in

5 რამ, რასაც მაღალი ეფექტურობის გუნდები აკეთებენ

გასათვალისწინებელია 3 ფსიქოლოგიური საჭიროებაც: ავტონომია, კომპეტენცია და კავშირი

როდესაც საქმე არაჩვეულებრივი სამუშაო ადგილების და მაღალეფექტური გუნდების შექმნას ეხება, სამი ფსიქოლოგიური საჭიროების მნიშვნელობაა გასათვალისწინებელი: ავტონომია, კომპეტენცია და კავშირი. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ როდესაც ადამიანები ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას განიცდიან, თავს ჯანმრთელად, ბედნიერად და პროდუქტიულად გრძნობენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ სამი ძირითადი მოთხოვნილებიდან, კავშირი ან სხვებთან ურთიერთობის დამყარების სურვილი ყოველთვის მეტად რთული იყო ორგანიზაციისთვის. ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა ერთია, მაგრამ როგორ აიძულებთ მათ ერთმანეთი შეიყვარონ?

რა თქმა უნდა, სიტუაცია გაცილებით გაართულა Covid-19-ის პანდემიამ. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან მუშაობა დადებითად აისახა ავტონომიაზე, კოლეგებთან ფიზიკური სიახლოვის ნაკლებობამ მჭიდრო პირადი კავშირების შექმნა შეაფერხა. თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ყველაზე ეფექტურმა გუნდებმა სოციალური კავშირების დამყარება-შენარჩუნების დახვეწილი გზები იპოვეს, რათა წარმატება უზრუნველეყოთ. დასკვნები მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას კავშირის გაზრდა – თუნდაც შორეულ ან ჰიბრიდულ გარემოში.

მაშ, რას აკეთებენ განსხვავებულად მაღალი დონის გუნდები? აღნიშნულმა კვლევამ ხუთი ძირითადი განსხვავება გამოავლინა, რომელთაგან თითოეული ხაზს უსვამს კოლეგებს შორის ძლიერი კომუნიკაციის მნიშვნელოვან როლს, როგორც გუნდური მუშაობის მამოძრავებელ ძალას.

მაღალი წარმადობის გუნდებს არ ეშინიათ ტელეფონით საუბრის

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილზე სატელეფონო ზარების განხორციელება ნაკლებად ხდება, ეს მაღალი დონის გუნდებს არ ეხება. კვლევის თანახმად, ისინი უფრო ინტენსიურად ურთიერთობენ და გაცილებით ხშირად საუბრობენ კოლეგებთან ტელეფონით – ვიდრე მათი ნაკლებად წარმატებული კოლეგები.

როგორც ჩანს, ადამიანთა უმეტესობისთვის სატელეფონო ზარები უხერხულობასა და დისკომფორტთან ასოცირდება. თუმცა, რეალურად, ეს მცდარი წარმოდგენაა – სატელეფონო საუბრები არა მხოლოდ უხერხულობის განცდას ამცირებს, არამედ ხელს უწყობს ურთიერთობების განმტკიცებას და გაუგებრობების თავიდან აცილებას.

მაღალი წარმადობის გუნდები უფრო სტრატეგიულად უდგებიან შეხვედრებს

საიდუმლო არ არის, რომ ცუდად ორგანიზებული შეხვედრებო თანამშრომლების იმედგაცრუებას იწვევს და ამცირებს შემეცნებით შესაძლებლობებს. ამიტომაც, მაღალი ეფექტურობის მქონე გუნდები თავიდან იცილებენ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ცუდად ორგანიზებულ შეხვედრებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ისინი მონაწილეებისგან მეტად მოითხოვენ წინასწარ მუშაობას, ადგენენ დღის წესრიგს და შეხვედრას მიმოხილვით იწყებენ.

ეფექტური და ერთმანეთში გაზიარებული გამოცდილების უზრუნველსაყოფად, მაღალი დონის გუნდები არა მხოლოდ უკეთ იყენებენ თავიან შეხვედრებს, არამედ უფრო პროდუქტიული ურთიერთქმედების საფუძველსაც ქმნიან.

მაღალი წარმადობის გუნდები დროს არასამუშაო თემებისთვისაც პოულობენ

მენეჯერული თვალსაზრისით, ადვილია სამსახურში ისეთი სასაუბრო თემები წამოიჭრას, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის სამუშაოსთან. საინტერესოა, რა სარგებლობა მოაქვთ თანამშრომლებს, რომლებიც ძვირფას სამუშაო დროს ხარჯავენ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის ან ბლოკბასტერის განხილვისას?

როგორც აღმოჩნდა, არასამუშაო თემების განხილვას დიდი სარგებელი მოაქვს. თავის მხრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ პირად საუბრებში საერთო ინტერესებს ადგენს, რაც უფრო ღრმა ურთიერთშეთანხმებას და ნამდვილ კავშირებს წარმოშობს. ამიტომაც, მაღალი ეფექტურობის გუნდის წევრები უფრო მეტ დროს უთმობენ არასამუშაო საკითხების განხილვას – იქნება ეს ოჯახი, წიგნები თუ სპორტი. ამასთანავე, ისინი თავიანთ კოლეგებთან ერთად ყავის, ჩაის ან ალკოჰოლური სასმელების დასალევადაც მიდიან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუდმივად მუშაობა ეფექტურობას არ გულისხმობს. პირიქით, საჭიროა მეტი გულწრფელი კომუნიკაცია, რაც მჭიდრო მეგობრობისა და უკეთესი გუნდური მუშაობის საწინდარია.

მაღალი წარმადობის გუნდებში მეტად გამოხატავენ მადლიერებას

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კომუნიკაცია პროდუქტიულობას ზრდის არის შემდეგი: ის გვაგრძნობინებს დაფასებას და პატივისცემას მათგან, ვისი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, აღიარება ხშირად უფრო მძლავრი მამოძრავებელი ძალაა, ვიდრე ფულადი სტიმული.

კვლევის ფარგლებში მაღალი ეფექტურობის გუნდების წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მეტად იღებენ აღიარებას – როგორც კოლეგებისგან (72%-ით მეტი), ისე მათი მენეჯერებისგან (79%-ით მეტი). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისინი უფრო მეტად გამოხატავენ მადლიერებას კოლეგების მიმართ. ამრიგად, მადლიერება უწყვეტი ბრუნვაა, რომელიც ერთიდან მეორეს გადაეცემა. ეს არის კულტურული ნორმა, რომელიც დაცულია კოლეგათა შორის ურთიერთობაში.

მაღალი წარმადობის გუნდები მეტად ავთენტურები არიან

კვლევის ფარგლებში მაღალი წარმადობის გუნდები კოლეგების მიმართ პოზიტიურ ემოციებს ხშირად გამოხატავდნენ. მათ განაცხადეს, რომ ისინი მეტად ხუმრობენ, აცინებენ თანაგუნდელებს და ერთმანეთს კომპლიმენტებით ანებივრებენ. ეს არა მხოლოდ ვერბალურ კომუნიკაციაში, არამედ შეტყობინებებშიც გამოიხატება – თუნდაც ემოჯით და გიფებით.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ ისინი სამსახურში მეტად გამოხატავენ უარყოფით ემოციებს – ძირითადად, გინების და სარკაზმის სახით. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, უარყოფითი ემოციების გამოხატვა რატომ მოქმედებს დადებითად? ეს იმიტომ ხდება, რომ ნეგატიური ემოციების გამოხატვის ალტერნატივა (დათრგუნვა და ჩახშობა) გაცილებით მძიმე შედეგების მომტანია. პირდაპირობა და ღიაობა კი მეტ სიახლოვეს ამკვიდრებს კოლეგებს შორის.

გარდა ამისა, ავთენტურობა აუმჯობესებს გუნდის მუშაობას. ასეთ გარემოში გუნდის წევრები ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას განიცდიან, რათა ღიად გამოხატონ ემოციების სრული სპექტრი.

გახსოვდეთ, თანაგუნდელებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება ძვირი და შრომატევადი არ უნდა იყოს… არამედ, საჭიროა, მარტივი, ფაქტებზე დაფუძნებული ტექნიკის გამოყენება – მეტი კომუნიკაციის, პროდუქტიულობისა და მეგობრობისთვის.

წყარო: HBR



ტრანსფორმაცია რითეილ სექტორში – გალერია თბილისი ლოიალობის აპლიკაციას ნერგავს

MUA – Architecture & Placemaking-ის მართვის ახალი მოდელი და ასოცირებული პარტნიორები