სამსახურს სად ან როგორ ეძებთ ხოლმე? იყო დრო, ვაკანსიებს, ძირითადად, შესაბამის ვებგვერდებზე ვეცნობოდით, შემდეგ ამ პროცესმა სოციალურ ქსელებში გადმოინაცვლა. ყველაზე დიდი აქტიურობა მაინც Facebook-ზე შეინიშნება, სადაც დასაქმების მსურველებიც გვხვდებიან და დამსაქმებლებიც. ამ ყველაფრის პარალელურად კი, არსებობს LinkedIn, რომლითაც სამსახურის მაძიებელთა სიჭარბის მიუხედავად, ჯერაც ნაკლებადაა დაფასებული. არადა, LinkedIn კარიერული განვითარების მსურველებისთვის შესანიშნავი გარემოა – წარმოიდგინეთ, არამხოლოდ პოზიციონირებთ თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისად, არამედ გარშემო ვიკრებთ ჩვენთვის საინტერესო სპეციალისტებს, ვიღებთ და ვუზიარებთ ინფორმაციას, გამოცდილებას და ალბათ, ყველაზე მთავარი – LinkedIn კარიერული წინსვლისთვის ეფექტური საშუალებაა. რეგულარულად ცხადდება ვაკანსიები არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საერთაშორისო კომპანიიდან (მათ შორის, დისტანციურად) და სრულიად მოულოდნელად, შეიძლება ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება მიიღოთ და ეს კარიერული წინსვლის წინაპირობად იქცეს. თუკი თქვენც მათ რიცხვში ხართ, ვინც LinkedIn-ს „ჯერ კიდევ, ვერაფერი გაუგო“, ვიმედოვნებთ, ეს სტატია და Headvice-ის თანადამფუძნებლის, ნიკა ზირაქაშვილის რჩევები დაგეხმარებათ.
M: ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ LinkedIn-ის ანგარიში საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს და არაერთმა მათგანმა კარიერა ადგილობრივ თუ საერთაშორისო წამყვან კომპანიაში განაგრძო, საზოგადოების ნაწილისთვის მაინც დგას კითხვა – რატომ უნდა გვქონდეს LinkedIn-ის ექაუნთი?
დღესდღეობით, Linkedin-ის პლატფორმა ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა დამსაქმებლისა და პოტენციური კანდიდატის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. პოსტ-პანდემიურ პერიოდში, როდესაც შესაბამისი კანდიდატების მძიმე კრიზისია ბაზარზე, LinkedIn-ის არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამას ემატება ქვეყნიდან ძლიერი სამუშაო ძალის აქტიური გადინება, რის შედეგადაც, დამსაქმებლებს სულ უფრო უჭირთ მათთვის შესაბამისი კანდიდატების მოძიება. დასაქმების მაძიებლისთვის კი სწორად აწყობილი LinkedIn ექაუნთი მთავარი შესაძლებლობაა, რათა შესაბამისმა დამსაქმებელმა სწორედ მას მიაგნოს და საბოლოოდ, მისთვის სასურველ ორგანიზაციაში დაიკავოს ადგილი.
M: ყველაზე მეტად, რა მიმართულების სპეციალისტებს სჭირდებათ ეს სოციალური ქსელი კარიერული წინსვლისთვის?
საქართველოში LinkedIn განსაკუთრებით პოპულარულია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებში, ბიზნეს კონსულტანტებში და სხვა ისეთ ადამიანებში, რომლებსაც რაღაც შეუქმნიათ და ამით ამაყობენ. სინამდვილეში კი, ვფიქრობ, LinkedIn უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დამწყებ თუ გამოცდილ ადამიანს, როგორც ერთგვარი ბიოგრაფია და სავიზიტო ბარათი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია წარმოდგენა შეგვექმნას მასზე და ამავდროულად, მარტივად დავუკავშირდეთ.
რატომ არ შეიძლება, Linkedin-ზე ვიპოვოთ საჭირო ხელოსანი, მიმტანი, მზარეული, მსახიობი, დეკორატორი ან თუნდაც ექიმი?
რეალურად, ყველა ამ და სხვა პროფესიის წარმომადგენელი შეიძლება იყოს LinkedIn-ის მომხმარებელი და მარტივად მიაწოდოს საკუთარ თავზე ინფორმაცია პოტენციურ კლიენტსა თუ დამსაქმებელს, თუმცა ამ ეტაპზე, ნაკლებად თვალსაჩინოა მსგავსი ტენდენცია.
M: რა შესაძლებლობები შეიძლება აღმოვაჩინოთ ლინკდინზე?
Linkedin არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმების მაძიებლებს. დამსაქმებლისთვის მთავარი შესაძლებლობა ის ფილტრებია, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ მაქსიმალურად შესაბამისი კანდიდატები შეარჩიონ კონკრეტული პოზიციისთვის.
ეს პლატფორმა კერძო პირებისა და დასაქმების მაძიებლებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია. პირველ რიგში, ნებისმიერ რეგისტრირებულ ადამიანს შეუძლია თავად გააკეთოს განაცხადი მისთვის საინტერესო ვაკანსიაზე. გარდა ამისა, ყველას აქვს შესაძლებლობა გაააქტიუროს ფასიანი, პრემიუმ პაკეტი, რითიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება დამსაქმებლისთვის და ასევე, შესაძლებლობა ექნება გაიაროს მისთვის საინტერესო ონლაინ ტრენინგები, დამატებითი გადასახადების გარეშე.
სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, სადაც ჩვენი სურვილით ვაგზავნით რეზიუმეებს, აქ შესაძლებელია სრულიად შემთხვევით მივიღოთ ისეთი შემოთავაზება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით, მაშინაც კი, თუ არ ვართ სამსახურის აქტიური ძიების პროცესში.
ვფიქრობ, Linkedin-ის ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისი გლობალურობაა, რაც ნიშნავს იმას, რეგისტრაციის გავლის და პროფილის აწყობის შემდეგ, ვხდებით არა მხოლოდ ლოკალური კომპანიების, არამედ – გლობალური, ევროპული და ამერიკული გიგანტების ხედვის არეალში. ეს საშუალებას გვაძლევს დავსაქმდეთ, რომელიმე უცხოურ ორგანიზაციაში და სახლიდან ვაკეთოთ ჩვენი საქმე, დისტანციურად.
M: გვირჩიე, რა უნდა გავითვალისწინოთ LinkedIn-ზე ეფექტური ანგარიშის შექმნის დროს?
ანგარიშის შექმნის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია სრულყოფილად შევავსოთ ჩვენი პროფილი და მაქსიმალური ინფორმაცია მივუთითოთ ჩვენ შესახებ, რათა პირველ რიგში, ალგორითმმა შეძლოს ჩვენი ფილტრებში ჩასმა და შემდეგ, დამსაქმებელმა განსაზღვროს თუ რამდენად შესაფერისნი ვართ მათი ორგანიზაციისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ გასაგებად გვქონდეს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად ტელეფონის ნომერი, რათა მარტივი იყოს ჩვენთან დაკავშირება.
კარგი იქნება, თუ About სივრცეში შევავსებთ Summary-ს, იგივე შემაჯამებელ ველს, სადაც ჩვენ შესახებ ინფორმაცია თხრობით ფორმაში იწერება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ადამიანისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება, თუმცა აქვთ დიდი მოტივაცია, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დასაქმების პროცესში.
არაერთი ადამიანი LinkedIn-ზე რეგისტრირების შემდეგ, უყურადღებოდ ტოვებს მას. აუცილებელია, რომ მუდმივად შევამოწმოთ ჩვენი ექაუნთი, რათა არ გამოგვეპაროს საინტერესო შემოთავაზებები და მნიშნველოვანი სიახლეები.
იმის მიუხედავად, რომ ყველას გვსურს განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურებოდეს ჩვენი პროფილი და დამსაქმებელმაც არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩეროს, მისი შევსების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელნი, რათა არ შევქმნათ ცრუ მოლოდინი და თავიდან ავირიდოთ მომავალი გაუგებრობები. ჩვენს ექაუნთზე უნდა მივუთითოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სრულად შეესაბამება რეალობას.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი