სოლომონ წიწუაშვილი ახალი გამოწვევის წინაშეა! 365 days of copy challenge-ის ავტორმა, რომელიც 1 წლის განმავლობაში, ყოველდღე ახალ პოსტერს დებდა, აგვისტოში, მარკეტერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, „ჩელენჯის“ გარეშე გაუჭირდებოდა და მართლაც, ორშაბთს, 6 ნოემბერს, ახალი პროექტით – 50 Ads in 50 Weeks და პირველი ვიდეორგოლით გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში.
„გეგმა ეგეთია, რომ ყოველი ახალი ვიდეო ორშაბათს დილით დაიდოს! ორშაბათი მძიმე დღეა და დილის პოზიტიურად დაწყება ყველასთვის კარგი იქნება“, – სოლომონ წიწუაშვილმა მარკეტერთან, ამჯერად, ახალი გამოწვევის დაწყების მოტივაციაზე, პროექტის ფარგლებში სარეკლამო რგოლის შექმნის სპეციფიკასა და 50 Ads in 50 Weeks-ის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:
M: როდის გადწყვიტე, რომ ახალ გამოწვევას იწყებდი და რატომ აღმოჩნდა შენთვის საინტერესო ვიდეორეკლამებზე მუშაობა?
ჩემი პირველი გამოწვევა, 365 დღიანი სარეკლამო პრინტების სერია, სექტემბერში დასრულდა. სანამ დასრულდებოდა, მანამდე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ახალი გამოწვევა იყო საჭირო. მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდით, რა შეიძლება ყოფილიყო შემდეგი ჩელენჯი, და გადავწყვიტეთ, რომ არჩევანი ვიდეორეკლამებზე გაგვეკეთებინა. 1 წელი პრინტების კეთების შემდეგ, დრო იყო, რომ თავი ახალი მიმართულებით გამომეცადა, ვიდეო კი ის მიმართულება არის, რომელიც სარეკლამო სფეროში ჩემთვის ყველაზე საინტერესოა.
M: 365 days of copy challenge-ისგან განსხვავებით, სადაც მარტო ქმნიდი პოსტერებს, 50 Ads in 50 Weeks-ში ვისთან ერთად აპირებ გამოწვევის დაძლევას?
ამ პროექტზე თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ მარტო არ ვიმუშავებდი. სანამ დავიწყებდით, 1 თვით ადრე შევიკრიბეთ შემოქმედებითი გუნდი და ბოლომდე ამ გუნდით გავაგრძელებთ. მე, თორნიკე ხოტივარი, ირაკლი დავარაშვილი, გუგა ხელაია და ირაკლი აბესაძე შევადგენთ ამ შემოქმედებით გუნდს. ყველანი დიდი ხნის მეგობრები ვართ, უნივერსიტეტის წლებიდან გვაინტერესებდა სარეკლამო ინდუსტრია და აი, 7 წლის შემდეგ შევასხით ჩვენს იდეებს ხორცი.M: ვიდეორეკლამაზე მუშაობას რა სპეციფიკა აქვს და როგორ მოარგე წინა გამოცდილება ახალ ინიციატივას?
წინა გამოწვევისგან განსსხვავებით, ეს პროექტი ბევრად დიდ ჩართულობასა და დაგეგმარებას მოითხოვს. პრინტების შემთხვევაში, ყოფილა მომენტები, რომ ფესტივალზე ვყოფილვარ და ტელეფონით გამიკეთებია პრინტი და დამიდია. აქ მსგავსი ფუფუნება არ გვაქვს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია იდეის სწორად განხორციელება. იდეა თეორიულად შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ მსახიობებზეა ბევრი რამ დამოკიდებული, გადაღების სტილზე და მოკლედ რომ ვთქვა, ბევრი ცვლადია.
სწორედ ამიტომ, კვირა ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ ვიცით, კონკრეტულ დღეს რას ვაკეთებთ და რა გვჭირდება იმისთვის, რომ ორშაბათისთვის მზად ვიყოთ ახალი რგოლის დასადებად. თან, გამომდინარე იქიდან, რომ ფროდაქშენისთვის დიდი რესურსი არ გვაქვს, მთავარ აქცენტს იდეის სისხარტეზე ვაკეთებთ და ხშირ შემთხვევაში ჩვენი რეკლამის ქრონომეტრაჟი მოკლე იქნება, თუმცა მარტივი და ყველასთვის გასაგები.M: პირველ რეკლამაზე მოგვიყევი, რა კონცეფცია აქვს და როგორი იყო მუშაობის პროცესი?
პირველი სარეკლამო რგოლისთვის ავიღეთ დურექსის ერთ-ერთი ხაზი – extended pleasure. პროდუქტის ფუნქციონალიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მეტაფორულად გვეჩვენებინა ცხოვრებისეული მომენტი, რომელსაც დიდი აღტაცებით ელოდები, მაგრამ იმედგაცრუებით მთავრდება. დურექსის ეს ხაზი სწორედ ასეთ „იმედგაცრუებებს“ ებრძვის. იდეა გადაღებამდე 5 დღით ადრე დაიბადა და ისე დაემთხვა, რომ გადაღება დადებამდე 1 დღით ადრე მოგვიწია, რაც საკმაოდ სარისკო იყო. თუმცა ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დავგეგმეთ.
M: როგორია შენი მოლოდინები 50 Ads in 50 Weeks-თან დაკავშირებით?
პირველ რიგში, გვინდა, რომ ჩვენი კრაფტი დავხვეწოთ. კვირიდან კვირამდე იდეებისა და განხორციელების ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. ჩემი წინა ჩელენჯი გლობალურ აუდიტორიაზე გავიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოლოდინი ამ პროექტზეც ეგეთი გვაქვს. გვინდა, რომ ქვეყნის მასშტაბებს გავცდეთ, თუმცა პირველ ეტაპზე ჯერ ლოკალური მაყურებლების ინტერესი უნდა დავაკმაყოფილოთ.