მონოტონურობა კომპანიის კულტურის მტერია და კლავს თანამშრომლების მოტივაციას, საქმე აკეთონ სიამოვნებით. ამიტომ, გარდა იმისა, რომ მენეჯერებმა უნდა შეძლონ საქმის სწორად გადანაწილება და შესაბამისი უკუკავშირის ქონა თანამშრომლებთან, მათ, ასევე, უნდა შეძლონ კარგი ატმოსფეროს შექმნა.
ყველა ლიდერს აქვს შესაძლებლობა, მოიფიქროს გზები, რითაც თანამშრომლებს დაარწმუნებს, რომ ისინი სწორ ადგილას არიან და საუკეთესო კომპანიაში მუშაობენ. Creative Niche-ს დამფუძნებელი, მენდი გილბერტი გვიზიარებს 5 რჩევას: ორშაბათები თავისუფალი სტილით
დღის განმავლობაში მიღებული სამსახურებრივი გამოწვევები, დაბრკოლებები, შესაძლოა, კიდევ უფრო ძნელად გადასალახი აღმოჩნდეს პიჯაკსა და კლასიკურ შარვალში, ჰალსტუხსა თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. მიეცი თანამშრომლებს საშუალება, კვირაში ერთი დღე, ჩაიცვან ისე, როგორც მათ სურთ. დრესკოდისგან გათავისუფლება პოზიტიურად იმოქმედებს მათზე და რეალურად, თანამშრომელი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს, ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება.
ყავის სმის კულტურა
კვირაში ერთხელ, მთელი გუნდი ან სხვადასხვა დეპარტამენტი შეკრიბე ყავის სმისთვის კომპანიაშვე ან ყველაზე ახლომდებარე კაფეში. დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში, არაფორმალურ გარემოში ყოფნა ენერგიის აღდგენისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. პლუს, ადგილობრივ ბიზნესსაც წაახალისებ.
სავალდებულო შეხვედრების შემცირება
ხშირად შეხვედრებზე უფრო ბევრ დროს ვხარჯავთ, ვიდრე თვითონ საქმის გაკეთებაზე. აბა, დაფიქრდი! ნუთუ, საჭიროა მარკეტინგის დეპარტამენტთან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეხვედრა? კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, კონკრეტულად ერთი დღის გამოთავისუფლება, თუმცა, გამოსავალი არის მოქნილი ცხრილის გაკეთება. თვის დასაწყისში, თითოეულ თანამშრომელს მიეცი საშუალება, აირჩიოს ერთი დღე კალენდარში.
ტექნიკისგან დროებითი გათავისუფლება
ყოველ შუადღეს, 2 საათამდე, სირენა ირთვება ჩემს სამსახურში ნიშნად იმისა, რომ 30 წუთის განმავლობაში, არავის შეეძლება ტელეფონის, კომპიუტერის, აიპედის, ყურსასმენების და ა.შ. გამოყენება. გამონაკლისები კი, არ არსებობენ.
ეს ის შემთხვევაა, როცა თანამშრომლები გარეთ გადიან, კითხულობენ, საუბრობენ, თამაშობენ. ეს არის ცოცხალი პროცესი და ინიციატივა იქცა ჩვენი კომპანიის კულტურად, რომლითაც ხაზს ვუსვამთ, რომ ვაფასებთ ურთიერთობებსა და მზრუნველობას. ჩვენი კულტურის ეს ნაწილი ზრდის პროდუქტიულობას და თანამშრომელი ახალი ენერგიით დამუხტული უბრუნდება სამუშაო მაგიდას.
მურალი კედლებზე
კლიენტის ოფისში დავინახე გიგანტური ფერადი კედელი და ჩემს კითხვაზე, რას ემსახურებოდა ეს გვერდი, მითხრეს, რომ ამით გუნდის წევრებს საშუალებას აძლევდნენ, ეხატათ, გაეფერადებინათ და შეემცირებინათ სტრესი. იდეა მომეწონა და ვიფიქრე, რომ ჩვენს ღირებულებებს, თანამშრომელთა ზრუნვის კუთხით, სწორად წარმოაჩენდა ამ ინიციატივის დანერგვაც. დავიწყეთ მარტივად – თეთრი ფურცლებით, ფლომასტერებით, პასტელებით, ფანქრებით ხატვა.
წყარო: inc