in

5 გზა მენეჯერებისთვის, ორსული თანამშრომლების მხარდასაჭერად

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი, სამუშაო სივრცეში ორსულთა დისკრიმინაციის შესახებ, პრობლემა მაინც მოუგვარებელია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 5 წელიწადში, აშშ-ში, ორსულთა დისკრიმინაციის 15 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ვიცით, რომ დისკრიმინაცია გავლენას ახდენს ორსული თანამშრომლების კარიერულ შედეგებზე, თუმცა, მნიშვნელოვანი კითხვაა, ახდენს თუ არა ეს გავლენას ორსულებისა და მათი ბავშვების ჯანმრთელობაზე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევით დადგინდა, რომ მსგავსი დისკრიმინაცია ქალებში სტრესს იწვევს, რაც, თავის მხრივ, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს ზრდის. სტრესი ნაყოფის წონის შემცირებასა და ნაადრევ დაბადებაზეც მოქმედებს. ეს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის შორსმიმავალ შედეგებზე მეტყველებს, რაც მისი მოგვარების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

თანამშრომლებისთვის უფრო პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას კი დამსაქმებლები, შემდეგი ხუთი რჩევის პრაქტიკაში განხორციელებით, შეძლებენ. 

ღია საუბარი ორსულთა საჭიროებებზე

მენეჯერებს აქვთ უნიკალური პოზიცია, უზრუნველყონ ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ორსულ თანამშრომლებს სტრესის შესამცირებლად სჭირდებათ. როგორც წესი, ქალები თავიანთ ორსულობას პირველი ტრიმესტრის შემდეგ აცხადებენ. მენეჯერი კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელსაც ამის შესახებ ეუბნებიან. მის თავდაპირველ რეაქციას შეუძლია გავლენა მოახდინოს ორსულებში სტრესის ჩამოყალიბებაზე ან, პირიქით. აქ მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ტონი.

მენეჯერებმა უნდა გამოიყენონ ყველა ორგანიზაციული რესურსი თანამშრომლების მხარდასაჭერად, უნდა ჰქონდეთ ღია საუბარი იმაზე, თუ რა სჭირდებათ მათ რეალურად. კარგი განზრახვის მქონე ხელმძღვანელები ზოგჯერ აკეთებენ არასწორ ვარაუდს, რომ ორსულებისთვის შემცირებული დატვირთვა სასარგებლო იქნება, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. შემცირებულმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სტრესის გაუთვალისწინებელი შედეგი, ან შესაძლოა იგი დამამცირებელ და თუნდაც დისკრიმინაციულ ფაქტორად მიიღონ.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი 

მენეჯერებს ორსულ თანამშრომელთა დახმარება ისეთი შეთავაზებით შეუძლიათ, როგორიცაა დისტანციური და მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ეს ვარიანტები მოგებიანია, რადგან ისინი თანამშრომლებს სამუშაო და არასამუშაო პასუხისმგებლობების უკეთ შესრულების საშუალებას აძლევს. მსგავსად ხარისხი უმჯობესდება, სტრესი კი მცირდება. 

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა თანამშრომლებს აუხსნან, რომ მსგავსი გრაფიკის ქონა მათი უფლებაა და არა პრივილეგია.

ექიმთან ვიზიტისთვის შესაბამისი დროის გამოყოფა

მშობიარობამდე, ექიმთან რეგულარულ შემოწმებებზე სიარულია საჭირო. ორსულობის სხვადასხვა ფაზაში, სხვადასხვა სიხშირით. დამატებითი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ასაკოვანი ქალებისა და მრავალშვილიანებისთვის, შემოწმებების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს. მსგავსი ვიზიტების გარდა, ორსულებს სხვა სპეციალობის ექიმებთანაც უწევთ მისვლა, იქნება ეს სტომატოლოგთა თუ ნუტრიციოლოგთა ჩარევა.

შესაბამისად, ორსული თანამშრომლებისთვის ადრე გასვლის, გვიან მისვლის ან დისტანციურად მუშაობის დაშვება, როდესაც მათ ექიმთან ვიზიტები აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.

თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელშეწყობა

კვლევები ადასტურებს, რომ თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა მხარდაჭერა დიდად მოქმედებს ორსულებში სტრესის შემცირებაზე. ეს კი მშობიარობის შემდგომ დეპრესიასაც ამცირებს და ბავშვის დაბადების შემდეგ, დედების უფრო სწრაფ ფიზიკურ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელშეწყობა, ბავშვის დაბადებამდე და მის შემდეგ. მენეჯერებმა ორსულ თანამშრომლებს უნდა ჰკითხონ თუ რა სჭირდებათ სამუშაო საათებში.მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გაითვალისწინონ ორსული თანამშრომლის მოთხოვნები – ზოგისთვის სოციალური ურთიერთქმედება შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, ზოგისთვის კი ეს აუცილებელია. მათ ასევე შეიძლება, შვებულების შემდეგ, თანამშრომლებთან რაიმე სახის კავშირის შენარჩუნება სურდეთ ელექტრონული ფოსტის ან Zoom-ის შეხვედრების საშუალებით. 

ორსული თანამშრომლებისთვის სოციალიზაციის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტის შეთავაზება როგორც კომპანიაზე, ისე თანამშრომლებზე დადებით გავლენას ახდენს. 

საჭირო ინკლუზიური ორგანიზაციული კლიმატის შექმნა

ინკლუზიური ქცევები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა თანამშრომელი დაფასებულია, მიუხედავად მათი სქესის, ჯანმრთელობის, მშობლის სტატუსისა თუ სხვა განსხვავებისა. ეს კი თანამშრომელთა განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. კვლევა აჩვენებს, რომ მსგავს მიდგომას შეუძლია თანამშრომელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა გააუმჯობესოს. 

კარგი გარემოს შესაქმნელად მენეჯერებმა ორსულებს კითხვები უნდა დაუსვან და ყურადღებით მოუსმინონ მათ პასუხებს, უნდა გამოიჩინონ თანაგრძნობა, უნდა შეძლონ ნებისმიერი პრობლემის დადგენა და მათ მოსაგვარებლად შესაბამისი გზების პოვნა. ინკლუზიური ორგანიზაციული კლიმატის შექმნა მნიშვნელოვანია ორსული თანამშრომლების ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის.

კვლევის თანახმად, დასაქმებული ქალების დაახლოებით 85% კარიერის გარკვეულ მომენტში შეიძლება დაორსულდეს. სწორედ ამიტომ, მენეჯერებმა დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომები უნდა მიიღონ. უპირველესად,უნდა შეინარჩუნონ ღია დიალოგი ორსულ თანამშრომლებთან და გაიგონ, თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ.

 

წყარო: HBR



რეზინი, რომელიც ელექტრო მანქანების ინდუსტრიას უკეთესობისკენ შეცვლის

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა