in

5 რჩევა, როცა მოზარდი მენტალურ სირთულეებს აწყდება

M2
M2

იცოდით, რომ მოზარდების დაახლოებით 50% მენტალურ პრობლემებს განიცდის? მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერებს ავტონომიურობა სურთ, პრეფრონტალური ქერქი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც მართავს ჯანსაღ აზროვნებასა და იმპულსებს, 25 წლამდე განაგრძობს განვითარებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც უნდა დიდები ჩანდნენ ისინი, მაინც სჭირდებათ კრიზისების მართვასა და ემოციების რეგულირებაში ზრდასრულთა დახმარება.

დიახ, თინეიჯერები ხშირად ებრძვიან შფოთვასა და დეპრესიას, მაგრამ როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები მათ? როგორ უნდა აგრძნობინონ შვილებს, რომ უსმენენ და როგორ უნდა დაუჭირონ მათ მხარი წინსვლაში? ამისთვის ეფექტური გზები არსებობს, რაც საკუთარი ემოციების მართვაზე მუშაობას, სწორი კითხვების დასმასა და იმ დახმარების აღმოჩენას მოიცავს, რომელიც მათ სჭირდებათ. ახლა კი მოდით, განვიხილოთ ფსიქოლოგების 5 რჩევა მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. 

ივარჯიშეთ, რათა იყოთ კეთილი და არ განსაჯოთ 

იმისათვის, რომ თქვენი თინეიჯერი შვილი რთულ პერიოდებში უფრო გაიხსნას თქვენთან, მის მიმართ ჩვეულებრივ მომენტებში ღია და თბილი უნდა იყოთ. საკუთარ თავს ისიც უნდა შეახსენოთ, რომ სტრესი მოზარდობის ნაწილია, მათი მხარდაჭერა კი სწორედ სტრესის ნორმალიზებით შეგიძლიათ. 

ნუ მოაგვარებთ შვილების პრობლემებს 

თქვენი საქმე შვილის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება საერთოდ არ არის. ამის გამოცდა, შეცდომებისა და მარცხისგან სწავლა, შესაძლოა, ფარულ სასწავლო გეგმად განვიხილოთ, რომლებიც მოზარდებს განვითარებასა და საკუთარი ცხოვრების მიზნის პოვნაში ეხმარება. გამოდის, მას დაგვიანებული დავალების დაწერაში კი არ უნდა დაეხმაროთ, არამედ მისი მენეჯმენტის უფრო დახვეწილი მოდელის შექმნაზე იზრუნოთ. ეს შეიძლება მოიცავდეს საუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება: ძილი და ვარჯიში.

მიეცით იმედი

თუ მოზარდი ებრძვის ისეთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც საშუალო სტრესის დონეს აღემატება, როგორიცაა, მაგალითად დეპრესია ან შფოთვა, უთხარით მას, რომ ეს არ არის მუდმივი და უკეთესად ყოფნა შესაძლებელია.

დეპრესიის სინდრომები არ განსაზღვრავს, თუ ვინ ხართ თქვენ, ეს თქვენივე ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია. ძალისხმევის, შესაბამისი დაძლევის სტრატეგიებისა და სწორი მხარდაჭერის პოვნით კი მისი შეცვლა შესაძლებელია, — ამბობს ჯესიკა შლაიდერი, ფსიქოლოგი. 

ჰკითხეთ თვითდაზიანების აზრების შესახებ

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს რაღაც მსგავსი აღენიშნება და სუიციდური მიდრეკილებები აქვს, საუკეთესო გამოსავალი აქ ამის პირდაპირ კითხვა იქნება. ფსიქოლოგები მოგვიწოდებენ, რომ შევარჩიოთ სწორი დრო, რათა მივიპყროთ სრული ყურადღება, მოვიკრიბოთ ძალა და კითხვები პირდაპირ დავსვათ: რაღაცები ისე ცუდად მიდის, რომ სუიციდზე ფიქრობ?, ოდესმე გიფიქრია ისეთი რამის გაკეთებაზე, რითაც საკუთარ თავს ავნებდი? თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მზად ხართ პასუხის მოსასმენად. დიახ, უბრალოდ უნდა მოუსმინოთ — არ განსაჯოთ, არ ცადოთ რამის მოგვარება ან მითითება. ფსიქოლოგ დევიდ ჯოუბსის თქმით, თქვენ უნდა გადასცეთ მესიჯი, რომ მის გვერდით ხართ, იქნება ეს ფიზიკურად, ემოციურად, ტელეფონით თუ ტექსტის საშუალებით.

ხშირად, სანამ სუიციდური აზრები მწვავე არ გახდება, იქამდე არ განიხილება… ამ აზრებზე დასაწყისიდანვე ზრუნვა კი კარგი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა ეს იმით უნდა დაიწყოთ, რომ თქვენი შვილი რაღაცების გაზიარებისას თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობდეს. უნდა იყოთ პირველი, ვისაც იგი მიმართავს და მის აზრებზე გადამეტებული რეაქცია არ გქონდეთ, ამისთვის კარგი იქნება, თუ წინასწარ მოემზადებით. 

ჩვენ ყველას შეიძლება გაგვიჩნდეს ცუდი აზრები, მაგრამ ეს მხოლოდ აზრებია და ამაზე ერთად საუბარი შეგვიძლია, — ამბობს შლაიდერი.

დაეყრდენით კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომებს

შეგიძლიათ ისეთი ინსტრუმენტები გამოიყენოთ, როგორიცაა Stanley-Brown-ის გეგმა და შვილს მისთვის სასარგებლო ინფორმაციები გაუზიაროთ. ჯობსი იმ ფაქტორების გაგებას გირჩევთ, რომლებიც მოზარდს თვითმკვლელობაზე ფიქრს აიძულებს და მისთვის იმ ვარიანტების შეთავაზებას, რომლებიც არსებულ რისკებს შეამცირებს. მათ შორისაა ფსიქოთერაპიაც, რაც მას არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. 

არ აქვს მნიშვნელობა, რა პრობლემის წინაშე დგას მოზარდი, რომელიც გიყვართ, თქვენ შუქურის როლი გაკისრიათ, მას უნდა აგრძნობინოთ, რომ ყოველთვის მის გვერდით ხართ, რომ შეგიძლიათ მისი დახმარება, მაგრამ ამ პროცესში კაპიტანი მხოლოდ ის არის.

წყარო: Washington Post

პომიდორი პირდაპირ კოსმოსიდან — NASA-ს გეგმა

ნახეთ: გამხმარი ფოთლებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები