არსებული მონაცემებისა და ინსაითების გაერთიანების შედეგად IllustrationX-მა პატარა მოხსენება შეგვიდგინა, რომელშიც გვეუბნება, რა არის ტრენდული ილუსტრაციებში. ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა და საშუალებას გვაძლევს, ხელოვანებს დავაკვირდეთ, გავიგოთ, რას ანიჭებენ უპირატესობას ამ ინდუსტრიაში… ახლა კი მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი და გავიგოთ, რა არის წელს ტრენდული ილუსტრაციებში:
1. კომიქსები
სუფთა ხაზები, კარგად განსაზღვრული ფორმები და დინამიკური წერტილები სწორედ ის არის, რაც კომიქსების სტილს გამორჩეულს ხდის. ამიტომ, როცა გავლენიანი გზავნილის მკაფიოდ გადმოსაცემად სურათებს ან სურათების სერიას გთხოვენ, ილუსტრაციებით შექმნილი კომიქსები იდეალური გამოსავალია. ამბის მოსაყოლადაც შეგიძლიათ, მიმართოთ, როგორც კომერციულ, ისე გამომცემლობისა თუ რედაქტირების კონტექსტში.
2. სამედიცინო გამოსახულებები
ამ კატეგორიის ნამუშევრების ვიზუალი და შეგრძნება იმ ესთეტიკის მიხედვით განსხვავდება, რომლითაც ილუსტრატორი მუშაობს. ადამიანის ხაზოვანი ფორმებიდან დაწყებული, შიდა ორგანოების, ქსოვილებისა თუ ინდივიდუალური უჯრედების კომპლექსურ 3D რენდერებამდე, ყველაფერს ნახავთ. აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება, ხელოვანის შემოქმედებითი უნარები და მედიცინის ცოდნა. ამიტომაც, ზოგიერთ არტისტს სამედიცინო კურსების გავლაც კი მოუწევს, რადგან ამის გარეშე მსგავსი ბრიფის შესრულება შეუძლებელია.
3. LIVE ილუსტრაციები
ტრადიციულად, მოდისა და სილამაზის ილუსტრაციები რეკლამირებაში, ჟურნალ-გაზეთებსა და შეფუთვებში გვხვდება. ახლა კი მზარდი Live მოდისა და სილამაზის ილუსტრაციების გამო, ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა. ბრენდები უკვე ცდილობენ, მომხმარებლებს მხოლოდ პროდუქტები კი არა, გამოცდილებები შესთავაზონ, ე. წ. LIVE ილუსტრატორებს ქირაობენ, რათა, მაგალითად, სტუმრების პორტრეტები დახატონ ან ჩანთა მოუხატონ, ეს მათ თავს ღირებულად და განსაკუთრებულად აგრძნობინებთ. შესაბამისად, კავშირსაც აძლიერებს ბრენდსა და მომხმარებლებს შორის.
4. ქავერის ილუსტრაციები
როგორც ჩანს, 2025 წელს წიგნის ლამაზი ილუსტრაციები მიიზიდავს მკითხველებს, თუმცა, IllustrationX-ის მიხედვით, ეს უფრო 12-დან 18 წლამდე მდედრობით სქესს ეხება. ამგვარად, ამ მიმართულებით მომუშავე არტ-დირექტორებს ისეთი ილუსტრაციების შექმნა ევალებათ, რომლებიც თინეიჯერი გოგონების გემოვნებასა და ინტერესებს ესადაგება. ეს რომანტიკის, ფანტასტიკის, თრილერისა და ისტორიულ ჟანრზე ვრცელდება. ილუსტრაციები თვალს მარტივად უნდა იზიდავდეს, ამბის უნიკალურ მახასიათებლებს ასახავდეს და ავტორსაც ეხმიანებოდეს.
5. დასავლური გავლენა, გლობალური გარემოებები
დაბოლოს, ილუსტრაციებში ხშირად ვხვდებით დასავლური კულტურების ტრადიციულ ასპექტებს, იქნება ეს მითოლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა, ტანსაცმელი, საკვები, სიმბოლოები, რწმენები, ნახატები თუ კალიგრაფიული ტექნიკები. თუმცა, ზოგჯერ ხელოვანები ამას თანამედროვე კულტურასაც დაუკავშირებენ.