in

საქმე ისევ ხვალისთვის გადადეთ? — ცადეთ 5 წამის წესი

M2
M2

საქმეების გადადება თქვენც გიყვართ? და რა მოხდება თუ გეტყვით, რომ არსებობს წესი, რომელიც პროკრასტინაციისგან გაგათავისუფლებთ? თანაც, 5 წამში… ცოტა დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ დღეს 5 წამის წესზე უნდა გესაუბროთ, ოღონდ ეს იატაკზე საკვების დაგდებისთანავე აღებას არ ეხება, ავტორმა და ყოფილმა ადვოკატმა მელ რობინსმა გაგვაცნო ამავე სახელწოდების წიგნში და გვითხრა: როცა გაგახსენდებათ, რომ რაღაც გასაკეთებელი გაქვთ, დაუყოვნებლივ 5-იდან 1-მდე დაითვალეთ და შემდეგ საქმეს შეუდექით.

ამგვარად, თუ საღამოს ლოგინზე წამოწვებით და გაგახსენდებათ, რომ ღამის რუტინა გაქვთ ჩასატარებელი, ბევრი აღარ იფიქროთ, პირდაპირ დათვლა დაიწყეთ, ადექით და შეუდექით საქმეს. როგორც გვეუბნებიან, ეს ქმედება ტვინის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ასე გვაძლევს შესაძლებლობას საქმე, ბევრი ფიქრის გარეშე, გავაკეთოთ. 

და მაინც როგორ მუშაობს ეს წესი? ამ კითხვას პასუხს ექსპერტები სცემენ:

ეს წესი დაგეხმარებათ, გახდეთ მეტად პროდუქტიული, რადგან გადაუდებლობის განცდას ქმნის და კონკრეტული ამოცანისა თუ ამოცანების შესრულებაში გეხმარებათ. როგორც კი გაანალიზებთ, რომ ეს წესი პატარა საქმეების შესრულებას გიმარტივებთ, მალევე დაიწყებთ მის გამოყენებას უფრო დიდი, კომპლექსური საქმეებისთვის, — განმარტავს რაშელი აისიპი, პროდუქტიულობის ქოუჩი. 

ჩვენი ტვინები ისეა შექმნილი, რომ დისკომფორტისგან დაგვიცვას, რასაც ხშირად მივყავართ იმ საკითხების არიდებისკენ, რომლებიც გვერთულება ან, თუნდაც, გვეზარება. დათვლა კი პრეფრონტალურ ქერქს ააქტიურებს — ტვინის ზუსტად ის ნაწილია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი. ეს მცირე მენტალური ცვლილება ეჭვებს ფანტავს და მანამ გიბიძგებთ ქმედებისკენ, სანამ ტვინი დაყოვნებას დაიწყებს, — ამბობს კევინ კონორი, Modern SBC-ის CEO.

ამგვარად, როცა საქმის გადადებას 5 წუთით, 10 წუთით, 1 საათით ან 1 დღით დააპირებთ, გაიხსენეთ 5 წამის წესი, ასე აწმყოზე ფოკუსირდებით და საქმესაც დროულად გააკეთებთ. თავდაჯერებულიც გახდებით და მოტივაციაც გაგეზრდებათ. ამ უკანასკნელისთვის შეგიძლიათ ჩაიწეროთ, რომელი საქმეები შეასრულეთ ამ წესის დახმარებით ან წინასწარ ჩამოწეროთ ის დავალებები, რომლებზეც ფიქრობთ, რომ ამ წესით შეასრულებთ. 

აღსანიშნავია, რომ ამ წესით მხოლოდ საქმეებს კი არ ვაგვარებთ დროულად და პროდუქტიულობას კი არ ვზრდით, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. თუ საქმეების გადადების შემთხვევაში ეჭვები გვიჩნდება საკუთარი თავის მიმართ, ვისტრესებით და დანაშაულის გრძნობა გვაქვს, 5 წამის წესი ამ ყველაფრის თავიდან არიდებაში გვეხმარება. 

თუმცა, ეცადეთ, ეს წესი იმპულსური ქმედებებისთვის არ გამოიყენოთ, ექსპერტები გვეუბნებიან, რომ თუ ამ წესს ზედმეტად ხშირად დავეყრდნობით, შესაძლოა, მენტალურად გამოგვფიტოს და იმპულსურ გადაწყვეტილებებამდეც მიგვიყვანოს. ამგვარად, ისე, როგორც ყველა სხვა, ეს სტრატეგიაც დაბალანსებულად გამოყენებას მოითხოვს.

თუ ფიქრობთ, რომ ეს წესი თქვენთვის არ არის, ერთ ალტერნატივასაც შემოგთავაზებთ — კონკრეტული საქმეებისთვის კონკრეტული დრო განსაზღვრეთ, მაგალითად, თქვით, რომ სტატიას 30 წუთში დაწერთ, რომ ეს მარტივია და გაუმკლავდებით. თუ მოტივაციის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ, ტაიმერი გამოიყენეთ, 25 წუთი სტატიის წერას დაუთმეთ და 5 წუთი დაისვენეთ, ეს უკანასკნელი ჯილდოს მსგავსი იქნება, რომელიც პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის… 

და თუ თვლით, რომ 5 წამის წესიც გამოგივათ, ჯერ გაიხსენეთ, რა გაქვთ გასაკეთებელი და შემდეგ დაითვალეთ: 5, 4, 3, 2, 1. 

Young Lions Georgia 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია!

მონა ლიზა მუსიკა რომ ყოფილიყო… — ხელოვნების ნიმუშები უსინათლო ადამიანებისთვის მუსიკად გარდაქმნეს