in

5 წიგნი სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის

სარეკლამო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. ყოველწლიურად უამრავი დრო, ფინანსები და რესურსი იხარჯება კომპანიებისგან კარგი, სრულფასოვანი რეკლამის გასაკეთებლად. მარკეტერები, კრეატიული გუნდის წარმომადგენლები გამუდმებით შთაგონების, იდეების ძიებაში არიან, რათა შექმნან განსხვავებული კონტენტი, არ ჰგავდნენ ერთმანეთს, არ ჰგავდეს მათი უკვე ერთხელ შექმნილი პროდუქტი მეორეს და ა.შ. ამ ყველაფერს კი ცოდნა, გამოცდილება და კრეატიულობა ქმნის. 

ლიტერატურა, რომელიც შეუცვლელ როლს ასრულებს ნებისმიერი მიმართულებით, სარეკლამო სფეროშიც საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანია. არსებობს უამრავი ავტორი, რომელიც ამ თემაზე წერს და გვთავაზობს წიგნებს კარგი რეკლამის, სწორად დაგეგმილი სტრატეგიებისა და გაყიდვის უნარის მქონე ტექსტების წერის შესახებ. იმისთვის, რომ სტატია მრავლისმომცველი გამოსულიყო, ერთი მხრივ, ჩვენც გადავხედეთ ამ ინდუსტრიის ცნობილ ლიტერატურას, მეორე მხრივ კი, თავად სფეროს წარმომადგენელსაც გავესაუბრეთ. ჩვენი სტუმარი ფრილანს ქოფირაითერი ნინჩო ბალანჩივაძეა:

ადრე რომ გეკითხათ, სამყაროში ყველაზე მოსაწყენი სამი რამ დაასახელეო, ეს იქნებოდა:
1. ზუმის ქოლები

2. რიგში დგომა

3. პროფესიული წიგნების კითხვა

 ოღონდ აქ მთავარი ისაა, რომ წაკითხულიც არ მქონდა არცერთი, იმდენად მოსაწყენად მიმაჩნდა ისინი.
ერთ დღეს ისე მოხდა, რომ ჩიპ და დენ ჰითის — “Made to Stick: Why Some Ideas Survive and Others Die” შემომეკითხა. პირველივე თავში მივხვდი, რომ ვა, თურმე პროფესიული წიგნებიც შეიძლება იყოს საინტერესო.

Chip Heath & Dan Heath-ის Made to Stick: Why Some Ideas Survive and Others Die რომ წავიკითხე, ჯერ კიდევ ახალგამოჩეკილი ქოფირაითერი ვიყავი და ამ წიგნის სიმარტივე და პირდაპირობა, ბევრ ჩახუჭუჭებულ სიბრძნეზე ჭკვიანური და სასარგებლო მომეჩვენა.

 გავიაზრე ის, რაც მანამდე შეიძლება უბრალოდ ინერციით გამომდიოდა — მიმეწოდებინა დამკვეთისთვის ხელშესახები იდეები. სარეკლამო ინდუსტრიაში ხანდახან იმდენად ვიკარგებით საქმეებში და იმდენად ვცდილობთ კრეატიულობას, რომ მთავარი გვეკარგება — ამ ყველაფერს ხომ ადამიანებისთვის ვაკეთებთ, ვფიქრობთ კი მათზე, როგორც მომხმარებლებზე?

ალბათ, ამ წიგნის შინაარსს ერთი წინადადებით ასე აღვწერდი:  “რა მუშაობს მართლა და რა ამახსოვრდება მომხმარებელს, მართლა”. ავტორები კონკრეტული მაგალითების მოყვანით ზუსტად იმას გვანახებენ, რაც სარეკლამო ინდუსტრიაში ხშირად ავიწყდებათ — ხელშესახებლობა.

 ენდი მასლენის Persuasive Copywriting: Using Psychology to Influence, Engage and Sell

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდები — სარეკლამო ინდუსტრიაში უფრო მეტი ფსიქოლოგია უნდა იცოდე, ვიდრე მარკეტინგი და მე თუ არა, ეს წიგნი ამაში აუცილებლად დაგარწმუნებთ.

 მარკეტინგის სახელმძღვანელოებში ამოკითხული წესები და ფორმულები ვერასდროს მიგვაღწევინებს სასურველ შედეგს ისე ეფექტურად, როგორც მომხმარებლების გონებაში ჩაძრომა და მათი საჭიროებების რეალური გააზრება.

ქოფირაითერმა იდეები და ტექსტები ისე უნდა წეროს, რომ მომხმარებლის დარწმუნება შეძლოს. მომხმარებლის დარწმუნება კი, სამიზნე აუდიტორიის ქცევის ღრმა ანალიზის გარეშე არ ხდება.

კი გვასწავლიან, რომ წარმატების გზაზე „შორთქათები” არ არსებობს, მაგრამ ეს წიგნი უმოკლესი გზაა იმ პრინციპების გასაგებად, რომლებიც სარეკლამო ინდუსტრიაში გამოგვადგება.

როცა მარკეტინგში შეგრძნებებით ხელმძღვანელობ და არა დაწერილი წესებით, კი,  ისე იქნები წარმატებული სარეკლამო ინდუსტრიაში, რომ ყველა ახალი 4 P-ს დაზეპირება აღარ მოგიწევს.

სეტ გოდინის ბლოგი 

ამ სფეროში სეტ გოდინის ლიტერატურას ასე თუ ისე ყველანი ვიცნობთ, მაგრამ  ახლა მის სქელტანიან ნაშრომებზე მეტად, რეკომენდაციას  მის ბლოგს გავუწევ, რომელიც  თითქოს უფრო ცოცხალი და ცინცხალი ნააზრევია, არც ერთხელ და სამუდამოდ დაწერილია და ჩვენთან ერთად ვითარდება.

