვარიაციას. ამ ყველაფერს კი კრეატიული წერის უნარების გარეშე თავს ვერ გაართმევდა.

იგივე მიდგომას იყენებენ ჩატბოტებშიც. თუკი თამაშში მოთამაშის მაგივრად ფიქრია საჭირო, ჩატბოტებში ნარატივდიზაინერს მომხმარებლის ადგილას უწევს თავის წარმოდგენა. 

კონტენტმენეჯერი

კონტენტმენეჯერი ის ადამიანია, რომელიც კომპანიის სოციალურ ქსელებს აკვირდება და ზედამხედველობს, თუ რა სტატიები, ბლოგპოსტები და, ზოგადად, როგორი ტექსტები იდება ამ კომპანიის მიერ ვებში. 

მათ შეუძლიათ, თავადაც წერონ და ასევე, დაიქირაონ კონტენტის მწერლები, ყურადღება მიაქციონ მკითხველთა და აუდიტორიის ჩართულობას, შეიმუშაონ სტრატეგია, თუ როგორ, სად და რა დროს განთავსდეს კომპანიის კონტენტგუნდის მიერ შექმნილი მასალა. 

შესაბამისად, თუ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი თავად არ იქნება შემოქმედებითი, მხოლოდ ტექნიკური საკითხების ცოდნით ვერ შეძლებს ყველა ამოცანის შესრულებას. უმეტესწილად, კონტენტმენეჯერები ქოფირაითერები ხდებიან ხოლმე, ის ადამიანები, ვინც წერის გარდა, შინაარსის მართვითაც არიან დაინტერესებულნი. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საინტერესო პოდკასტი | ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია

როგორ აფასებს „გალფი“ სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას