in

როგორ ავირიდოთ ონლაინ გასაუბრების 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას ითხოვს, TopResume-ის ბოლო გამოკითხვამ პანდენიმიით შთაგონებული ერთი ტენდენციის შენარჩუნება დაადასტურა — საუბარია ვირტუალურ, ონლაინ გასაუბრებებზე. კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა მესამედი (33%) ამჯობინებს ონლაინ ინტერვიუს, 21% კი პირისპირ შეხვედრას მხოლოდ დასკვნით ეტაპზე მიმართავს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მართალია, ბევრი ჩვენგანი უკვე შეეჩვია ისეთი აპლიკაციების გამოყენებას, როგორიცაა Zoom, მაგრამ ადამიანთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ფლობს „ვირტუალური გასაუბრების ხელოვნებას“. საბედნიეროდ, ყველაზე გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდება მარტივად შეიძლება. სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

გასაუბრების თარიღი მკაცრად მოინიშნეთ

თუ მარტო არ ცხოვრობთ, აუცილებლად აცნობეთ პარტნიორს, ოჯახის წევრებს თუ ოთახის მეზობლებს, როდის გაქვთ გასაუბრება. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ რაიმე შეფერხება ან მოულოდნელობა — იქნება ეს ოთახში ხმაურით შემოსვლა თუ მობილურზე დარეკვა. ასევე, კარგი იდეაა ფანჯრების დახურვა და ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენების მორგება — ეს არასასურველი ფონური ხმებისგან „დაგიცავთ“, როგორიცაა მანქანების მოძრაობა ან ძაღლების ყეფა.

შეარჩიეთ ნეიტრალური ფონი

ერთი რამ ყველა ვიცით — გასაუბრების დროს არეულ ოთახში არ უნდა ვიყოთ. თუმცა სწორი ადგილის პოვნა ხშირად გვიჭირს… თუ თქვენი ტიპურ დისტანციურ სამუშაო ადგილას შესაბამის ფონს ვერ იპოვით, შეგიძლიათ, სახლთან ახლოს რაიმე ადგილი ნახოთ, რომელიც მშვიდი, კარგად განათებული და მოწესრიგებული იქნება.

თუ ეს ვერ ხერხდება, სახლში ცარიელი კედლის ან კარის წინ მოკალათდით, ოდნავ ბუნდოვანი ფონის ფილტრით. ზოგიერთი ექსპერტი აბაზანის კარებთან ან გასახდელთან ჯდომას გვირჩევს, რადგან ამ პატარა სივრცეებს შესანიშნავი აკუსტიკა აქვს. ამასთან, ნაკლებ რეკომენდებულია ვირტუალური ფონების გამოყენება — ჯერჯერობით ისინი იმდენად იდეალურად არ არის დამუშავებული, რომ მოულოდნელად თქვენს სხეულზეც არ გადმოვიდეს.

ასევე, აუცილებლად ყოველთვის შეამოწმეთ აუდიო და ვიდეო, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ კონკრეტული ადგილიდან ხმა სუფთად ისმის და განათებაც კარგია.

გაასუფთავეთ ეკრანი

ვიდეო ინტერვიუს დროს ბრაუზერის დაუკავშირებელი ჩანართების ან პროგრამების ეკრანზე ღიად დატოვება ყოველთვის გაუმართლებელი რისკია. თქვენ არასოდეს იცით, როდის მოგთხოვენ ეკრანის გაზიარებას — ნამდვილად არ გენდომებათ შეუსაბამო საუბრის, კონფიდენციალური ელ.ფოსტის ან საეჭვო ჩანართის პოტენციური დამსაქმებლისთვის გაზიარება. მაშინაც კი, თუ არ გეგმავთ თქვენი ეკრანის გაზიარებას ვიდეო ზარის დროს, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ აპლიკაციამ რაიმე შეფერხება გამოიწვიოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უმჯობესია, დახუროთ ბრაუზერის ყველა ჩანართი და ყველა ნაგულისხმები შეტყობინება ახლომდებარე მოწყობილობებზე.

დაამყარეთ კარგი თვალის კონტაქტი

გასაუბრების დროს სწორი თვალის კონტაქტი გადამწყვეტია ინტერვიუერთან ნდობის დასამყარებლად — პროფესიონალიზმის დემონსტრირებისა და შესაძლებლობისადმი ინტერესის გამოსავლენად. ხოლო, როცა თვალებს სწრაფად ახამხამებთ, არ იცით ეკრანის რომელ ნაწილს უყუროთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნერვიულობთ და არ ხართ დარწმუნებული თქვენს პასუხებში.

გარდა ამისა, გასაუბრებისას თვალის კონტაქტის დამყარების დროს აუცილებლად გაიღიმეთ. შეგიძლიათ, იმიტირებული ინტერვიუს ჩაწერა სცადოთ ისეთი ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა Interview School ან Career.io — ეს დაგეხმარებათ, სხეულის ენაზეც ივარჯიშოთ.

მოემზადეთ მოულოდნელობისთვის

ზემოთ ხსენებული კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ცუდი ინტერნეტი, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია, რომელსაც ვირტუალური გასაუბრების დროს ვაწყდებით. ამიტომაც, ზოგიერთი პრობლემის შემსუბუქების მიზნით, ჩამოტვირთეთ ან განაახლეთ საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა თუ აპლიკაცია, გასაუბრებამდე მინიმუმ ერთი სამუშაო დღით ადრე, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.

ხოლო თუ გარკვეული მიზეზით არასტაბილური Wi-Fi გაწუხებთ, სარეზერვო გეგმა შეიმუშავეთ: მაგალითად, გამსაუბრებელთან გააგზავნეთ ელ.წერილი და აცნობეთ, რომ შესაძლოა, გასაუბრების დროს, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზი წარმოიქმნას. სავარაუდო პრობლემაზე წინასწარ საუბრით, პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენებთ, რომ პრობლემის პროაქტიული გადამწყვეტი და კარგი კომუნიკატორი ხართ.



#მევქმნიალიანსს – ადამიანი, როგორც ყველაზე ღირებული ინვესტიცია და ია იმამიშის გზა „ალიანს ჯგუფთან “ ერთად

„ფეთიზი” – თავშესაფარი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ფისოებისთვის