სამსახურის დაწყება ყოველთვისაა გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. მაგალითად, თქვენ შეიძლება სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდეთ, თუმცა, ზოგიერთი ფაქტორის გამო ვერ გამოავლინოთ ის რესურსი და უნარები, რომლებიც საკუთარი თავის წარმოჩენისთვისაა საჭირო.
თუკი გსურთ, განსაკუთრებული პირველი შთაბეჭდილების დატოვება, უნდა გააკეთოთ თქვენი მაქსიმუმი და თუ საჭირო გახდა – მაქსიმუმზე მეტიც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს შთაბეჭდილება თქვენს დამსაქმებლებს კარგა ხნის განმავლობაში მიჰყვებათ თან.
წარმოგიდგენთ 5 გზას, თუ როგორ უნდა შეძლოთ პირველივე თვეში კარგი რეპუტაციის შექმნა:
იყავით დეტალებზე ორიენტირებული
მაშინ, როდესაც სამსახურში ახალი მისული ხართ, ბევრი რამის სწავლა გჭირდებათ მის შესახებ. ის, თუ როგორია ინტერაქცია გუნდის წევრებს შორის, როგორია ლიდერის ხასიათი და ქმედებები და ა.შ სწორედ ამიტომ, გჭირდებათ, რომ თითოეულ შეხვედრას დაესწროთ. თუმცა, აქ დასწრება არაა მთავარი, მთავარი ისაა, დეტალებს დააკვირდეთ და მეტი გაიგოთ იმ ადგილის შესახებ, სადაც მუშაობთ.
დაგეგმეთ გაცნობითი შეხვედრები თქვენს კოლეგებთან
აუცილებელია, იცოდეთ დამსაქმებლის ორგანიზაციული სტრუქტურა. საამისოდ კი, კარგი იქნება, თუკი თქვენს კოლეგებთან გაცნობით შეხვედრებს მოაწყობთ. ამგვარად უკეთესად გაეცნობით იმას, თუ რა და როგორ ხდება თქვენს სამსახურში. დაუსვით ისეთი კითხვები, რომლებზე გაცემული პასუხებიც თქვენს საქმიანობაში უკეთ გაგარკვევთ. ასევე, ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ, ლოგიკური რეაქცია გქონდეთ ამა თუ იმ საკითხზე.
მოითხოვეთ ფიდბექი
დაანახეთ კოლეგებსა და უფროსს, რომ დიდი სურვილი გაქვთ, იცოდეთ რას ფიქრობენ ისინი ამა თუ იმ საკითხზე. ლიდერები, ასეთ შემთხვევაში, ხშირად ფიქრობენ, რომ დაინტერესებულ თანამშრომელს სურს, განვითარდეს, გაუმჯობესდეს და გააკეთოს თავისი მაქსიმალური, რაც შემდეგ ნდობას აღვივებს. ნდობა კი ის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, რომელიც კარგი რეპუტაციის შექმნისთვის გჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, თუ რა მოლოდინები აქვთ თქვენგან
დააკვირდით თანამშრომლებისა და ლიდერების დამოკიდებულებებს თქვენდამი. დაფიქრდით, რა მოლოდინები აქვთ მათ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. დაფიქრდით იმაზეც, თქვენ რა მოლოდინები გექნებოდათ იმ ადამიანისგან, რომელსაც ამ პოზიციაზე დაასაქმებდით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენივე ქმედებები რელევანტური იქნება სხვების მოლოდინებთან.
გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა
დამსაქმებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თანამშრომლის მიერ თითოეული შესაძლებლობით დაინტერესება. შესაძლებლობაში კი იგულისხმება როგორც ახალი პროექტები, ისე კომპანიაში გამართული დებატები, სადაც თქვენი აზრის დაფიქსირება შეგეძლებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველაფერში მონაწილეობის მიღება არ გულისხმობს ყველაფერში წარმატებას. წარუმატებლობები ასეთ შემთხვევებს ხშირად სდევს თან, თუმცა, იცოდეთ ისიც, რომ ლიდერები არც ერთი თანამშრომლისგან მუდმივ წარმატებას არ ელიან, მით უმეტეს, ახლისგან. შესაბამისად, გარისკეთ და დაუშვით შეცდომები. თქვენს მცდელობას ყველა დაინახავს.
მოცემული გზების გათვალისწინება დაგეხმარებათ, საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინოთ და გუნდის წევრებსა და ლიდერზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ შეცდომების დაშვებაც აუცილებელია, რათა შემდგომ ჯერზე უკეთ გააკეთოთ საქმე.
წყარო: Inc