ყველამ ვიცით, რომ ლიდერები, როგორც წესი, შესანიშნავი კომუნიკატორები არიან. გაიხსენეთ უინსტონ ჩერჩილი, ნელსონ მანდელა, ოპრა უინფრი, სტივ ჯობსი…მაგრამ რა მიაჩნიათ მათ მიმდევრებს მიმზიდველად ამ ადამიანების საუბარში? როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებას მოსწონს მათი უნარი, ძალაუფლება გადმოსცენ მხოლოდ სიტყვებითაც კი.
როგორია ძალაუფლების ენა – ის მოიცავს დიქციას, თემას, რომელზეც ლაპარაკობ, მანერას. ამ უნარების გამომუშავება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს წარმატებას მენეჯერულ პოზიციებზე და იმსახურებს პატივისცემას სხვების მხრიდან.
HBR გვიზიარებს 5 ტექნიკას, რომლებიც თქვენი საუბრის დონის ასამაღლებლად და ლიდერად წარმოსაჩენად გამოგადგებათ.
მოქმედებაზე ფოკუსირება
ძლიერმა ლიდერებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, დადებითი და უარყოფითი მხარეები სხვების მოსაზრებებთან ერთად უნდა შეაფასონ. თუმცა კომუნიკაციისას ისინი მოქმედებაზე არიან ორიენტირებულნი.
მაგალითად ავიღოთ ორი განცხადება:
ნეიტრალური: ჩვენს წინაშე რამდენიმე ვარიანტია. თუ A ვარიანტს ავირჩევთ, შესაძლოა, არსებულ მომხმარებლებთან ჩვენი რეპუტაცია დავიცვათ. მეორე მხრივ, თუ B ვარიანტს ავირჩევთ, შესაძლოა, ჩვენი ბაზრის წილის გაზრდის შესაძლებლობა გვქონდეს.
ძლიერი ტონი: მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტი A ხელს შეუწყობს ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნებას არსებულ მომხმარებლებთან, ვარიანტი B აშკარა არჩევანია ჩვენი პოზიციის გასაძლიერებლად და გაფართოებისთვის. მოდი, დავგეგმოთ ამ ვარიანტის შესრულება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიქირაოთ პერსონალი საჭირო პოზიციების შესავსებად. შემდეგ დავუკავშირდებით მედიას.
კვლევები აჩვენებს, რომ ორივე განცხადება თანაბარ კომპეტენციას გამოხატავს, თუმცა მეორე უფრო ძლიერ, მენეჯერულ ტონს შეიცავს.
იფიქრეთ ფართოდ
კვლევები აჩვენებს, რომ ლიდერები უფრო ძლიერებად აღიქმებიან, როდესაც ისინი უფრო აბსტრაქტულად ფიქრობენ და საუბრობენ. მაგალითად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტარტაპის დამფუძნებლები, რომლებიც თავიანთ საწარმოებს უფრო კონკრეტული ტერმინებით აღწერენ, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ დაფინანსებას. ისინი კი, ვინც აბსტრაქტულ აღწერილობებს გვთავაზობენ, მეტ ყურადღებას იქცევენ.
მზად დახვდით დარტყმას
წარუმატებლობის აღიარება ძალაუფლების სიგნალია. როდესაც პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს უნარს, გამოვასწოროთ პრობლემა და უკეთ ვმართოთ მომავალი სცენარები.
2024 წლის ივლისში კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავმა განახლებამ ფართომასშტაბიანი IT შეფერხებები გამოიწვია. აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ კურცმა, სწრაფად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და განაცხადა:
„მინდა გულწრფელად მოგიხადოთ ბოდიში დღევანდელი გათიშვისთვის. CrowdStrike-ის ყველა თანამშრომელი კარგად აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას და შედეგებს. ჩვენ სწრაფად დავადგინეთ პრობლემა და შევიმუშავეთ მისი გამოსწორების გზები”.
მისმა მყისიერმა რეაგირებამ და ქმედებებზე გადასვლამ ძლიერი ლიდერობის დემონსტრირება მოახდინა და ხელი შეუწყო შემდგომი უარყოფითი რეაქციის განმუხტვას.
სხვების შეფასება
კვლევები აჩვენებს, რომ გავლენიანი ადამიანები სულაც არ ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას. საკუთარი თავის დამტკიცებასა და წინ წამოწევას სუსტები ცდილობენ. ძლიერები კი სვამენ მეტ კითხვას, არიან უფრო თავდაჯერებულები და არ ორიენტირებენ თავისი გავლენის დამტკიცებაზე.
თქვენი სუპერძალა ცნობისმოყვარეობაა და არა ამპარტავნება და დომინირება.
ყურადღების ცენტრში მოქცევა
შეხვედრები ის საჯარო სივრცეა, სადაც სტატუსის დინამიკა იკვეთება და ადამიანები პოზიციის დასამკვიდრებლად იბრძვიან. გუნდში თქვენი გამოჩენის მანერა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ დაგინახავთ გუნდი. შეიძლება იფიქროთ, რომ გამოჩენის საუკეთესო გზა საკუთარი პერსპექტივებისა და ღირებულების წინ წამოწევაა, თუმცა ეს მთლად სწორი არ არის.
ოთახში ყველაზე გავლენიანი პირი ყოველთვის არ დგას ყურადღების ცენტრში, მაგრამ ისინი ადგენენ დღის წესრიგს, მართავდნენ დისკუსიებს და იდეებს მოქმედებად აქცევენ.
მაგალითად, შეგიძლიათ სტრატეგიული შეხვედრა გახსნათ შემდეგი სიტყვებით:
„დავიწყოთ ბოლო კვარტლის მუშაობის მიმოხილვით, შემდეგ კი გადავიდეთ ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რათა შევქმნათ მოქმედების მკაფიო გეგმა”.
ასევე, შეხვედრის მსვლელობისას შეგიძლიათ დასვათ კვლევითი კითხვები, რომლებიც ყველას წაახალისებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაში, მაგალითად:
„თუ დღეს აუცილებლად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რას გვირჩევთ თითოული თქვენგანი, როგორ მოვიქცეთ?”
მიეცით სხვებს საშუალება, იმსჯელონ და შეაჯამონ თავიანთი ნააზრევი. ლიდერის მიზანი არ არის ყველაზე მეტის ლაპარაკი, არამედ თქვენ უნდა წარმართოთ სიტუაცია, სხვებმა კი ილაპარაკონ.
ძალაუფლება საუბრისას ვლინდება. ეს ეხება როგორც ბევრ, ისე ცოტა ლაპარაკს. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ამ ტექნიკებს იყენებთ, თქვენ უფრო ძლიერ და დამაჯერებელ ლიდერად აღგიქვამენ.












