in

5 საუკეთესო მანქანა მოგზაურობის მოყვარულებისთვის

ზაფხულის სეზონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დასვენებასა თუ მოგზაურობას გეგმავს. საკუთარი მანქანით გადაადგილებას ამ დროს არაფერი ჯობს: არ ხარ დამოკიდებული არაფერზე; როცა გინდა, გააჩერებ; ჩართავ ისეთ მუსიკას, როგორიც მოგწონს და ა.შ. მოგზაურობისთვის დაგჭირდებათ მანქანა, რომელიც კომფორტულად და უსაფრთხოდ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. ამ ორი მოთხოვნის გარდა მანქანას უნდა ჰქონდეს კარგი ტევადობა ბარგისთვის და თუ ოჯახთან ერთად მივდივართ, სალონიც ფართო უნდა იყოს. შორ მანძილზე მგზავრობა დამღლელი პროცესია, ამიტომ ავტომობილმა მაქსიმალურად უნდა შეგვიწყოს ხელი.

ჩვენ თვალი გადავავლეთ მსოფლიო ტრენდებს და შევარჩიეთ ბოლო დროის 5 ავტომობილი, რომელიც, როგორც ავტოექსპერტები გვეუბნებიან, სასიამოვნოდ მოგატარებთ სასურველ ლოკაციებს.

Audi e-tron Sportback

ეს ელექტრომობილი SUV-ის ზომასა და სივრცეს გთავაზობთ. ის არის 4-კარიანი კუპე თანამედროვე სილუეტით. ისევე, როგორც Audi-ის სხვა e-tron EV მოდელების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დადასტურებულ უსაფრთხოების ტექნოლოგიას და მართვის საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც მთლიანად ელექტრო ამძრავი განაპირობებს.

ავტომობილის სრული დამუხტვით 350 კილომეტრის გავლას შეძლებთ. მის დატენვას კი მხოლოდ 30 წუთი სჭირდება.

Honda Odyssey

ის მინივენების კატეგორიაში გადის. მას აქვს სავარძლების სამი რიგი, სადაც დაახლოებით 8 ადამიანი ეტევა კომფორტულად. სალონი გვთავაზობს Magic Slide სავარძლებს, რომლითაც არეგულირებთ მგზავრებს შორის დაშორებას, რა თქმა უნდა, სივრცის გათვალისწინებით. ავტომობილს აქვს საინფორმაციო-გასართობი სისტემა სენსორული ეკრანით, USB პორტი, შესაძლებელია სმარტფონის ინტეგრაცია და ინტერნეტის გაზიარება. მანქანას 280 ცხენის ძალა აქვს.

უსაფრთხოების კუთხით ავტომობილს ექსპერტები მაღალ ქულებს უწერენ. რამდენიმე გამოცემის გამოკითხვით, ის საუკეთესო საოჯახო და ბიუჯეტურ მინივენადაც დასახელდა.

Toyota Highlander Hybrid

ავტომოყვარულები ტოიოტას ხშირად ირჩევენ სამოგზაუროდ. ეს SUV-ის ტიპის ჰიბრიდი მოგზაურობის დასაგეგმად ხშირად ხდება კარგი არჩევანი. მას მოიხსენიებენ, როგორც 2022 წლის საუკეთესო ჰიბრიდულ და ელექტრო მაღალი გამავლობის მანქანას მოგზაურებისთვის. თავის სიმძლავრესთან შედარებით ავტომობილი ეკონომიურიც არის. ჰონდას მსგავსად, მასაც სამი რიგი აქვს. აქედან ბოლო რიგი რეკომედებულია ბავშვების ჩასასმელად.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ავტომობილსაც მაღალი ქულები უწერია. მეტიც, მას უსაფრთხოების ტექნოლოგიების გრძელი სია აქვს, მათ შორის: ადაპტური კრუიზ კონტროლი, საგზაო ნიშნების დახმარება და ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება. 

რა თქმა უნდა, ავტომობილში გათვალისწინებულია თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემა: სმარტფონისა და Amazon Alexa-ს თავსებადობა, 5 USB პორტი და მობილური ინტერნეტის გაზიარების ფუნქცია.

Subaru Forester

Subaru Forester ის ავტომობილია, რომელიც დანიშნულების ადგილამდე ყოველთვის მშვიდად მიგიყვანთ. ის მარტივად უმკლავდება სხვადასხვა ტიპის გზას, აქვს სპეციალური ფუნქცია აღმართებზე იოლად სასიარულოდ და სტანდარტული ბორბლები.

Forester-ს უფრო მეტი შიდა სივრცე აქვს, ვიდრე კომპაქტური SUV-ების უმეტესობას, მათ შორის საბარგულშიც. უსაფრთხოების ტექნოლოგიები, როგორიცაა ადაპტური კრუიზ კონტროლი და ზოლის შენარჩუნება, ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად აქვს. თუ ამ მანქანით ზამთარში მოისურვებთ მოგზაურობას, სავარძლების გათბობის ფუნქციაც გექნებათ.

Toyota Prius

ამ ავტომობილით ნებისმიერ მანძილზე მგზავრობა გაგიადვილდებათ. მართალია, მას არ აქვს იმხელა ტევადობა, როგორც ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მანქანებს, მაგრამ პატარა ოჯახის სამოგზაუროდ და მსუბუქი მანქანისთვის საკმარისი სივრცეა. რაც მთავარია, ის საკმაოდ დიდ თანხას დაგიზოგავთ და მეტი დაგრჩებათ მოგზაურობისთვის. მისი მოდელი L Eco, რომელიც უახლესია, მოიცავს ჭკვიანი გასაღების სისტემას, უსაფრთხოების მაღალ ტექნოლოგიას და თავსებადია Apple CarPlay-სა და Amazon Alexa-სთან.

შესაძლოა, სამოგზაურო მანქანების თქვენეული სია სხვანაირად გამოიყურება, საკუთარი გამოცდილებისა და გემოვნებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არის ის მანქანები, რომელთაც 2022 წელს სხვადასხვა ავტოგამოცემა საუკეთესოდ ასახელებს და რეკომენდაციას უწევს შორ მანძილებზე თავგადასავლების დასაგეგმად.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

MIT-ის მეცნიერებმა ახალი ტიპის კიბორჩხალა-კამერა შეიმუშავეს

საყიდლების ციფრული ველი, ამაზონის გამოცდილება და მოკლე დროში მოპოვებული კმაყოფილი მომხმარებელი Veli.Store-ში