in

5 წიგნი ამ გაზაფხულზე წასაკითხად

„ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისაგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია“, — ამბობს ფრანგი მწერალი დანიელ პენაკი. და რადგანაც ტრანსპორტის ხმაური ისედაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, გულისგამაწვრილებელი წვიმები კი გაზაფხულობითაც არ გვაკლია ხოლმე, დღევანდელ სტატიაში 5 წიგნს გირჩევთ, რომელთა წაკითხვაც თქვენს დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს, „ჩუმად აღმაფრთოვანებელს“ გახდის.

უკმარი სინათლე — ნინო ხარატიშვილი

რა გასაკვირია, რომ დღევანდელი ჩამონათვალი ნინო ხარატიშვილის იმ წიგნით დავიწყოთ, რომელიც ქართველი მკითხველისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნაცნობ, ახლო თემას ეხება. ეს არის მდიდარი, ემოციური ენით მოთხრობილი დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორია; ამბავი რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; მწერალი ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე.

პატარა ქვეყანა დიდი ქარტეხილების დროს და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: „უკმარი სინათლე“ ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა — მარადიული სიყვარულის ახსნა. „აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად“.

დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს…

წლების შემდეგ, ბრიუსელში, გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად გამართულ დიდ ფოტორეტროსპექტივაზე ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. გამოფენილი ფოტოები მათ ისტორიას ჰყვება, რომელიც, ამავდროულად, მათი ქვეყნის ისტორიაცაა. ინტიმური გარემო აიძულებს ძველ მეგობრებს წარსულისთვის ჩამოფარებული ფარდა გადასწიონ და, იქნებ, პატიებაც შეძლონ.

დეიდა ხულია და ჯღაბნია — მარიო ვარგას ლიოსა

გულწრფელად თუ შევაფასებთ, სამხრეთ ამერიკელ რომანისტებს შორის მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოებები ყველაზე „მზიანია“. 1950-იანი წლების ლიმასა და პერუს ისტორიები გაჟღენთილია როგორც გაზაფხულის სიკაშკაშით, სიცოცხლის სისავსით, ისე მოსალოდნელი ცხოვრებისეული სირთულეებით. ეს პოზიტიური, დადებითი ენერგიით აღსავსე რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია — მოგვითხრობს თავად მწერლის პროტოტიპზე, ახალგაზრდა, მწერლობაზე მეოცნებე კაცის შესახებ, რომელსაც თვრამეტი წლის ასაკში ოცდათორმეტი წლის ქალი, საკუთარი ბიძის ცოლის და შეუყვარდება. ამ სასიყვარულო თავგადასავალს კი თან ახლავს როგორც ნათესავების აღშფოთება, ისე პერუული კანონების ბიუროკრატიულ ბარიერებთან ბრძოლა.

შესაძლოა, ამგვარი სცენარის წარმოდგენა გაფიქრებინებდეთ, რომ წიგნის კითხვისას ბევრი ცრემლის დაღვრა მოგიწევთ ან უბრალოდ ბევრი დრამით იქნება გაჟღენთილი… თუმცა მწერალი საოცარ იუმორს მიმართავს ამბის თხრობისას. თანაც, გარდა უჩვეულო სიყვარულისა, ახალგაზრდა მწერლის მეგობრის, რადიოსპექტაკლების ავტორის, უცნაური და საინტერესო კაცის, პედრო კამაჩოს მიერ დაწერილი სცენარებიდან ვეცნობით ფრაგმენტებს — ამ მონაკვეთებში მარიო ვარგას ლიოსას მწერლური ოსტატობა განსაკუთრებით ვლინდება.

მთლიანობაში, ეს ის წიგნია, რომლის წაკითხვაც თქვენს დღეებს გამორჩეულ, ამაღლებულ განწყობას შესძენს.

უძებნი შვილი — ბესიკ ხარანაული

„უძებნი შვილი“ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნია, რომლითაც პოეტი დიდ ოდისეაში გვეპატიჟება. ამ მოგზაურობაში მკითხველს წინამძღოლობას სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი გაუწევს და გასაკვირი არაა, რომ ნაწერიც ჯორის ფლოქვების ხმას მიჰყვება. ეს ენერგია კითხვის პროცესში მკაფიოდ იგრძნობა.

