2024 წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და უკვე შეგვიძლია, 2023 გასულ წლად შევაფასოთ; გადავხედოთ, რომელი ქართული ბრენდები იყვნენ აქტიურები საკომუნიკაციო კამპანიების კუთხით და ერთგვარი კრებულის სახით წარმოგიდგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ Marketer ერთ-ერთი პირველია ხოლმე, რომელიც ყველა კამპანიას მყისიერად აშუქებს, მაინც სასიამოვნო იყო ხელახლა ყველა მათგანის გადათვალიერება და აღმოჩენა, რომ 2023 წელი ბევრი ქართული ბრენდისთვის ყოფილა შთაგონებისა და შემოქმედებითობის გამოვლენის დრო. შესაბამისად, ამ სიის შედგენა, ალბათ, ყველაზე რთული ამოცანა იყო წელს ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, შესავლებზე დიდ დროს აღარ დავხარჯავთ და პირდაპირ საქმეზე გადავალთ.
1. Veli.Store

საყიდლების ციფრული ველი კომუნიკაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბრენდი იყო მთელი წლის განმავლობაში. ყველა საკომუნიკაციო აქტივობა რომ ჩამოვთვალოთ, რაც ველიმ წლის განმავლობაში შემოგვთავაზა, ნამდვილად შორს წაგვიყვანს, ამიტომ, ვფიქრობთ, მხოლოდ რამდენიმე მათგანის გამორჩევაც საკმარისი იქნება დასარწმუნებლად, რომ ველის კომუნიკაციის კუთხით აქტიური წელი ჰქონდა.
ერთ-ერთი ყველაზე ბოლო, წინასაახალწლო კამპანია კოკა-კოლისა და ველის კოლაბორაციაა. ამ ორი ბრენდის გაერთიანებით შეიქმნა თამაში „ქარავანი”, რომელსაც მარტივი წესები აქვს – ვინც ყველაზე მეტ ქილას შეაგროვებს და ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, ველისგან 200-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდება. გამარჯვებული ყოველდღე გამოვლინდება.
რამდენიმე თვის წინ ველის დასამახსოვრებელი კოლაბორაცია ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთადაც. Youtube-ზე ვიდეოს ყურებისას ალბათ არაერთხელ „ამომხტარა” რეკლამა, სადაც კვარა გულშემატკივრებს მიმართავდა და ველიზე ნაპოლის ფორმების განთავსებას აუწყებდა. ყველასთვის ძვირფასი ფეხბურთელის ველის ვიდეოში ნახვა, რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელი მომენტი იყო მომხმარებლისთვის.
Boxing – Facebook მომხმარებლებს ეს live-ებიც ეცოდინება. დავით გორგილაძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფუთავს ველის მომხმარებლის შეკვეთებს და მაყურებელს უჩვენებს, რა გზას გადის შეკვეთა, სანამ ის მომხმარებლის მისამართამდე მივა.
სურვილების სია – საახალწლოდ კიდევ ერთი პროექტია სურვილების სიის გაზიარება. ველის პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოწეროს თავისი სურვილები და გაუზიაროს, ვისაც უნდა.
კიდევ ერთი პროექტი ველისა და „სუპერგმირის” თანამშრომლობაა, რომელსაც საქველმოქმედო დანიშნულება აქვს. ველიმ თავის მომხმარებელს საშუალება მისცა, გამხდარიყო საახალწლო სუპერგმირი და საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის გაეგზავნა საჩუქრები. ამასთან ერთად კი, თავისი მეგობარიც მოეწვია ამ კეთილშობილურ საქმეში, რის შედეგადაც ორივეს ბენეფიციარი დამატებით საახალწლო საჩუქარს მიიღებდა.
2. საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკიც იმ ბრენდების სიაშია, რომლებმაც 2023 წელი ნაყოფიერად გაატარეს. ყველა მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ალბათ ის თამაშია, რომელიც მობილურ ბანკში აქვთ და ქულების დაგროვების, პრიზების მოგების საშუალებას აძლევს. ეს თამაში 9 ოქტომბერს დაიწყო და ჯერაც გრძელდება. ცალკე თამაში შეუქმნა საქართველოს ბანკმა sCoolApp-ის მომხმარებლებსაც. მას „სხვა სამყარო” ჰქვია და მოსწავლეებს ისტორიის, ზოგადი განათლებისა და ლოგიკაზე დაფუძნებული საკითხებიდან უსვამს კითხვებს.
აქტუალური იყო კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანიაც „ოფლის ბოლო წვეთამდე”. წლის განმავლობაში ბრენდი აქტიურად აცნობდა მომხმარებელს გუნდის იმ წევრებსაც, რომლებსაც საქართველოს ბანკის განვითარებასა და მომხმარებელზე ზრუნვაში დიდი წვლილი შეაქვთ.
ტრადიციულად, ბანკი წელსაც მხარს უჭერდა 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამას. მისი მხარდაჭერით, marketer-თან ერთად, გამოიცა წიგნი „ბიზნესისტორიები საქართველოდან”, რომელიც ქართველი მეწარმეების შესახებ საინტერესო ფაქტებს ჰყვება. ზაფხულში იგი პროექტ „ტყეშის” მხარდამჭერიც იყო, რათა ხელი შეეწყო აუდიო და ვიზუალური ხელოვნების განვითარებისთვის ქვეყანაში…
3. თიბისი

საინტერესო წელი ჰქონდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ ბრენდსაც. ყველა აქტივობის ჩამოთვლა არც აქ გამოგვივა, ამიტომ შერჩევითობის პრინციპით გავიხსენებთ, მაგალითად, კომუნიკაციის სახელოსნოს, რომელიც თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტია, ასევე საგანმანათლებლო დანიშნულებით შეიქმნა ამა წლის გაზაფხულზე თიბისის ტექნოლოგიური სკოლა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ტექნოლოგიური სპეციალობის დაუფლების საშუალება მისცა. წელს თიბისიმ დრო დაუთმო ინფორმაციულ უსაფრთხოებასაც და ამასთან დაკავშირებით ღონისძიება, Capture the Flag გამართა; საინტერესო წამოწყება იყო ვიდეობანკიც, პროექტი ემიგრანტებისთვის, რომელმაც მათ თიბისის სერვისებზე წვდომის საშუალება მისცა; შეგვიძლია, გამოვყოთ შავი პარასკევისადმი მიძღვნილი განაწილების ფუნქციაც, მომხმარებლის შოპინგის გამოცდილების გასამარტივებლად, ან თიბისისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, რომში ქართული წიგნის კუთხის გახსნა…
4. თეგეტა ჰოლდინგი

თეგეტაც იმ ბრენდებს შორისაა, მთელი წლის განმავლობაში თავს რომ არ ზოგავდა და საინტერესო კომუნიკაცია ჰქონდა ფართო აუდიტორიასთან. ერთ-ერთი ბოლო კამპანია პრინტების სერიაა, რომელიც ზამთრის სეზონზე მანქანის მოვლის საჭიროებებზე მიგვითითებს. „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – ეს არის ამ კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც სხვადასხვა პრინტად ქვეყნდება და იმ მნიშვნელოვან პუნქტებს შეგვახსენებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, „შეცვალე ხუნდები”, „შეამოწმე ანტიფრიზი”, „შეცვალე აკუმულატორი” და სხვა.
კიდევ ერთი აქტივობა ბრენდის მხრიდან საქველმოქმედო დანიშნულების იყო. კერძოდ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან” ერთად მან გამოფენა-გაყიდვა მოაწყო, რომლითაც იმ ბავშვებს დაეხმარა, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.
გამორჩეული იყო თეგეტას ინიციატივა ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერადაც. ის გახდა ქალთა საფეხბურთო გუნდ „კვარტლის” მხარდამჭერი, რის ფარგლებშიც 2 ფეხბურთელს 1-წლიანი სტიპენდია დაუნიშნა.
გარდა ამისა, თეგეტას კიდევ ბევრი აქტივობა დაუგროვდა წლის განმავლობაში. ესენი იყო: 20 000 000 ლარის ობლიგაციების გამოშვება, შემეცნებითი ტურნე რეგიონებში, სტაჟირების პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის” და სხვა.
5. Zoommer

აქაც ჯერ ბოლო კამპანიით დავიწყოთ, რომელიც ზუმერმა მომხმარებელს საახალწლოდ შესთავაზა. „ფიქრებს შორს ნუ გაჰყვები! სულსწრაფად ზუმერში“ – ეს ამ კამპანიის გზავნილია და მისი მთავარი სათქმელია, პირველ, გულწრფელ იდეას განხორციელების შესაძლებლობა მივცეთ, ზედმეტად არ ჩავუღრმავდეთ ფიქრებს, რომლებმაც შეიძლება შორს წაგვიყვანონ. კამპანიის მთავარი ილუსტრაცია სარეკლამო რგოლია, რომელიც, როგორც ზუმერს სჩვევია, საკმაოდ ექსტრაორდინარული გამოვიდა.
„წამის მოტაცება” – ეს ფოტოპროექტია, რომელიც ბრენდმა მერი გიორგობიანთან, ფოტოხელოვანთან ერთად განახორციელა. მათ ერთდ iPhone 15 Pro Max-ის შესაძლებლობები გამოცადეს და ამ ცდის შედეგები ფოტოების სახით საზოგადოებას წარუდგინეს.
გარდა ამისა, ზუმერს ბევრი სხვა საკომუნიკაციო აქტივობა ჰქონდა. ჩვეულებრივ, ყოველდღიურ კომუნიკაციასთან ერთად გამორჩეული იყო ისეთი პროექტები, როგორებიცაა: რამდენიმე თვის წინ განხორციელებული კამპანია „უკან ზუმერში”, „შეიფერე სკუტერები, ზუმერისა და შემოქმედი ქალების კოლაბორაცია და სხვა.
ნათქვამია, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის და ეს ის შემთხვევაა, როცა მართლაც კიდევ ბევრი კამპანია, პროექტი თუ წამოწყება დაგვრჩა სახსენებელი, კიდევ ბევრი საინტერესო ბრენდი, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ და თავიანთი კომუნიკაციით მომხმარებელს მრავალ შესაძლებლობას აძლევენ. თუმცა, რადგან ფორმატში შეზღუდულნი ვართ, ეს 5 ბრენდი ავარჩიეთ და მათი წლის მოკლე შეჯამება წარმოგიდგინეთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












