20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა — აღვნიშნავთ იმას, რისკენაც მთელი კაცობრიობა მიისწრაფვის… მართალია, ბედნიერებად ყველა ადამიანს სხვადასხვა რამ გვესახება, მაგრამ მაინც არსებობს ის საერთო იდეა, რომლის ირგვლივაც ეს განსხვავებული შეხედულებები, სურვილები ტრიალებს. ამიტომაცაა, რომ 2013 წლიდან გაერო ამ დღეს აღნიშნავს.
მარკეტინგის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ხშირად ამბობენ, რომ აუდიტორიის მოსაზიდად, კონტენტი ან ბედნიერებას/სიხარულს უნდა აღძრავდეს ან ბრაზს. ცხადია, პირველი მათგანი უფრო რელევანტურია, რადგან სწორედ ბედნიერება გვიზიდავს ყველაზე მეტად — როცა რაღაც გვიხარია, მასზე „დამოკიდებულიც“ კი ვხდებით, რადგან მის გარეშე ნაკლებ ემოციას განვიცდით. სწორედ ამ ხედვას იყენებს არაერთი კომპანია…
სიხარულის მარკეტინგი
ეს ტერმინი იმ კამპანიების აღსაწერად გამოიყენება, რომლებიც კონკრეტულ ემოციურ პასუხს იწვევს: სიხარულს. სენტიმენტალური რეკლამებით დაწყებული, ინსპირაციული ციტატებით დასრულებული, ეს მიდგომა ბრენდებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მომხმარებლებს უფრო ღრმა, მნიშვნელოვან დონეზე დაუკავშირდნენ.
ამგვარი მარკეტინგის, როგორც გაყიდვების გაზრდის ინსტრუმენტად გამოყენების კონცეფციამ, სწრაფად მოიპოვა გავლენა. ConAgra’s Reddi-wip-ის კვლევის მიხედვითაც კი დადასტურდა, რომ ამერიკელთა 93% ცდილობს, ცხოვრებაში მეტი სიხარული განიცადოს.
სტატიაში კი ამ იდეის ირგვლივ შექმნილ კამპანიებს წარმოგიდგენთ.
Coca-Cola: I’d Like to Buy the World a Coke
მიუხედავად იმისა, რომ სიხარულის მარკეტინგი შედარებით ახალი ტერმინია, კონცეფცია დიდი ხანია, არსებობს. ფაქტობრივად, ეს სასიამოვნო განცდა 1971 წლიდან გამოჩნდა, როდესაც Coca-Cola-მ საკულტო რეკლამა გამოუშვა.
„კოკა-კოლას ბოთლი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი. ეს არის მცირეოდენი „საერთოობა“ ყველა ადამიანს შორის, საყოველთაოდ აღიარებული ფორმულა. ყურში სიმღერადაც კი ჩამესმოდა, როგორ მოეპყრობოდნენ ბრენდს, პიროვნება რომ ყოფილიყო“, — ამბობდა კამპანიის ავტორი, ბილ ბეკერი.
Coca-Cola Happiness — „Choose Happiness“
ჰო, კოკა-კოლა ორჯერ უნდა ვახსენოთ, რაც ზოგადად მის იდენტობისგან გამომდინარეობს — ბრენდი ხომ მუდმივად ბედნიერებაზეა ორიენტირებული. ქვემოთ მოცემულ რეკლამაში ის პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის, ცხოვრების ყველა ეტაპსა და მდგომარეობაში ბედნიერება ავირჩიოთ… ალბათ, ეს მართლაც ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
Johnnie Walker — Joy Will Take You Further
ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც სიხარულის მეცნიერებას სწავლობს, შოტლანდიური ვისკის ბრენდი, Johnnie Walker-ია. მან ადამიანის ბედნიერების შესწავლაზე ფოკუსირებული ფსიქოლოგი მეტ კილინგსვორთიც კი მოიწვია — მისი დახმარებით შექმნეს კამპანია, რომელშიც სიხარულის ცნება პროგრესის გასაღებადაა წარმოჩენილი.
Oakworth Station — Gucci x The North Face — Francis Bourgeois
ფრენსის ბურჟუასთან თანამშრომლობით, Gucci-მ პოზიტიურობასა და ოპტიმიზმზე ორიენტირებული კამპანია შემოგვთავაზა. ვიდეორგოლში ვხედავთ უდარდელ სიხარულს, დაუოკებელ სიყვარულსა და სილაღეს. როგორც ავტორები აღნიშნავენ, იმის კეთება, რაც გვიყვარს, უზომო ბედნიერების მომტანია — ბრენდი კი ამ პათოსს მომხმარებელთა შთაგონებისთვის იყენებს.
For all life’s moments — John Lewis & Partners
რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი ჯონ ლუისის გარეშე ვერ ჩაივლიდა… ის ხომ მუდამ ბედნიერებაზე აკეთებს აქცენტს, სხვადასხვა ფორმით, იდეით თუ სიუჟეტით. სულ რაღაც 6 თვის წინ კი ისეთ მომენტებს მოუყარა თავი, რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად დაღლისა, უძილობისა და ბევრი პრობლემისა. ბედნიერება ხომ სწორედ მცირე დეტალების ერთობლიობაა და არა უბრალოდ ერთი დიდი მოცემულობა.
ავტორი: ქეთია ბელქანია