in

5 ნაბიჯი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშის დასაძლევად

ყველას გვინდა, ვიყოთ უბადლო საჯარო გამომსვლელები. ვოცნებობთ თავდაჯერებულობაზე ჩვენი პრეზენტაციისას, ყინულის დაძვრაზე კარგი ხუმრობით ან აუდიტორიის მონუსხვაზე თემასთან კავშირის მქონე ისტორიებით. ვფიქრობთ ყველაზე რთულ კითხვებზე მარტივი/მსუბუქი პასუხის გაცემაზე, აპლოდისმენტებსა და აუდიტორიის კმაყოფილებაზე. თუმცა, ხშირად ჩვენი შიში გვაგორებს კიბიდან, რომლის ზედა საფეხურზე დგომასაც წარმოვიდგენდით საჯარო გამოსვლაზე ფიქრისას, ვკარგავთ აუდიტორიას, გარს ვუვლით ცარიელ წრეს, რომელშიც ვერცერთ სიტყვას ვხედავთ. თუ თქვენ აძლევთ თქვენს შიშს საშუალებას, გაქციოთ ცუდ გამომსვლელად, არ არის აუცილებელი, ძირფესვიანად აღმოფხვრათ ის, ამას ვერც შეძლებთ. უბრალოდ, შეგიძლიათ სცადოთ მისი შემცირება, რისთვისაც სულ მცირე, ხუთი ნაბიჯი უნდა გადადგათ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

იყავით მომზადებული. პირველი ნაბიჯი, თქვენი შიშის შესამცირებლად, არის კარგი მომზადება. ეს ნიშნავს, იცოდე საკითხი იმდენად კარგად, რომ დაფიქრებაც კი არ გჭირდებოდეს მასზე საუბრისას. დარწმუნდით, რომ ყველა დეტალი გაწერილი გაქვთ, სცადეთ პრეზენტაციის რეპეტიცია ყველა აუდიო-ვიზუალური მოწყობილობის თანხლებით. თუ საჭირო გახდა, ჩართეთ ამ საკითხში მეგობრები, რომლებიც მსმენელების როლს შეასრულებენ და დაგისვამენ კითხვებს, რომლებიც, შესაძლოა, ნამდვილ აუდიტორიასაც გაუჩნდეს. გაითამაშეთ პრეზენტაციის მიმდინარეობის რამდენიმე სცენარი. ასევე, შეგიძლიათ, გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას.

იყავით ნამდვილი. ზოგიეთი შიში ნამდვილია, ზოგი კი არა. თუკი თქვენ გაქვთ 100 სლაიდი 30 წუთიანი გამოსვლის განმავლობაში, დროის გადაცდენის შიში უსაფუძვლო როდია. თქვენ იცით, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოტოვოთ მასალის ნაწილი, ხოლო, კონკრეტულად, რომელი ნაწილი მიიჩნიოთ ნაკლებმნიშვნელოვნად, საკმაოდ რთული დილემაა, რომლის გადაჭრაშიც პირველი ნაბიჯი – მომზადება შეიძლება დაგეხმაროთ. როგორც ადამიანები, ჩვენ მიდრეკილი ვართ მოვლენების დრამატიზებისა და საკუთარი თავის უკიდურესად ექსტრემალურ სიტუაციებში დანახვისკენ. დარწმუნდით, რომ თქვენი შიშები რეალურია, განსაზღვრეთ მათი რისკები.

ზოგიერთ სპეციალისტს აქვს მეთოდი – დახატოს სამი სვეტი ფურცელზე, გამოსვლის წინა ღამით. ერთი სვეტი არის შიში, მეორე – ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, თუ შიში გამართლდება და მესამე – ყველაზე კარგი რამ, რაც მოხდება, თუ თქვენთვის საშინელი სცენარი განვითარდება. მაგალითად, შიში შეიძლება იყოს სცენაზე გამოსვლა, ყველაზე საშინელი რამ – ვინმემ რომ გადაგიღოთ, თუ როგორ ბლუყუნებთ, შემდეგ, დადოს facebook-ზე, ვიდეო გახდეს ვირუსული, თქვენ კი საჯარო დაცინვის საგანი. თუმცა, ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას აჩვენოთ, რომ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, ბევრმა შეიძლება ამ გზით აღმოგაჩინოთ და გაიგოს თქვენ შესახებ. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მოსალოდნელი სიტუაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მით უფრო მცირდება შიში.

