in

5 რჩევა წარმატებული პოდკასტის შესაქმნელად

პოდკასტებს რომ დიდი გავლენა აქვს, ამაზე აღარავინ დავობს. Google-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი უსმენს და უყურებს პოდკასტებს YouTube-ზე. ამიტომ გასაკვირი აღარ არის, რომ დღეს პოდკასტები აქვთ კომიკოსებს, სპორტსმენებს, ბრენდებს, დიასახლისებს და ყველას, ვისაც მოესურვება. თავის დროზე ნიშური აუდიოექსპერიმენტიდან პოდკასტის ფორმატი გადაიქცა ძლიერ ინსტრუმენტად, რომელიც აუდიტორიის ჩართულობასა და კომუნის შექმნას ემსახურება.

მარკეტერებისთვის ეს მხოლოდ მომხმარებლის ქცევის ცვლილება არ არის – ეს არის აუცილებლობა, რომ გადავიდნენ უფრო ავთენტურ, ვიზუალურ ნარატივზე, რომელიც ყურადღებას იპყრობს ფრაგმენტირებულ საინფორმაციო გარემოში.

  1. ბრენდიდან პიროვნებაზე გადანაცვლება

ადამიანები კომპანიებს არ იწერენ, ისინი აფოლოვებენ პერსონებს. წარმატებული პოდკასტების მთავარი საიდუმლო არის პიროვნულობა და არა დიდი ბიუჯეტი ან ტექნიკურად სრულყოფილი სტუდია. ბევრმა ბრენდირებულმა პოდკასტმა ვერ გაამართლა, რადგან ზედმეტად ფორმალური ჩანდა.

წარმატებისთვის საჭიროა, ბრენდი პოდკასტით არ ლაპარაკობდეს – არამედ ჰყავდეს ადამიანი ბრენდის სახელით. ლოგოს ნაცვლად უნდა გამოჩნდეს სახე, ტექსტის ნაცვლად – დიალოგი, ხოლო მაუწყებლობის ნაცვლად – კომუნა. მთავარი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რაც აუდიტორიას აინტერესებს და არა იმაზე, რისი თქმაც ბრენდს უნდა.

  1. ვიდეო, როგორც ჩართულობის ძლიერი ინსტრუმენტი

ვიდეოპოდკასტები სულ უფრო ახლო კავშირს ამყარებს აუდიტორიასთან – სხეულის ენა, მიმიკა და ვიზუალური ელემენტები კომუნიკაციას აძლიერებს. 2025 წლის ოქტომბერში მომხმარებლებმა 700 მილიონ საათზე მეტი გაატარეს ვიდეოპოდკასტის ყურებაში, რაც მნიშვნელოვნად მეტია წინა წელთან შედარებით.

აუცილებელია ვიზუალურ ფორმატზე ორიენტირებული სტრატეგიის შექმნა. ამისთვის არ გვჭირდება ძალიან მაღალი დონის და გაპრანჭული სტუდია, ხარისხიანი ვიდეოს ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონითაც. ეკრანზე მარტივი გრაფიკული ელემენტებიც კი მნიშვნელოვნად ზრდის ნდობასა და ბრენდის აღქმას. სასურველია სხვადასხვა ფორმატის ტესტირება: პირდაპირი მიმართვა, ტოკშოუს სტილი ან თავისუფალი საუბარი.

  1. მიკროკონტენტი

45-წუთიანი პოდკასტი ახალი მომხმარებლისთვის შეიძლება თავიდან არ იყოს საინტერესო, მაგრამ მოკლე, 30 ან 60-წამიანი ვიდეოები ბევრად მარტივად ვრცელდება და ზიარდება.

გრძელი ეპიზოდები უნდა იქცეს ძირითად მასალად, საიდანაც შეიქმნება მოკლე, ვერტიკალური და საინტერესო კლიპები YouTube Shorts-ისა და სოციალური ქსელებისთვის. ეს კლიპები ხელს უწყობს ახალი აუდიტორიის მოზიდვას და სრული ეპიზოდების ნახვას.

  1. ოპტიმიზაცია YouTube-ზე, ძიებისა და აღმოჩენისთვის

სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, YouTube-ს აქვს ძლიერი საძიებო და სარეკომენდაციო სისტემა, რომელიც ახალ აუდიტორიას მარტივად მიიყვანს კონტენტთან.

საჭიროა კონტენტის ოპტიმიზაცია: სათაურები, აღწერები და დროის ნიშნულები უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის ძიებებს. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ კრეატორებთან, რომლებიც უკვე გავლენიანები არიან კონკრეტულ თემატურ ჯგუფებში.

  1. ჩართულობის ანალიზი და შედეგების გაზომვა

პოდკასტმარკეტინგი აღარ არის მხოლოდ ცნობადობის გაზრდის ინსტრუმენტი. დღეს შესაძლებელია ზუსტად დადგინდეს, როგორ უკავშირდება პოდკასტის მოსმენა ვებსაიტის ვიზიტებს, ლიდების მიღებასა და გაყიდვებს.

საჭიროა აუდიტორიის ქცევის დეტალური ანალიზი. მაგალითად, როდის კარგავს მაყურებელი ინტერესს ან როდის იზრდება ჩართულობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია კონტენტის მუდმივი გაუმჯობესება.

ამ რჩევებს შეუძლია პოდკასტის განვითარებაში დაგეხმაროს, თუმცა აუდიტორიის პოვნა დროს მოითხოვს. მნიშვნელოვანია ყურადღებით დაკვირვება და იმის აღმოჩენა, სად იკვეთება ბრენდის ხმა მომხმარებლების ინტერესებთან.

წინანდლის მამულს ახალი სარელაქსაციო სივრცე – ზანდუკელის აბანო შეემატა

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა