in

5 საშობაო ანიმაცია, რომლებიც ყველა შემოქმედმა უნდა ნახოს

შობის ანიმაციაში რაღაც განსაკუთრებულად მაგიური არსებობს. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ თოვლი იდეალურად ერგება სტოპმოუშენის ტაქტილურ სილამაზეს; ან იმიტომ, რომ სეზონის მთავარი თემები – ახლის დაწყება, სასწაულები – ზუსტად ემთხვევა ანიმაციის უნარს, შესაძლებელი გახადოს შეუძლებელი.

BOG
BOG

სამწუხაროდ, ამ ანიმაციებს ძირითადად წლის იმ პერიოდში ვუყურებთ, როცა ბავშვების ხმაურის, უფროსი ნათესავების უკმაყოფილო წუწუნისა და კარზე კაკუნის ფონზე, ხშირად გვეშლება ხელი, ბოლომდე შევიგრძნოთ მათი ნამდვილი გენია.

ამიტომ, თუნდაც ადრე გქონდეთ ნანახი, ამ შობა-ახალწელს, ეს 5 ანიმაციური ფილმი თავიდან ნახეთ, რათა შემოქმედებითი თხრობისთვის ისინი, ფაქტობრივად, მასტერკლასების ფუნქციას ასრულებს, მაგალითებია იმისა, თუ როგორ შეუძლია ანიმაციას მოძრაობის, ტექსტურისა და დიზაინის საშუალებით ღრმა ემოციის გადმოცემა.

თოვლის კაცი (The Snowman, 1982)

დაიან ჯექსონის The Snowman ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ექსპერიმენტად რჩება ანიმაციურ თხრობაში, რომელიც ოდესმე ტელევიზიით გაშვებულა. რეიმონდ ბრიგსის ილუსტრირებულ წიგნზე დაფუძნებული ეს ნამუშევარი, Channel 4-ის დაკვეთით, მთლიანად უარს ამბობს დიალოგზე და მთელ ნარატიულ ტვირთს მოძრაობას, მუსიკასა და ატმოსფეროს ანდობს.

The Snowman-ის ნამდვილი გენია მოკვდავობის გააზრებაშია. ბოლო კადრი – ბიჭი, რომელსაც შარფი უჭირავს დამდნარი თოვლის გუბესთან, სასიამოვნო სანახავი არ არის, თუმცა სწორედ ეს აძლიერებს მთელ გამოცდილებას. დასასრული კი ერთდროულად დასასრულიცაა და დასაწყისიც.

Mickey’s Christmas Carol, 1983

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ათწლეულების განმავლობაში უამრავ ბავშვს ართობდა, Mickey’s Christmas Carol არც ისე მარტივი ანიმაციაა. დიკენსის კლასიკური ნაწარმოების ეს 26-წუთიანი ადაპტაცია წარმოადგენს იმ იშვიათ შემთხვევას, როცა სტუდია საკუთარ მემკვიდრეობას უბრუნდება და ამავე დროს ტექნიკურ საზღვრებს აფართოებს.

ის ლაკონიური თხრობის საუკეთესო მაგალითია, რადგან 26 წუთი ცოტაა ასეთი კომპლექსური ისტორიისთვის, თუმცა მაყურებელი ვერ ამჩნევს, რომ რაიმე აჩქარებულია. ვიზუალი ისე მუშაობს, რომ წამებში გადმოსცემს უზარმაზარ ინფორმაციას: სკრუჯის სამუშაო ოთახი მაშინვე გვიჩვენებს მის ძუნწ ბუნებას; კრეჩიტების მოკრძალებული სახლი კი ოჯახის მდგომარეობაზე ყველაფერს ამბობს. ეს არის ვიზუალური თხრობა მის ყველაზე სუფთა ფორმაში.

The Nightmare Before Christmas, 1993

ტიმ ბერტონის ფანტაზიისა და დენი ელფმანის ეპიკური მუსიკის შერწყმით, The Nightmare Before Christmas-მა სტოპ-მოუშენის ანიმაციის ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. ჰელოუინის ქალაქის გოთიკურობიდან – საშობაო ქალაქამდე, ყოველი კადრი ვიზუალური ფანტაზიითაა მდიდარი.

გამორჩეულია პერსონაჟთა ანიმაციაც. ჯეკის ჩონჩხისეული აგებულება შეუძლებელ პლასტიკას ქმნის. სალის დაკერებული სხეული მის ისტორიას სიტყვებამდე ჰყვება. ხოლო უუგი ბუგის ტომარაში დამალული მწერები სინათლისა და მოძრაობის ოსტატური გამოყენებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

Tokyo Godfathers, 2003

ეს ტრაგიკომედია შესაძლოა ნაკლებად ცნობილია იაპონიის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შევიდეს ამ სიაში. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ანიმაციას დაკვირვებითი დეტალებით ემოციური სიმართლე შექმნას.

ტოკიო საოცარი სიზუსტითაა დახატული. ქალაქის გეოგრაფია: ცათამბჯენები, ნეონიანი ქუჩები, ვიწრო შესახვევები – ქმნის ავთენტურ ფონს სამი უსახლკარო ადამიანის ისტორიისთვის, რომლებიც შობის ღამეს მიტოვებულ ბავშვს პოულობენ. კეთილდღეობასა და ფარულ სიდუხჭირეს შორის ვიზუალური კონტრასტი საზოგადოების მიერ უგულებელყოფილ ადამიანებზე მიგვანიშნებს.

დიკენსის ტრადიციის მსგავსად, Tokyo Godfathers რთულ სოციალურ თემებს ეხება: უსახლკარობას, მარგინალიზაციას, ოჯახის დაშლას, თუმცა გასართობ ელემენტს არ კარგავს.

Robin Robin, 2021

ზემოთ დასახელებულთან შედარებით, ეს, შედარებით ახალი ანიმაციაა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვიზუალური ენა. თექა ბუნებრივ სითბოსა და ტექსტურას ქმნის და კონტრასტი თხრობით იარაღად იქცევა. 

როგორც მიუზიკლი, Robin Robin უპრეცედენტო ქორეოგრაფიასაც მოითხოვდა. ყოველი მოძრაობა მუსიკალურ რიტმს ემთხვევა, შემთხვევითი ქმედებებიც კი მუსიკალურ ბიტებზე ხვდება. შედეგად, მიიღეს ანიმაცია, რომელიც „ცეკვავს”.

რადგანაც საშობაოდ ბევრი კრეატორი ეძებს შთაგონებას, უკვე ცნობილი შემოქმედები გვირჩევენ, ამ ანიმაციებს გადავხედოთ, რათა მეტი ინსპირაცია მივიღოთ ჩვენი, თემატურად შესაბამისი კონტენტისა თუ კამპანიებისთვის.

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

როგორია ახალი წელი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის? — ამას პოსტერებიდან გაიგებთ