in

5 შეცდომა, რომლებიც ლოგოს შექმნისას არ უნდა დაუშვათ!

ერთხელ მაინც გიფიქრიათ ლოგოზე, რომ რაღაც რიგში ვერ იყო? თუმცა რა, ამას ვერ მიმხვდარხართ ან ვერ გაგიგიათ, რა გრძნობები შეიძლება გამოიწვიოს თქვენმა ლოგომ ადამიანებში? ამიტომაც არ არის ლოგოს შექმნა მარტივი ამბავი. კომუნიკაციას, გავლენასა და შთაბეჭდილებას ეხება, თუ კარგია, ბრენდსაც გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება, თუ არადა, არასწორ გზავნილს უშვებს საზოგადოებაში. მოდით, ახლა სწორედ ამ ფარულ შეცდომებზე ვისაუბროთ და გზებზე, რომლითაც მათი გამოსწორებაა შესაძლებელი:

BOG
BOG

შეცდომა N1 — ზედმეტად კომპლექსური დიზაინი

ბევრი ფერი, ხაზები და ელემენტები ერთ პატარა სივრცეშია მოქცეული, არადა სიმარტივე ხშირად კარგი ლოგოს დიზაინის გასაღებია. კომპლექსური დიზაინი რთულად წაკითხვადი და დამაბნეველია, განსხვავებულ ზომებში მისი წარმოებაც რთული საქმეა. უკეთ რომ მიხვდეთ, რაზე გესაუბრებით, მსოფლიოში არსებულ საკულტო ლოგოებზე დაფიქრდით. დიახ, ყველა მარტივი და დასამახსოვრებელია, ამ ამბავს კი სიმარტივეს უნდა მივაწერდეთ. ამიტომაც, თუ ძალიან ბევრი რაიმეს ჩასმის სურვილი გაგიჩნდებათ ლოგოში, ჯერ დაფიქრდით, რა გზავნილის მიტანა გსურთ საზოგადოებამდე და მასზე ფოკუსირდით. 

როგორ გამოვასწოროთ? — არასაჭირო ელემენტები ამოშალეთ, მანამდე კი საკუთარ თავს ჰკითხეთ — აქვს ამ დეტალს მნიშვნელობა კონკრეტული გზავნილისთვის? შეიძლება კონკრეტული ელემენტის გამარტივება? ფერთა რაოდენობაც შეამცირეთ, 2 ან 3 მთავარი ფერი აიღეთ, რომლებიც ბრენდის ღირებულებებს წარმოაჩენს. მკაფიო შრიფტზე შეჯერდით. ისიც გახსოვდეთ, რომ ლოგო სხვადასხვა მედიუმზე დაიტანება, იქნება ეს ბიზნესბარათი თუ ბილბორდი, ამიტომ იგი ყველა ზომაში მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს. 

შეცდომა N2 — კლიშედ ქცეული ფოტოების გამოყენება

იდეებისთვის ანთებული ნათურის გამოსახულება ან რაღაც საერთაშორისოსთვის გლობუსის გამოყენება კლიშეა, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ. თუნდაც იმიტომ, რომ გამორჩეული ბრენდი გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას იმსახურებს. თუ ასჯერ გამოყენებულ სიმბოლოს გამოიყენებთ, ვერაფრით იქნებით განსხვავებული. 

როგორ გამოვასწოროთ? — ალტერნატივების ბრეინშტორმინგი დაიწყეთ: რა უნიკალური მახასიათებლები გააჩნია თქვენს ბრენდს, რომლებზეც ხაზგასმას შეძლებთ? ეცადეთ აბსტრაქტული ფორმებისა თუ სიმბოლოების კომბინაციის გამოყენება, რომლებიც თქვენი ბრენდის იდენტობის შესაბამისია. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა ხდის თქვენს ბრენდს გამორჩეულს და შეგიძლიათ თუ არა თქვენთვის უნიკალური დიზაინის შექმნა. რა იდეებიც მოგივათ, ყველა ჯერ ფურცელზე დაიტანეთ, შემდგომ შემოქმედებით ხედვას მიმართეთ და განიხილეთ, რომელი დაეხმარება ბრენდს გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში. 

შეცდომა N3 — ცუდად არჩეული შრიფტი

ლოგოს დიზაინის შემუშავებისას შრიფტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პროფესიონალიზმსა და ხასიათს აჩვენებს და თუ არასწორადაა შერჩეული, ყველანაირად კარგ ლოგოს უსარგებლოდ აქცევს. დაფიქრდით, ბევრ შრიფტს ხომ არ იყენებთ ან რთულად წაკითხვადი ხომ არ არის? 

როგორ გამოვასწოროთ? — ერთი, მაქსიმუმ 2, შრიფტი შეარჩიეთ — ბევრის ერთმანეთში არევა არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. აირჩიეთ ისეთი შრიფტი, რომელიც პატარა ზომაშიც კი მარტივად წაკითხვადია. თუ ორ შრიფტს აიღებთ, დარწმუნდით, რომ ერთმანეთს შეეფერება, ცოტა ტიპოგრაფიაშიც ჩაიხედეთ, რათა გაიგოთ, რომელი შრიფტები მუშაობს ერთად ჰარმონიულად. ამასთან, სიტყვების სისქესა და ზომას დააკვირდით და ნახეთ, თქვენ მიერ შერჩეული შრიფტი რამდენად ერწყმის ლოგოს. 

შეცდომა N4 — ფერთა ფსიქოლოგიის უარყოფა

ფერები ემოციებსა და ასოციაციებს ქმნის. განსხვავებულ ფერებს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, რომლებიც, თავის მხრივ, კულტურებს შორის სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. ამგვარად, ლოგოსთვის შერჩეული ტონალობა რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ბრენდის ღირებულებებსაც ასახავდეს. ცუდად შერჩეული ფერი არასწორ გზავნილს მიიტანს მომხმარებლამდე და თქვენს ლოგოს სამოყვარულო დონის გამოსახულებად აქცევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნეონის ფერები იურიდიული კომპანიისთვის გამოუსადეგარია. 

როგორ გამოვასწოროთ? — ფერების ფსიქოლოგიას გაეცანით და აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი ბრენდის გზავნილსა თუ ღირებულებებს შეესაბამება. თუ სახალისო ბრენდი გაქვთ, ნათელი, ცოცხალი ფერები აირჩიეთ, თუ პროფესიონალური კომპანია, ნაკლებად პრიალა, ტრადიციულ ფერებზე შეჯერდით. პროცესი მარტივი ფერთა პალიტრით დაიწყეთ და შემდგომ განსხვავებული ვარიაციები გამოიყენეთ. დარწმუნდით, რომ კონტრასტულია და ერთად კარგად მუშაობს. გახსოვდეთ, ისეთივე მნიშვნელობა აქვს ფერს, როგორც გამოსახულებას, ამიტომ სტრატეგიულად გამოიყენეთ იგი. 

შეცდომა N5 — უნივერსალურობის ნაკლებობა

როგორც უკვე გითხარით, კარგი ლოგო ყველგან იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს, დაწყებული ვებგვერდიდან, გაგრძელებული სოციალური მედიით და დამთავრებული შეფუთვით. თუ მხოლოდ ბილბორდზე ჩანს კარგად და არა, აპლიკაციაში, გამოდის, პრობლემა გაქვთ. 

როგორ გამოვასწოროთ? — გატესტეთ თქვენი ლოგო სხვადასხვა ზომასა თუ ფორმატში — დაფიქრდით, მუშაობს თუ არა კარგად განსხვავებულ ფორმატებში? ან შავ-თეთრ ფერში როგორ ჩანს? ლოგო ნებისმიერ მედიუმში კარგად აღქმადი უნდა იყოს, მისი მოქნილობა კი ბრენდის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. 

როგორ ავარჩიოთ საუკეთესო სოციალური ქსელი 2025 წელს

რატომ არის თავმდაბლობა ლიდერის წარმატების საიდუმლო