in

ქოფირაითერის 5 ძირითადი საიდუმლო, რომელიც მას მოთხოვნად კადრად აქცევს

ზოგიერთი ბიზნესის კონტენტს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრი მათგანი არც ისე საინტერესო ამბებს გვიყვება და არც თუ ლამაზად. ზოგჯერ ეს ამბები მოსაწყენია, ან უბრალოდ მსგავსი უკვე გვაქვს სადღაც წაკითხული. მარკეტერები ამის მიზეზად შესაბამისი კადრების ნაკლებობას და მათ გამოცდილებას ასახელებენ. მნიშვნელოვანია ისეთი ელემენტების განსაზღვრა, რომლებიც მიმზიდველ ამბავს გამოიყვანს, თუმცა ამისთვის არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ კარგი მწერალი იყო. 

მაინც რა არის მნიშვნელოვანი ღირებული კონტენტის შექმნისთვის? 

გონივრული პოზიციონირება – ეს არის მარკეტერების ერთ-ერთი ბოლო პასუხი ამ კითხვაზე. ისინი გვთავაზობენ სიუჟეტის განვითარების 5 გზას, რომელიც ბრენდებს კარგი სთორითელინგის შექმნაში, ჩვენ კი კარგ ქოფირაითერებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

#1 – ბრენდის ხმა 

ნებისმიერი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მწერლისთვის, სიუჟეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მისი ხმაა. როგორ გამოიყურება თქვენი ხმა ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში? არის ის მკაცრი თუ უშუალო? 

პერსონალობას, რომელსაც ბრენდი დებს თავის წერილობით ხმაში, თქვენი, როგორც მწერლის, პოტენციურ კლიენტებზე შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა. როდესაც თქვენ ხართ პროფესიონალი მწერალი, თქვენ უფრო მეტი კონტროლი გიწევთ წერილობითი ტონის ტიპებზე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. გამოიყენეთ ეს უნარი იმ თვისებების გადმოსაცემად, რომლებიც გსურთ, რომ როგორც მომხმარებელმა თავად იხილოთ ბრენდის მიერ მოყოლილ ამბებში.

#2 – ბრენდის კონტენტი

თუ თქვენ ხართ ქოფირაითერი, უნდა გესმოდეთ, რომ კომპანიები დღეს ეძებენ ისეთ ფრილანს ან შტატში მომუშავე კადრს, რომელმაც იცის მიმდინარე მარკეტინგის ტრენდები, როგორ მუშაობს ციფრული მარკეტინგი და რომ კომპანიას დღეს არ აკმაყოფილებს მხოლოდ „სიტყვის მწარმოებელი” ადამიანი, არამედ მას სჭირდება ჭკვიანი კონტენტ სტრატეგი. 

რა თქმა უნდა, საიტის დიზაინის ხშირად განახლება რთულია და მრავალ რესურსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ინფორმაცია და მასალა, რომელიც მასზეა განთავსებული, უნდა ექვემდებარებოდეს განახლებას და ის თანამედროვე ტენდენციებს უნდა მოერგოს. 

#3 – იცოდეთ თქვენი შრომის ფასი

ფასი ნებისმიერი ბიზნეს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არავერბალური ელემენტია. როგორც პროფესიონალი მწერალი ბიზნესისთვის, თქვენ უნდა გაყიდოთ საკუთარი მომსახურება. თქვენ ყიდით არა მხოლოდ სერვისს, არამედ დროსაც. მარკეტერები გვირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრების საათების ფასდაკლების გაყიდვას აზრი არ აქვს, ამიტომ უნდა შევიმუშაოთ ფასები, რომლებიც ანაზღაურებს ამ შრომას და გაღებულ დროს. 

რა თქმა უნდა, ფასს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი გამოცდილებაც. თუ მხოლოდ ახლა დაიწყეთ ქოფირაითერად მუშაობა, იმხელა მაჩვენებელი ვერ გექნებათ, როგორც გამოცდილ მწერალს, ამიტომ პრიორიტეტად უნდა დაისახოთ ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე. გახსოვდეთ, რომ როდესაც ქოფირაითერი ხართ, თქვენზე დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ის, რაზეც ელაპარაკებით მომხმარებელს, განსაზღვრავს იმ ბრენდის იმიჯს, რომლისთვისაც თქვენ მუშაობთ.

#4 – თქვენი სპეციალობა

ბევრს ქოფირაითინგი ძალიან ზოგადი ცნება ჰგონია და ფიქრობს, რომ ნებისმიერი მიმართულებით დაწერას შეძლებს. არცერთი ჩვენგანი არ არის იდეალური ყველაფერში, ამიტომ საჭიროა სპეციალიზება იმ კუთხით, რომელიც უკეთ გამოგვდის. 

ქოფირაითერს ბევრი საშუალება აქვს, აირჩიოს ის მიმართულება, რომელიც მას უფრო აინტერესებს. შეიძლება იფიქროთ, რომ დამკვეთი შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს, თუ ეტყვით, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებით წერა შეგიძლიათ და რომელიღაც არა, მაგრამ მარკეტერები გვამშვიდებენ, რომ ეს ასე არ არის, რომ დამკვეთისთვისაც ადვილია იმის გაგება, რომ საქმე უკეთესად მაშინ გამოდის, როცა ყველა იმ საქმეს აკეთებს, რაშიც მეტად თავდაჯერებულია.

#5 – მწერლის პროფესიონალიზმი

ქოფირაითერის პროფესიონალიზმი არ გამოიხატება მხოლოდ სიტყვების კარგად ფლობაში. პროფესიული პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საერთო ჯამში მოთხოვნად კადრად იქცეთ. 

უპირველეს ყოვლისა, დედლაინები – როგორ იცავთ მათ, ეს მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, როგორია თქვენი სამუშაო ხარისხი იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანია, რაც ბიზნესთან თანამშრომლობთ? 50-ე ტექსტსაც ისევ ისეთი მონდომებით წერთ, როგორც პირველს? თუ კი, ესე იგი, თქვენ გესმით პროფესიონალიზმის მნიშვნელობა. თუ მოდუნდით იმის გამო, რომ უკვე შეეჩვიეთ კომპანიას და ფიქრობთ, რომ თქვენს ტექსტებს დიდად აღარ ამოწმებენ, მაშინ ვერ დაიტრაბახებთ, რომ კარგი სპეციალისტი ხართ თქვენს საქმეში და კეთილსინდისიერად მუშაობთ.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია დროული რეაგირება შეკითხვებზე. როცა კლიენტები გიკავშირდებიან, თქვენ მყისიერად უნდა მოახერხოთ პასუხის გაცემა და არ უნდა ალოდინოთ დიდხანს. თუ იმ მომენტში პასუხი არ შეგიძლიათ, გარკვეული ფორმით უნდა შეატყობინოთ, თუ რა დროს შეძლებთ პასუხის დაბრუნებას, რათა უყურადღებოდ არ გამოგივიდეთ და კლიენტი გაურკვეველი დროით არ აღმოჩნდეს მოლოდინის რეჟიმში.

დაიმახსოვრეთ – თქვენი ნაწერი თქვენი ხელოვნებაც არის, პროდუქტიც, რომელსაც ყიდით და თქვენი შემოსავლის წყაროც. რაც უფრო პროფესიონალი ხართ, რაც უფრო ზუსტად იცით, რა მიმართულებით ხართ უფრო ძლიერი და რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, თავად აარჩიოთ დამსაქმებელი და არა მან თქვენ!

როგორ დავწეროთ სამადლობელი წერილი გასაუბრების შემდეგ?

ნახეთ: ანიმაციებად ქცეული აკვარელის ნახატები