თან, ახლადნაყიდ წიგნებს ხშირად სწორედ იმ საქმის გამო ვალოდინებთ თაროზე, რაშიც ამ წიგნებმა უნდა განგვავითაროს. ეს ბლოგი კი უკეთ მოგვემსახურება: 2-წუთიანი საკითხავით, პერიოდულად ავიღებთ ღრმა ინსაითებს სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურისგან.

და ბოლოს, ახლა იგივე რომ მკითხოთ, პროფესიულ წიგნებს ისევ ტოპ 3 მოსაწყენ აქტივობაში შევიყვანდი, ამ წიგნებს კარგი მარკეტერები და ქოფირაითერები რომ არ წერდნენ. სარეკლამო ინდუსტრიელებს გაგვიმართლა — ასეთი წიგნები ასწორებს და კარგი წასაკითხია”, – ნინჩო ბალანჩივაძე, ფრილანს ქოფირაითერი.

ნინჩოს შემდეგ რამდენიმე წიგნს ჩვენი გემოვნებითაც გაგიზიარებთ:

1. დევიდ ოგილვი – რეკლამის სპეციალისტის აღსარება

დავიწყოთ იმით, რომ ეს პიროვნება სარეკლამო სფეროს ლეგენდაა, მას რეკლამის მამად მოიხსენიებენ. ეს არის ადამიანი, რომლის სახელიც ყველა სარეკლამო სააგენტომ იცის და მისდევს მის პრინციპებს, ამიტომ ოგილვის მხოლოდ ერთი წიგნის ამორჩევა არც ისე მარტივია. თუმცა „რეკლამის სპეციალისტის აღსარება” არის წიგნი, რომელიც უზარმაზარი ტირაჟით გაიყიდა. მასში გადმოცემულია ერთი მხრივ, ოგილვის მემუარები, მეორე მხრივ კი, პრაქტიკული რჩევები რეკლამის შესახებ. ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც გვაცნობს სარეკლამო სფეროს შიდა სამზარეულოს, ასწავლის მკითხველებს, როგორ მოიპოვონ და შეინარჩუნონ კლიენტები.

2. ლუკ სალივანი – Hey Whipple, Squeeze This!

ეს წიგნი სარეკლამო სამყაროს ერთგვარი გზამკვლევია მათთვის, ვინც მუშაობს ამ სფეროში. არ აქვს მნიშვნელობა, უკვე ათწლეულია ამ ბიზნესში ხართ თუ ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს, ის თქვენთვის მაინც სამაგიდო იქნება. მასში გამოხატულია ავტორის, სალივანის დამოკიდებულება რეკლამის შექმნის გიჟურ შემოქმედებით პროცესზე. ეხება წერისა და დიზაინის პროცესებსაც, რეკლამის სხვადასხვა მხარეს, ტელე, რადიო, ციფრულ რეკლამებს და სხვა.

3. რობერტ ბლაი – The Copywriter’s Handbook

როგორ დაწეროთ ძლიერი და დამაჯერებელი ქოფი? ეს ამ წიგნის მთავარი იდეაა. წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა სათაურების შედგენა, იმეილ მარკეტინგი და სხვა. თითოეული თავი დეტალურად აღწერს სხვადასხვა საშუალებას, როგორიცაა ვებსაიტები, ონლაინ რეკლამები, საზოგადოებასთან ურთიერთობის მასალა, ბეჭდური რეკლამები და ვიდეო. ის არის პრაქტიკული სახელმძღვანელო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს, დაეუფლოს სარეკლამო ტექსტის წერის ხელოვნებას.

4. ჯონ ჰეგარტი – ჰეგარტი რეკლამის შესახებ

წიგნის ავტორი არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Audi, Levi Strauss და სხვა. ჰეგარტი მსუბუქი იუმორით აღწერს მთელ თავის გამოცდილებას და განიხილავს თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების გზას. წიგნი ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. 

5. ჯეიმს ვებ იანგი – იდეების წარმოების ტექნიკა

სიაში ბოლოს ერთი საკმაოდ ძველი წიგნიც ჩავსვით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 1965 წლით თარიღდება, კლასიკად ითვლება, დღემდე საკმაოდ პოპულარულია და როდესაც სარეკლამო სფეროზე დაწერილ წიგნებს ზოგადად მიმოვიხილავთ, გვერდი ვერ ავუარეთ. 

გამოქვეყნების დღიდან დღემდე ეს წიგნი ქოფირაითერებსა და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს ათვითცნობიერებს რეკლამის მნიშვნელობაში, შიდა ბარიერების გადალახვაში, კრეატიულობის გახსნაში. წიგნი აგებულია შემდეგი სტრუქტურით: მასალის შეგროვება, გონებაში მასალაზე ინტენსიური მუშაობა, პრობლემების გადაჭრა და გამოცდა. 

ეს სია, რა თქმა უნდა, არ არის სრულყოფილი. ამ ინდუსტრიაზე ბევრი საინტერესო და საჭირო ლიტერატურა არსებობს, რომელიც შეგიძლიათ, მოიძიოთ და წაიკითხოთ, თუმცა ვეცადეთ, სტატიაში სხვადასხვა დროს გამოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული წიგნები ჩაგვესვა, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული, თუკი ამ სფეროთი ხართ დაინტერესებული.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

8 გლობალური აქსელერატორი, რომელიც ქართულ სტარტაპებს ინვესტიციების მოძიებაში დაეხმარება

გალერეების კვირეული – ომის დღიურები