in

5 რჩევა ეფექტური რეზიუმეს შესადგენად

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ჩვენგანს საერთო გამოწვევა გვაქვს – შევქმნათ რეზიუმე, რომელიც სასურველი სამსახურის მიღებაში დაგვეხმარება.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ კომპანიის HR მენეჯერი დღის განმავლობაში ასობით რეზიუმეს ეცნობა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომლითაც დამსაქმებლის ყურადღებას მივიპყრობთ და იქნება საგზური პირველი გასაუბრებისთვის.

რეზიუმე, იგივე CV ფორმა, რამდენიმე აუცილებელ კომპონენტს მოიცავს, ესენია:

საკონტაქტო ინფორმაცია;
განათლება;
სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი გრაფა ტრენინგებისთვის, სერტიფიკატებისა და სემინარებისთვის.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი რეზიუმე აქციოთ უფრო თვალშისაცემ და დასამახსოვრებელ დოკუმენტად.

1. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს ერთხელ შექმნა და მისი მუდმივად, უცვლელ ფორმაში გამოყენება, არ გამოგადგებათ. CV ფორმა უნდა ადაპტირდეს იმ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად, სადაც მის გაგზავნას აპირებთ.

ასევე, მუდმივად განაახლეთ ინფორმაცია. თუ გაქვთ სიახლეები კარიერაში, აკადემიური მიღწევები ან ახალი საქმე წამოიწყეთ, აუცილებლად მიუთითეთ იგი თქვენს რეზიუმეში.

2. თუ თქვენი პროფესია და საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, სადაც ნამუშევრების წარდგენა შეგიძლიათ, აუცილებლად შექმენით პირადი პორტფოლიო და დაურთეთ იგი თქვენს რეზიუმეს. მაგალითად, თუ ქმნით დიზაინს, წერთ ან ქმნით კონტენტს სხვადასხვა მიმართულებით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ – შექმნათ პორტფოლიო.

ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ ერთი მხრივ თქვენ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში, მეორე მხრივ კი დამსაქმებელი ან HR მენეჯერი უკეთ შეძლებს თქვენი შესაძლებლობების და უნარების შეფასებას.

3. თუ გრაფიკული პროგრამების ცოდნით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნით, ეცადეთ მათი გამოყენებით CV შექმნას და შეცდომების დაშვებას თავი აარიდოთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ Word დოკუმენტში რეზიუმე არავითარ შემთხვევაში არ შეადგინოთ.

უკეთესი შედეგებისთვის, გამოიყენეთ რეზიუმეს შემქმნელი ონლაინ პლატფორმები, სადაც უამრავ ფასიან თუ უფასო შაბლონს შეხვდებით, სხვადასხვა დიზაინითა და ფორმატით. ეს პლატფორმები საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ რეზიუმეს როგორც ტექსტური, ისე ვიზუალური მხარე.

რეზიუმეს შესაქმნელ პლატფორმებზე მოცემული შაბლონები განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებსა და გემოვნებაზე მორგებული ფორმატი.

რეზიუმეს შესაქმნელი პლატფორმები დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი CV ვიზუალურად ეფექტური და თავი აარიდოთ თვალსაჩინო გრაფიკულ შეცდომებს.

4. გამოიყენეთ ფერები. ნუ გახდით რეზიუმეს მკრთალსა და უფერულს მხოლოდ შავ-თეთრი ტონალობების გამოყენებით. არსებობს მოსაზრება, რომ ფერების გამოყენება თქვენს პროფესიონალიზმს დაჩრდილავს, რაც არ არის მართალი. პირიქით, ფერები, როგორც წესი, კარგად გამოხატავენ ადამიანის გემოვნებას და შეხედულებებს. ასევე, არსებობს ფერების ფსიქოლოგიის თეორია, რომლის მიხედვითაც თითოეული ფერს განსაკუთრებული დატვირთა აქვს და ადამიანში განსხვავებულ განწყობებს წარმოშობს.

თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა გადატვირთოთ ზედმეტად თვალისმომჭრელი ფერებით. სასურველია, გამოიყენოთ ერთი დინამიური ფერი.

ასევე, უნდა დარწმუნდეთ, რომ რეზიუმეს დიზაინი არ მოიცავს ზედმეტ თეთრ სივრცეს. გადამეტებულმა სიცარიელემ შეიძლება თქვენი რეზიუმე მშრალად და უინტერესოდ წარმოაჩინოს.

5. ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ნაცვლად იმისა, რომ ჩამოთვალოთ თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობები გამოცდილების განყოფილებაში, შეარჩიეთ თქვენი სამი ან ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თქვენს მიერ შესრულებულ თითოეულ როლში. სადაც ეს შესაძლებელია, გამოიყენეთ ციფრები, რომლებიც ზომავს თქვენს წარმატებას ამ კონკრეტული მიღწევისთვის. ეცადეთ, ნათლად და ლოგიკურად წარმოაჩინოთ თქვენი კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და კომპეტენცია.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ცალკეული “მიღწევების” ან “უნარების” სექცია. რათა განსაკუთრებით გამოკვეთოთ მიღწევები თქვენს განათლებაში, კარიერაში, მოხალისეობრივ საქმიანობაში ან სხვა გამოცდილებებში.

როგორც ხედავთ, ეფექტური CV შექმნა უამრავი დეტალის გათვალისწინებას გულისხმობს. თუმცა, ამ საქმისთვის დროის დათმობა ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა, რადგან CV არის პირველი კომუნიკაცია თქვენს პოტენციურ დამსაქმებელთან, რამაც პირად ინტერვიუმდე უნდა გაგიკვალოთ გზა.

წარმატებებს გისურვებთ!

 

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი, უფრო მარტივი, მოქნილი და თანამედროვე ვებგვერდი აქვს

კითხვები, რასაც პროფესიონალი ხელმძღვანელები ოფისში დაბრუნებულ თანამშრომლებს დაუსვემენ