6
Feb
2019

5 ნიშანი იმისა, რომ კორპორატიული კულტურა დარღვეულია

6 Feb 2019

ხშირად, სწორხაზოვანი ხედვა ხელს გვიშლის, დავინახოთ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ამგვარი რამ არის კორპორატიული კულტურა, რომელზეც ყურადღების გამახვილება ლიდერებს ხშირად უჭირთ. მართვა, მოგება, ზრდა, სტატისტიკა და კიდევ უამრავი რამაა, რაც უფროსების საზრუნავში შედის, თუმცა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ისიც, თუ რა სიტუაციაა “შიგნით”.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომლებიც გვაუწყებენ, რომ კორპორატიული კულტურა დარღვეულია:

თანამშრომლების “დასჯა” სიმართლის თქმის გამო

სწორედ მაშინ, როდესაც ზემოხსენებული კულტურა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, სიმართლის თქმა და შესაბამისად მოქმედება ხშირად გუნდში უსიამოვნო შეგრძნებას ბადებს. ხანდახან ამ ნათქვამს იგნორირებასაც უკეთებენ. ჯანსაღ კულტურაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. პირიქით, ჭეშმარიტი და ინოვაციური აზრები ყოველთვის ფასობს და მნიშვნელოვანი ხდება კონკრეტული ბიზნესის წარმატებისთვის.

უფროსები ითხოვენ ანგარიშს, თუმცა, არ ფიქრობენ პრობლემებზე

როდესაც ლიდერები ითხოვენ ანგარიშისა და სხვადასხვა ინფორმაციის ჩაბარებას და ვერ იღებენ იმას, რაც სურთ, ხანდახან პირდაპირ კრიტიკაზე გადადიან, თუმცა, არ ფიქრობენ, თუ რატომ შეიძლება, მომხდარიყო ეს. ასეთ შემთხვევაში, თანამშრომელს უფროსი კომფორტის ზონიდან გამოჰყავს. აი, იმ კომფორტის ზონიდან, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ყველაფრის წესრიგში ყოფნას. თუმცა, ლიდერს ავიწყდება კორპორატიული კულტურა და დაბრკოლებების თანამშრომლებთან ერთად გაზიარება.

მორღვეულ კორპორატიულ კულტურას ბევრი “დანაკარგი” ჰყავს

ამგვარი კულტურის გამო თანამშრომლების შინაგანი მდგომარეობა სულ უფრო უკან მიდის, ბოლოს კი ისინი საკმაოდ დიდი უკმაყოფილების შეგრძნებით სამსახურს ტოვებენ. ასეთ შემთხვევაში, ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ კარგი კადრი მარტივად მოსაპოვებელი არ არის, ამიტომაც, მათ გაფრთხილება სჭირდებათ. ჯანსაღი კულტურა თანამშრომლებს სამსახურზე მეტად “მიმაგრებულს” ხდის და თავს ერთი სასიამოვნო ოჯახის წევრად აგრძნობინებს. დაზიანებული კულტურის შემთხვევაში კი პირიქით ხდება. იქ, სადაც ნდობა და პატივისცემა არ არის, რთულია, იყო კომფორტულად და არ მოგინდეს წამოსვლა..

თანამშრომლები ნაკლებად პროდუქტიულები ხდებიან გადაჭედილ სამუშაო გარემოში

შეიძლება ეს სულაც არ ჟღერდეს კორპორატიული კულტურის სამიზნე საკითხად, თუმცა, თანამშრომლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გარემოში უწევთ მუშაობა. გადაჭედილი და ხმაურიანი გარემო კი ზუსტად ისაა, რაც მათ ხშირად აბრკოლებთ მუშაობისას. სწორედ ამიტომ, მანამ, სანამ თქვენი კომპანიის ბიუჯეტის დაზოგვაზე ფიქრობთ, იფიქრეთ იმაზეც, რომ ნაკლებ-პროდუქტიული პერსონალი უფრო მეტ წაგებას მოუტანს თქვენს ბიზნესს, ვიდრე უკეთეს გარემოში გადახდილი თანხა.

კომპანიის შიდა კულტურა “ყლაპავს” მიუღებელ ქმედებებს

უამრავი ორგანიზაციაა შემწყნარებელი ისეთ მიუღებელ ქმედებებთან მიმართებით, როგორიცაა თუნდაც ბულინგი ან სხვა მსგავსი შემთხვევები. ყველაზე მეტად კი, რასაც თანამშრომელი კომპანიისგან ითხოვს, არის დაცულობის შეგრძნება და პატივის ცემა. როდესაც კომპანია ამგვარ ქმედებებს “ყლაპავს”, იგი ავტომატურად აგრძნობინებს პერსონალს, რომ ისინი მისთვის ძვირფასები არ არიან.

დაიმახსოვრეთ, რომ როგორც თქვენ მოელით თქვენ მიერ დაქირავებული პერსონალისგან პროფესიონალიზმს, ასევე მოელიან ისინიც თქვენგან. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენ ვერ მოაგვარებთ პრობლემას მანამ, სანამ მას პრობლემად არ სცნობთ. სწორედ ამიტომ, სანამ დროა, იზრუნეთ იმაზე, რომ კარგი, მეგობრული და სასიამოვნო კორპორატიული კულტურა გქონდეთ, თორემ მისი აღდგენა მერე და მერე ბევრად უფრო რთული გახდება.

წყარო: Inc



განხილვა