ამ წიგნში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ჰიპერბოლა და მეტაფორა ანუ შეუძლებელი და შესაძლებელი (პოეტისთვის ხომ ეს განსაკუთრებით სახასიათოა); ღმერთის შვილი, რომელსაც სამყაროს შემოქმედი ძებნის დასასრულს ნაგავსაყარზე პოულობს და არსად სხვაგან, და მთავარი — უძებნი შვილი, რომელიც კონკრეტულობას, ვინმედ ან რამედ ყოფნასა და სინამდვილედ ქცევას გაურბის („ვერაფერი ძლებს, რომ თავი არ აღნიშნოს, უძებნი შვილის გარდა“).

მთლიანობაში, „უძებნი შვილი“ ადამიანისა და სამყაროს თავგადასავალია. მასში ჩატვირთული თითოეული სიტყვა ძიების, მოქმედებისა და გზაზე დადგომისკენ გვიბიძგებს. ამ წიგნში, წინამორბედების მსგავსად, იგრძნობა ბესიკ ხარანაულის დიდი მწერლური ოსტატობა, შექმნას ისეთი ტექსტი, სადაც მკითხველი არ დაიკარგება და რომლის კრიალოსანივით ასხმულ სათაურებში კაცი არა მხოლოდ გზას გაიგნებს, თამაშსაც აჰყვება. ეს კი ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან „მკითხველი რომ კმაყოფილია, ავტორიც იწმინდება“.

The Sun Does Shine — ენტონი რეი ჰინტონი

ეს არის ძლიერი ამბავი იმედის, სიყვარულის, სამართლიანობისა და კითხვის შესახებ. სიუჟეტი ერთი კაცის ირგვლივ ვითარდება, რომელმაც 30 წელი გაატარა იმ დანაშაულის სიმძიმით, რომელიც თავად არ ჩაუდენია. უიმედობითა და სასოწარკვეთილებით სავსე წიგნი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე მძიმე, საშინელი მომენტებისგან თავის დაღწევა და ცხოვრების სიკეთისკენ შემობრუნება. აქ ბრაზს სიმშვიდე ანაცვლებს, როგორც ზამთარს — გაზაფხული.

ტრანსფორმაციული ხასიათით, The Sun Does Shine იმედის ძალას უდიდესი სიზუსტით ასახავს, როგორც სიბნელისგან გამოსვლის საშუალებას. „საოცარი და გულისგამათბობელი ამბავია, ის რწმენას გვიბრუნებს კაცობრიობის თანდაყოლილი სიკეთის მიმართ“, — ამბობს დეზმონდ ტუტუ, არქიეპისკოპოსი, რომელსაც ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა 1984 წელს.

აღნიშნული წიგნი ოპრა უინფრის წიგნის კლუბშიც მოხვდა და ოპრა აღნიშნავს: „წლების განმავლობაში ჩემი წიგნის კლუბისთვის არა ერთი დიდებული ნოველა შევარჩიე, თუმცა ეს, უბრალოდ ეპიკურია და მასში თავიდან ბოლომდე რეალობაა აღწერილი“.

უბრალოდ, ბავშვები — პატი სმითი

„პატი სმითმა პოეტური შედევრით დაგვაჯილდოვა. ეს წიგნი იშვიათი მოსაწვევია, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი განძის აღმოსაჩენად გვეპატიჟება“, – ამბობს ჯონი დეპი წიგნზე, რომელიც ჩვენს ჩამონათვალში მოხვდა.

თემატურად, ამ წიგნს გაზაფხულის მიწურულისთვის გთავაზობთ: „კოლტრეინის გარდაცვალების ზაფხული იდგა; სიყვარულისა და ამბოხებების ზაფხული; ზაფხული, როდესაც ორი ახალგაზრდა ბრუკლინში ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარა. ამის შემდეგ დაადგნენ ორივენი ხელოვნების, თავდადებისა და ძიების გზას.

პატი სმითი პოეტად და არტისტად იქცა, რობეტ მეპლთორპი კი, თავისი უკიდურესად პროვოკაციული სტილით, ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა. ისეთი გაფაქიზებული ცნობიერების ეპოქა დამდგარიყო, როდესაც პოეზიის, როკ-ენროლის, ხელოვნებისა და სექსუალობის პოლიტიკის სამყაროები ერთიმეორეს ეჯახებოდნენ და იმსხვრეოდნენ. ამ ყველაფრით გარემოცულნი, პატი და რობერტი ერთმანეთის ოცნებებითა და მიზნებით სულდგმულობდნენ, სულიერი შიმშილის წლებში კი ერთმანეთს აგულიანებდნენ და ასაზრდოებდნენ“.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის დახმარებით ქართველი მეწარმე კვების ტურიზმს ავითარებს

ლიბერთი განათლებისთვის — სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადდნენ