in

5 რამ, რაც Apple-მა ღონისძიებაზე არ გვითხრა

veon
veon

ბევრი ვისაუბრეთ Apple-ის Glowtime-ის ღონისძიებაზე, სიახლეებიც განვიხილეთ და ამასობაში ისიც გავიგეთ, რომ FDA-ისგან ნებართვა მიიღეს და Airpods Pro-ს სმენის აპარატის მსგავსად გამოიყენებენ. თუმცა, როგორც ჩანს, Apple-ს ჩვენთვის რაღაცები უთქმელი დარჩა — ზოგიც კარგია, ზოგიც ცუდი, თუმცა საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვინც ეფლის ახალი მოწყობილობების ყიდვას აპირებს:

ბარათის ჩასადებისგან განსხვავებით, FineWoven-ის ქეისებს აღარ გამოუშვებენ

ღონისძიებამდე გავრცელდა ხმები, რომ, თითქოს, Apple-ს არ მოსწონდა მომხმარებლები თავისივე FineWoven აქსესუარებით უკმაყოფილოები რომ იყვნენ. ამიტომ, პრობლემას ნაწილობრივ აგვარებენ — ღონისძიებაზე კი არაფერი უთქვამთ, მაგრამ FineWoven-ის ქეისები Apple Store-ში აღარ შეგვხვდება. თუმცა ბარათების ჩასადები კვლავ ხელმისაწვდომია. ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ქეისი საკმაოდ ძვირი ღირდა, მალე ფუჭდებოდა, რითაც კიდევ უფრო მეტ აგრესიას იწვევდა მომხმარებლებში.

აღსანიშნავია, რომ FineWoven-ის ტელეფონის ჩასადები არც ახალი, ეკომეგობრული მასალით ჩაუნაცვლებიათ — კომპანია მხოლოდ ეფლის ბრენდირებულ გამჭვირვალე და სილიკონის ქეისებს გვთავაზობს iPhones-ებისთვის…

საიდუმლოება, რომელიც iPhone 16-ის ბატარეის ირგვლივ ტრიალებს

მართალია, ღონისძიებაზე თქვეს, რომ ახალ მოწყობილობებს გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობა ექნებოდა, მაგრამ ზუსტი დეტალები ამის შესახებ არ გაუმხელიათ. ეს, ცოტა მოგვიანებით, ეფლის მოწყობილობების სპეციფიკაციებში ვნახეთ — ბატარეის ხანგრძლივობა 15%-ით გაუმჯობესდა! 

AirPods Max კვლავ არ გვთავაზობს Lossless Audio-ს მხარდაჭერას

ვერ ვიტყვით, რომ AirPods Max სრულად განაახლეს, უბრალოდ ახალი ფერები და რამდენიმე პროგრამული განახლება შემოგვთავაზეს. ამასთან, Lightning პორტი მეტად უნივერსალურ, ევროკავშირისთვის მისაღებ USB-C პორტად აქციეს. მართალია, პირველად 4 წლის წინ შემოგვთავაზეს, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებების მომსწრე მაინც არ გავმხდარვართ. ყველაზე მეტს კი Apple Music Lossless-ის მხარდაჭერის არქონაზე საუბრობენ, რამაც მომხმარებლები იმედგაცრუებული დატოვა.

თუმცა ყურსასმენების ბალიშები ახალ ფერებში შეგიძლიათ იყიდოთ

თუ AirPods Max-ის ძველი ვერსია გაქვთ და განახლება გსურთ, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს, მისთვის ბალიშების შერჩევას შემდეგ ფერებში შეძლებთ: ლურჯი, იასამნისფერი, სტაფილოსფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი. 69$ ღირს, რაც ცოტაც არ არის, მაგრამ 549-დოლარიანი ყურსასმენის ახლით ჩანაცვლების ალტერნატივად ნამდვილად გამოდგება.

iPhone 16-სა და 16 Pro-ში რაღაცას გვიმალავენ

ცუდი ამბავი ის არის, რომ iPhone 16 და 16 Plus კვლავ არ გვთავაზობს ProMotion-ისა და Always-On-ის მხარდაჭერას, რაც ეკრანის 60 ჰერცამდე შეზღუდვას ნიშნავს, როცა დღეს საშუალო დონის ანდროიდები 120-ჰერციან დისპლეის გვთავაზობს…

კარგი კი ის არის, რომ ყველა ახალი მოდელი, იქნება ეს iPhone 16, iPhone 16 Plus, iPhone 16 Pro თუ iPhone 16 Pro Max, 1 ნიტ მინიმალურ სიკაშკაშეს დაუჭერს მხარს. აღნიშნული სიახლე ბატარეის ხანგრძლივობაზეც დადებითად აისახება და ტელეფონსაც მარტივად გამოსაყენებელს გახდის სრულ სიბნელეში.

20 წელში ექსტრემალური ამინდი კაცობრიობის 70%-ზე იმოქმედებს! — კვლევა

რა ჩავიცვა? — Zalando მეტროს დრამას გვაზიარებს