იყავით მგრძნობიარე. მგრძნობიარობა დიდი ძალაა და კარგი გზა აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად. ეს ნიშნავს, გქონდეთ ბზარები საუბარში და უშვებდეთ შეცდომებსაც, თქვენს აუდიტორიას აძლევდეთ საშუალებას, გაგიცნოთ. ისინი არ არიან აქ მხოლოდ იმ მშრალი ინფორმაციის მისაღებად, რასაც თქვენ აწვდით, მათ უნდათ რაღაც ახლის შეგრძნება, სწავლა და კონტაქტი. ემოციურად, რაც უფრო დაკავშირებული ხართ იმასთან, რაც უნდა თქვათ, მით უფრო ჩართულები არიან ისინი ამ პროცესში. ისინი იგრძნობენ იმას, რასაც თქვენ გრძნობთ. შეგიძლიათ მოიყვანოთ პირადი მაგალითები, რომლებიც, გარკვეულწილად, უკავშირდება გამოსვლის თემას.

იყავით შთაგონების წყარო. თუ ფიზიკურად სცენაზე ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად იქ ხართ. თქვენი აუდიტორია მიჰყვება თქვენს ფიქრს და გრძნობს გაცილებით მეტს, ვიდრე თქვენ ამბობთ ან აკეთებთ. იპოვეთ გზები, რაც დაგეხმარებათ, იყოთ საჩუქარი აუდიტორიისთვის. თითოეულ ჩვენგანს აქვს რაღაც, რისი სხვისთვის გადაცემაც ღირებულია. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შთაგონება, ბიძგი, იმპულსი, მოტივაცია. თუ მიუხედავად ამის გააზრებისა, მაინც გაფანტული ხართ, სწრაფი გზა რეალობის აღსაქმელად არის, იგრძნოთ სიმყარე ფეხებქვეშ, ჩაისუნთქოთ, იპოვნოთ კეთილგანწყობილი სახე აუდიტორიაში და დაუკავშირდეთ მას.

იყავით დიდსულოვანი. უთუოდ, უნდა არსებობდეს მიზეზი, გარდა მოვალეობის მოხდისა, იმისათვის, რომ გინდოდეთ ინფორმაციის მიტანა აუდიტორიამდე. ეს არის გზავნილი, რომელიც გინდათ ადამიანებს გაუზიაროთ, შეაღწიოთ მათს წარმოდგენებში საკუთარ სამსახურთან, სამუშაო ჯგუფთან, ოჯახსა თუ საზოგადოებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, გახდეთ ინსპირაცია, აჩვენოთ მიმართულება, გაუზიაროთ გამოცდილება და ამით, რეალური დახმარება აღმოუჩინოთ. როგორ შეგიძლიათ გადასცეთ თქვენი განცდები და შეხედულებები სხვებს? რამდენად დიდსულოვნად შეგიძლიათ მათი გაზიარება? რამდენად მგრძნობიარე და გულწრფელი იქნებით ამ პროცესში?

როგორც კი დანერგავთ ამ ხუთ ნაბიჯს თქვენს პრაქტიკაში, უნდა იფიქროთ იმაზეც, როგორ დააბალანსოთ ისინი. თქვენი ეგო შესაძლოა იქცეს თქვენს მტრად. მისი სიჭარბე გამოიწვევს ნაკლებ მგრძნობიარობასა და აუდიტორიასთან ცუდ კავშირს, მისი სიმცირე კი ვერ გამოგამუშავებინებთ აუდიტორიის ნდობას. გჭირდებათ შეარჩიოთ სწორი კალიბრი საკუთარი თავისთვის, იმისათვის, რომ იყოთ დამაჯერებლად თავმდაბალი და თავმდაბლურად დამაჯერებელი.

დასასრულს კი, უფრო მარტივია, შეამციროთ საჯარო გამოსვლის შიში სხვებთან ერთად. იპოვნეთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან თქვენი „რაზმი“ ამ საკითხში. დაეხმარეთ ერთმანეთს, რომ იყოთ მომზადებული, ნამდვილი, მგრძნობიარე, შთაგონების წყარო და დიდსულოვანი. ყველას გვაქვს რაღაც, რისი გაცემაც სასარგებლოა, ჩვენ ყველა შეიძლება გავხდეთ შთაგონების წყარო ვიღაცისთვის, საუბარი კი არის კარგი შესაძლებლობა ამისათვის.



„გახდი ბეთმენი“ იმირომტომ მას მოგება უწერია! HOLMES&WATSON-ის ნამუშევარი Europebet-ისთვის

ვის გინდა, რომ დაემსგავსო, როცა გაიზრდები? – LookAlike-ის შეკითხვები პატარებს