in

5 სარეკლამო არხი, რომელზეც მომავლის მარკეტერებმა უნდა იფიქრონ

კარგი ბიზნესი კარგი მარკეტინგის გარეშე არ არსებობს. ეს ის ინდუსტრიაა, რომელიც მუდამ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მუდამ აქტუალურნი იქნებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები და მუდმივად ვიქნებით მომსწრენი, როგორ ვითარდება ეს სფერო წლებიდან წლებამდე. თუკი 10 წლის წინ სხვა მარკეტინგული არხები არსებობდა, რომლებსაც კომპანიები მომხმარებლების მოსაზიდად და პროდუქციის სარეკლამოდ იყენებდნენ, დღეს ყველაზე გავრცელებული მეთოდი ციფრული მარკეტინგია, თუმცა, როგორც მარკეტერები ამბობენ, არაციფრული სარეკლამო არხები მაინც ყოველთვის იქნება აქტუალური. 

წარმოგიდგენთ ხუთ სარეკლამო გზას, რომელზეც უნდა იფიქროთ, თუკი მარკეტერობა გსურთ, ახლა სწავლობთ ან დგამთ პირველ ნაბიჯებს. საქართველოში მომუშავე რამდენიმე მარკეტოლოგთან გასაუბრების შედეგად, ტოპხუთეული შევადგინეთ, რომელიც, როგორც ეს ადამიანები გვეუბნებიან ახლა და უახლოეს მომავალში ყველაზე აქტუალური და კარგად გამოყენებადი არხებია:

1. ვიდეომარკეტინგი

არაერთი მიზეზია, თუ რატომ ხვდება ვიდეომარკეტინგი ამ სიაში. მარკეტერების აზრით, ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა ამა თუ იმ პროდუქტისა თუ სერვისის საზოგადოებაში გასავრცელებლად. მას აქვს პოტენციალი იმ მხრივ, რომ ვიდეოს განთავსება შეიძლება როგორც ციფრულ სივრცეში, ისე ტრადიციულ მედიაში, ბილბორდებზე და სხვა. გარდა ამისა, მარკეტერები ამბობენ, რომ ვრცელი სარეკლამო ტექსტების კითხვა მომხმარებლებისთვის მოსაწყენია, თუმცა მოკლე ვიდეორგოლს, რომელშიც მთავარი სათქმელი დინამიკურადაა ჩასმული, დიდი ეფექტს ახდენს ადამიანებზე. გამომდინარე აქედან, ეს მიმართულება არის და დარჩება ერთ-ერთ გამორჩეულ სარეკლამო არხად.

2. VR ტექნოლოგია

თანამედროვე ტექნოლოგიები მარკეტინგისთვის ძალზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ამბის შუაგულში ჩააყენოს ადამიანი და ახლოს მიიყვანოს ამა თუ იმ ობიექტთან, პერსონაჟთან, თანამედროვე მარკეტერები ფიქრობენ, რომ მისი დანერგვა ერთ-ერთ სარეკლამო არხად ძალიან წარმატებული იქნება. VR ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია პერსონალური სარეკლამო გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის, რაც დიდ წარმატებას მოუტანს ამ სფეროს და ბრენდებს გაყიდვებში მეტად დაეხმარება.

3. ღონისძიებები

Facebook-სა და linkedin-ზე ხშირად გვხვდება ე.წ. ივენთები, რომლებიც რაღაცის პრეზენტაციაზე, პანელურ დისკუსიაზე, გამოფენა-გაყიდვასა და სხვა აქტივობაზე გვეპატიჟება. არაციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო გზად მარკეტერები სწორედ ამ ტიპის ღონისძიებებს მიიჩნევენ. როდესაც ბრენდი, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მართავს ამა თუ იმ ღონისძიებასა და საღამოს, იწვევს სპიკერებს, აუდიტორიას, რომელსაც ეს თემები აინტერესებს, მისი ცნობადობაც იზრდება და იმიჯზეც კარგად მოქმედებს. ამიტომ მარკეტერები მიიჩნევენ, რომ ეს მეთოდი აქტუალური იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

4. სპონსორობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც შეიძლება ბრენდის მარკეტინგულმა სამსახურმა დაგეგმოს, არის ამა თუ იმ ღონისძიების, პროექტის, კამპანიის, გადაცემისა თუ რუბრიკის სპონსორობა. ასეთ დროს მარკეტოლოგი სწორად არჩევს, ვის უნდა გაუწიოს სპონსორობა ბრენდმა და რატომ, ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ დასპონსორებულმა პროდუქტმა და მისმა შემქმნელებმა ხარისხიანად და შეთანხმებისამებრ გააკეთონ თავისი საქმე, რადგან ყველაფერი ეს სპონსორი ბრენდის იმიჯზე უნდა აისახოს და საზოგადოების ინტერესი, მომხმარებელში ცნობადობა გამოიწვიოს.

5. IoT მოწყობილობები

მომავლის მარკეტინგის კიდევ ერთ ხელსაწყოდ გეოლოკაციას მიიჩნევენ. ადგილობრივი მარკეტინგი, რა თქმა უნდა, არ არის ახალი კონცეფცია. უმსხვილესი გლობალური ბრენდებიც კი აღიარებენ თავიანთი მარკეტინგული შეტყობინებების ადგილობრივ დონეზე მორგების მნიშვნელობას. საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, ძალიან კარგად ემსახურებიან ბიზნესს ადგილობრივ რეგიონში, მიუხედავად იმისა, თქვენ ეძებთ ყავას თუ ახალ წყვილ ფეხსაცმელს, მაგრამ მარკეტერები წინასწარმეტყველებენ, გეოლოკაციის სერვისები რამდენჯერმე გაიზრდება. ახლა, როდესაც ყველას აქვს სმარტფონი, ბრენდებმა პოტენციურ კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ მარკეტინგული შეტყობინებებით, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ ისინი მათი მაღაზიიდან გარკვეულ მანძილზე არიან;  ან მომხმარებლებმა, რომლებიც სასურსათო მაღაზიასთან დგანან, მიიღონ შეტყობინება იმაზე, რომ მაგალითად, სახლში კვერცხი უთავდებათ. IoT მოწყობილობები იძლევა საშუალებას, რომ მარკეტინგი უფრო პერსონიზებული გახდეს. 

ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, რამდენიმე სამომავლო ხელსაწყოსაც გავუსვამთ ხაზს: კარგად განვითარებული ჩეტბოტები, საძიებო სისტემები, მობაილ მარკეტინგი, აპლიკაციები – ეს ყველაფერი შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიებად მოვიხსენიოთ და ვთქვათ, რომ ის ხელსაწყოებია, რომლებიც მარკეტერებს უკვე ეხმარება და ახლო მომავალშიც ძალიან დაეხმარება. ის, რომ როგორც ბრენდი, იძებნებოდეთ ინტერნეტში, არის და იქნება მნიშვნელოვანი თქვენი წარმატებისთვის, ამიტომ უნდა შეარჩიოთ მარკეტერი, რომელიც კარგად ფლობს სეო ოპტიმიზაციის ცოდნას. 

თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებს მოწინავე პოზიციები უკავიათ, მხოლოდ არაციფრული მარკეტინგის იმედად ვერცერთი ბიზნესი ვერ იქნება. ტექნოლოგია კი მრავალგვარია და იძლევა იმის ფართო არჩევანს, რომ სასურველი პროდუქტი შექმნათ და ისე არეკლამოთ თქვენი პროდუქტი. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა გამოწვევები დგას დღეს სადაზღვევო სფეროში და არის თუ არა საჭირო ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით?

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე – არ გადაუხვიო გზიდან