in

5 ქვეყანა, სადაც განსაკუთრებულ სააღდგომო ტკბილეულს ამზადებენ

აღდგომა ბევრ ქვეყანაში ატარებს გამორჩეულ დატვირთვას, თუმცა არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით. ეს დღესასწაული სიხარულთან, ტრადიციებთან და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ტკბილეულთანაც ასოცირდება. რადგან მთელ საქართველოში პასკის სურნელი უკვე ტრიალებს, გადავწყვიტეთ, გაგვეგო, რას ამზადებენ სააღდგომოდ სხვა ქვეყნებში. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა ტრადიციებიც გამორჩეულად მადისაღმძვრელი აღმოჩნდა:

იტალია

ტრადიციული დესერტი, რომელსაც ჩვენ, შინაურულად, იტალიურ პასკასაც ვუწოდებთ ხოლმე, სინამდვილეში „Colomba Pasquale“, ანუ „სააღდგომო მტრედია“. სახელი დესერტის ფორმიდან გამომდინარეობს, რადგან ნამდვილი იტალიური Colomba Pasquale მართლაც მტრედის ფორმისაა. მარტივი ინგრედიენტებით, ფქვილით, კვერცხით, შაქრით, კარაქითა და ჩირით იტალიელები უგემრიელეს დესერტს ამზადებენ, რომელიც, მათივე თქმით, ტრადიციულ საშობაო პანეტონეს ძალიან ჰგავს.

საბერძნეთი

ბერძნები სააღდგომოდ კვერცხებს, ქართველების მსგავსად, მხოლოდ წითლად ღებავენ. თუმცა მათი სადღესასწაულო დესერტი სხვა ყველა ქვეყნისგან გამოირჩევა. აქ ცურეკის, ანუ ტრადიციული სააღდგომო ნამცხვრის მოსამზადებლად განსაკუთრებულ ინგრედიენტს იყენებენ. ფქვილის, კვერცხის, შაქრისა და რძის გარდა, ცურეკის გამოსაცხობად აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალური სანელებელი – ალუბლის დაფქული თესლი.

ესპანეთი

ესპანელების სააღდგომო დესერტი ტორიხასი ძალიან ჰგავს ფრანგულ ტოსტს. შეიძლება ითქვას, ჩვენებურ „ყიყლიყოსაც“, ოღონდ შაქრით. ესპანელები პურს რძესა და კვერცხში ალბობენ, შაქარსა და დარიჩინში ავლებენ და ტაფაზე წვავენ. სააღდგომო სუფრაზე კი თაფლთან, ან შაქრის სიროფთან ერთად მიაქვთ.

პოლონეთი

მაზურეკი – ასე ჰქვია ტრადიციულ სააღდგომო ტკბილეულს პოლონეთში. მისი გამოცხობა ქართული პასკის გამოცხობასავით ურთულესი პროცესი არ არის. მაზურეკი ერთგვარი კექსია, თუმცა პოლონელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მის ვიზუალურ მხარეს. აუცილებლად რთავენ ჯემით, ჩირით, ხილითა და თხილეულით. ასეთ დესერტს სააღდგომოდ ყველა პოლონურ ოჯახში შეხვდებით.

და ბოლოს, რა თქმა უნდა,

საქართველო

ახლა პასკის არსის ახსნას, ცხადია, არ დავიწყებთ. თუმცა, ხელოვნურ ინტელექტს რომ ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ პასკა ქართველების საყვარელი ტკბილი პურია, რომელსაც მხოლოდ სააღდგომოდ ამზადებენ. ჩვენი აზრით კი, პასკა ტკბილ პურზე ბევრად მეტია. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ პასკის ცომის მომზადება მაინცდამაინც მარტივი საქმე არ არის. ამიტომ, ტრადიციულ ოჯახებში მისი მზადება დიდი ხუთშაბათიდან იწყება. უმეტეს შემთხვევაში, ცომს ერთი ღამით მაინც „ასვენებენ“ ხოლმე. გამოცხობის შემდეგ კი რელიგიური სიმბოლოებითაც აფორმებენ. რადგან პასკების გამოსაცხობად ბევრი ადამიანი ორი დღის გამოყოფას ვერ ახერხებს, მათი ოჯახებისთვის ტრადიციულ დესერტს საკონდიტროები ამზადებენ. ზემოთაც ხომ აღვნიშნეთ, რომ პასკის სურნელი მთელს საქართველოში უკვე ტრიალებს.

ეს თავბრუდამხვევი სურნელი უკვე ორი კვირაა გამოდის საკონდიტრო „გურმეს“ საწარმოდან. აქ პასკების ცხობა ასე ადრე იმიტომ დაიწყეს, რომ, როგორც თავად ამბობენ, შეკვეთების ნაკადი არ წყდება. კორპორაციულ კლიენტებთან ერთად, საცალო მომხმარებლების გემოვნებასაც ითვალისწინებენ და ამზადებენ პასკას ქიშმიშით, უქიშმიშოდ, ცუკატებით, შოკოლადით, ნუთელათი, ნუშის ფანტელით, განსაკუთრებული დეკორაციებით, ხაჭოთი და ა.შ. მოკლედ, გამორიცხულია, „გურმეში“ თქვენი გემოვნების შესაბამის პასკა ვერ იპოვოთ. აქ მთავარ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებენ – „გურმეს“ პასკა ზომიერად მძიმე, ნოტიო და არომატულია.

[R]

ასტრონომებმა ჰიპოთეტური „უცნაური ვარსკვლავი“ დააფიქსირეს

ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320 000 ლარი აუნაზღაურა