in

5 წიგნი მოტივაციის ასამაღლებლად

არის მომენტები, როცა ცხოვრებაში ბევრი რამ ცუდად მიდის და გზის გაგრძელების ძალას ძნელად ვპოულობთ. ასეთ დროს კი, გარდა მხატვრული ღირებულებისა, წიგნები ერთ-ერთ საუკეთესო მოტივატორად გვევლინება — რა თქმა უნდა, მომენტისთვის სწორად შერჩეული. მათში ისეთ ამბებს ამოვიკითხავთ, ჩვენს რეალობას პირდაპირ ან ირიბად რომ ერგება და უცბად გამოსავალსაც ვპოულობთ. რაღაც ახალ მუხტს გვაძლევს, მებრძოლი გმირების შთაგონების ქვეშ ვექცევით…

სტატიაშიც იმ წიგნებს გაგიზიარებთ, რომლებიც მოტივაციის ნაკლებობისას გამოგადგებათ.

გაბრიელ გარსია მარკესი — ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი

პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას გამოქცეულმა და სამშობლოში დაბრუნების უფლებაწართმეულმა კინორეჟისორმა მიგელ ლიტინმა თავის შვილებს აღუთქვა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორს – პინოჩეტის – შვიდიათას მეტრიან ვირის კუდს გამოაბამდა. რეჟისორმა სიტყვა შეასრულა – ჩილეში არალეგალურად შეიპარა და 12-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, შვიდიათას მეტრიან ფირზე აღბეჭდა ქვეყნის სასტიკი რეალობა.

როგორ გაართვა თავი კინორეჟისორმა ესოდენ რთულ და სახიფათო ამოცანას, როგორ გადაღო არამარტო თავის, არამედ ქვეყნის ცხოვრების უმთავრესი კინო – ამაზე მიგელ ლიტინი თავად გიამბობთ ლეგენდარული კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში.

იისფერი — ელის უოკერი

ელის უოკერის „იისფერს“ ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.

1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ იისფერიამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს. პერსონაჟების ტრაგიკული ამბები იმდენად „შიშვლად“ და, ამავდროულად, მხატვრული ესთეტიკითაა გადმოცემული, რომ მაყურებლების ემოციები ერთმანეთში ირევა — ზოგჯერ ბრაზი და ზიზღი, ზოგჯერ კი სევდა, ტკივილი.

ათასი მოელვარე მზე — ხალიდ ჰოსეინი

„ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას.

ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ. წიგნის გარეკანზეც ეს ამბავია გადმოცემული — მკითხველი თავიდანვე ხვდება, რომ ნაწარმოებში ომი და ყოველდღიური ცხოვრების მშვენიერება მუდმივ ჭიდილში იქნება ერთმანეთთან… როდესაც ადამიანებს მშვიდობით, სილამაზით ტკბობა სურთ და სანაცვლოდ ჭურვებს იღებენ, ქალები გამოსავალს აქაც პოულობენ.

არასოდეს გამიშვა — კაზუო იშიგურო

ეს არის ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. სიუჟეტი სამი ბავშვის ცხოვრებას მიჰყვება. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. თითქოს, ეს ჩვეულებრივი მოცემულობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ადგილი სრულიადაა მოწყვეტილი გარე სამყაროს. აქ უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს და არავის აქვს თავისუფალი არჩევანი… ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, მოსწავლეების ბედი კი — სხვების მიერ განსაზღვრული.

რეალურად, ეს პერსონაჟები სხვა ადამიანების კლონები არიან, რომლებიც სამომავლოდ დონერების როლს შეითავსებენ. მიუხედავად ამისა და მცირეხნიანი სიცოცხლისა, მთავარი გმირები მაინც პოულობენ ძალას… განსაკუთრებულ შანსად იღებენ ამგვარ ცხოვრებას და ყოველი წამით ტკბებიან.

ატომური ჩვევები — ჯეიმს ქლიერი

მართალია, ეს მხატვრული რომანი არაა, მაგრამ სტატიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ გამოსვლისთანავე დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ადამიანებისთვის. ის კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლების მარტივ და ნაცად გზას გასწავლით. ეს რევოლუციური სისტემა გასწავლის, როგორ გახდე ყოველდღე ერთი პროცენტით უკეთესი. ეს წიგნი არის გზამკვლევი, რომელიც ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებასა და კარგი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

 


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

გაიცანით კომპანია Gifty, რომელმაც ჯადოსნური ემოციებით სავსე სასაჩუქრე ბოქსები შექმნა

როგორ წარმოედგინათ 2024 წლის რეალობა 1924-ში?