ტელევიზია ახალგაზრდებში პოპულარობით ნაკლებად სარგებლობს და მათთან დაკავშირება ციფრული მედიით არის შესაძლებელი, ეს მარკეტერებმაც კარგად იციან. მეტიც, ყიდვის გადაწყვეტილებების 80% სწორედ ინფლუენსერობის შედეგია და ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ისინი უკვე ტექნოლოგიებით მდიდარ სამყაროში დაიბადნენ… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აქ იმ 5 სტრატეგიას გაგიზიარებთ, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიასთან კავშირის დამყარებასა და ბრენდის ზრდაში დაგეხმარებათ:
1. ჩაერთეთ თამაშში
გეიმინგი ბრენდების სუპერ ძალას წარმოადგენსო, გვეუბნებიან. თუმცა უბრალო სიტყვები არ გეგონოთ — კვლევის თანახმად, 10-დან 9 ახალგაზრდა თამაშებშია ჩართული და ეს მათი ციფრული სამყაროს პოზიტიური ნაწილია, რადგან ამით ძალიან ერთობიან. აქ არც ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობა უნდა დაგვავიწყდეს — გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ თამაშები სტრესთან და შფოთვასთან გამკლავებაში ეხმარებათ. ეს სოციალური კავშირის სივრცეა, სასწავლო გარემო და ადგილი, სადაც თვითგამოხატვის ფორმებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.
ამგვარად, თუ ბრენდები გეიმინგში ჩართვას გადაწყვეტენ, ეს მათ ახალგაზრდებთან დაკავშირებაში დაეხმარება. თანაც იმ გარემოში, სადაც ეს თაობა შეტყობინებებისადმი მეტი მიმღებლობით გამოირჩევა. შედეგად, აქ განთავსებული რეკლამებიც უფრო ეფექტურია, რასაც ახალგაზრდები მეტად მიჰყავს ყიდვის გადაწყვეტილებამდე.
2. ისარგებლეთ ინფლუენს მარკეტინგით
ინფლუენსერებს ახალგაზრდებზე აქვთ გავლენა, ამიტომ ბრენდებმაც შესაბამისი კრეატორები უნდა აირჩიონ, რომლებიც სამიზნე აუდიტორიისთვის მათივე შეტყობინების ეფექტურად გადაცემას შეძლებენ. ახალგაზრდების 94% უყურებს და ერთვება ინფლუენსერთა კონტენტში, იქნება ეს გეიმინგის, საკვები ინდუსტრიის, ცხოვრებს წესისა თუ გართობის შესახებ.
TotallyAwesome-მა დაადგინა, რომ ახალგაზრდები მოდის ბრენდების 23%-ს სწორედ ინფლუენსერების დახმარებით იცნობენ, ამავე პროცენტი აქვს ჯანმრთელობას, ხოლო სილამაზე 20%-ს, სათამაშოები კი 17%-ს ფლობს. მეტიც, ბრენდის აღმოჩენის შემდეგ, ახალგაზრდების მეოთხედი ყიდვის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ინფლუენსერის კონტენტი მოეწონა… გამოდის, ახალგაზრდა აუდიტორიასთან ჩართვის სტრატეგიის ნაწილი ინფლუენსერებთან პარტნიორობაც ყოფილა, ეს უზრუნველყოფს ნდობას, ბრენდის ცნობადობასა და რელევანტურობას.
3. დანერგეთ კამპანიები, რომლებიც ინტეგრირებულია მრავალ პლატფორმასა და მედიუმში
ახალგაზრდები ბრენდებს მრავალი მედია პლატფორმიდან ეცნობიან, იქნება ეს YouTube (38%) თუ ტელევიზია (30%), ტიკტოკი (22%) თუ ინსტაგრამი (18%). ხოლო, როცა ყიდვის ეტაპი დგება, ციფრული მედიუმი მთავარ როლს ითავსებს. შესაბამისად, e-commerce-ს სჭირდება, ამ აუდიტორიასთან კავშირი და ჩართულობა შეინარჩუნოს, რადგან ახალგაზრდები კარგად ინფორმირებულნი და თავდაჯერებულნი უნდა იყვნენ თავიანთ ყიდვის გადაწყვეტილებებში.
4. შექმენით კონტენტი მობილურისთვის
ციფრული თაობა კონტენტს ყველაზე მეტად ტელეფონიდან კითხულობს, სწორედ ამიტომ, ბრენდებმა აქ მოხვედრაზე უნდა იზრუნონ. კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 65%-ს აქვს სმარტფონი, 75% ყოველდღიურად მოიხმარს მას და საშუალოდ დღეში 3 საათს უთმობს. სწორედ მობილურის საშუალებით ეძებენ ისინი ბრენდებს და იღებენ ყიდვის გადაწყვეტილებებს.
5. შეუსაბამეთ ბრენდის ღირებულებები ახალგაზრდების ღირებულებებს
ეს თაობა საკმაოდ ძლიერი ღირებულებებით გამოირჩევა, შესაბამისად, აქ მიზანზე ორიენტირებული, კონტექსტუალური მარკეტინგი მნიშვნელოვანია. მათ აინტერესებთ, რას ემსახურება ბრენდი, ხოლო ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდების ძირითად ღირებულებებს გაიაზრებენ, დიდ სარგებელს მიიღებენ. ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა სანდოობა (46%), მდგრადობა (33%), საზოგადოებაზე ზრუნვა (22%), მრავალფეროვნება და თანასწორობა (45%) ამ აუდიტორიასთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს საცხოვრებელი ხარჯები გაიზარდა, შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობა (46%) კიდევ ერთი რამ არის, რასაც ისინი ბრენდებისგან ელიან. ეს თაობა ემოციებისა და ფუნქციონალობის მიხედვით აკეთებს შესყიდვებს, ამიტომ ბრენდებმა ორივე მათგანი უნდა დააკმაყოფილოს.
ამ ყველაფრისთვის სიმამაცეც დასჭირდებათ, რათა ახალგაზრდების ციფრულ სამყაროში შეაბიჯონ და მეტად რელევანტური თუ პასუხისმგებლიანი სახითაც წარმოჩინდნენ. დიახ, ისინი ბრენდების მომავალს წარმოადგენენ…