22
Oct
2019

საბავშვო ვერსია წიგნისა „50 ქალი საქართველოდან“ – ილუსტრაციები – სალი ნიკოლაიშვილისა

22 Oct 2019

„რამდენიმე თვეა, რაც დავიწყეთ მუშაობა ახალ წიგნზე. მალე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, გამოვცემთ საბავშვო ვერსიას პროექტისა „50 ქალი საქართველოდან“. ტექსტის ადაპტაციას ამზადებს მარიამ ჭანჭალეიშვილი, ილუსტრაციებს – სალი ნიკოლაიშვილი“, – გამომცემლობა „ზოლიანი კატა“.

მარო მაყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი

ამ წიგნით, 9-10 წლის მოზარდები ანა კალანდაძეს, ელენე ახვლედიანს, ეკატერინე გაბაშვილს, მარო მაყაშვილს, კატო მიქელაძეს, ნინო ჯორჯაძეს, ელენე დარიანს, საფო მგელაძეს, იულია მლოკოსევიჩს, ნინო ტყეშელაშვილს, ნინო ღოღობერიძეს და სხვა ქალებს გაიცნობენ, თავის თანამედროვეობაში რომ ძალიან ბევრი გააკეთეს და შეცვალეს. თუმცა, სამწუხაროდ, შეიძლება, დღეს, ბევრს მათი სახელები არაფერს ეუბნებოდეს.

„ეს წიგნი იმ ქართველი ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა წვლილი საქართველოში არც თუ ისე დაფასებულია და მათი სახელები, ფართო საზოგადოებისთვის, ნაკლებად ცნობილია. გადავწყვიტეთ, გამოგვეცა ადაპტირებული ვერსია – ფოტოები ჩაგვენაცვლებინა ილუსტრაციებით და ტექსტი გაგვემარტივებინა. ტექსტის ადაპტაციას ამზადებს მარიამ ჭანჭალეიშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ორიგინალის გამოცემაში, რომელსაც სხვადასხვა ავტორები ჰყავს – მარიამი ამ ტექსტებს ერთ სტილის ქვეშ მოაქცევს და ბავშვებისათვის უფრო მარტივად გასაგებს გახდის. წიგნს, ასევე, ჰყავს სამეცნიერო რედაქტორი ნინო ლეჟავა რომელიც აქტიურადაა ჩართული ტექსტისა და ილუსტრაციების სამუშაო პროცესში, გვიგზავნის თავის შენიშვნებს და რჩევებს, შინაარსზე. ეს არ არის მხატვრული პროზა, აქ ინფორმაციის სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია და ნინო ყველა ილუსტრაციის დეტალს ამოწმებს. მაგალითად, ამა და ამ დროს იყო თუ არა ასეთი ნივთი, ეცვათ თუ არა ასე და სხვა. ძალიან შრომატევადი სამუშაოა. წიგნის რედაქტორი ანა ჭაბაშვილია, რომელიც ავტორთან ერთად მუშაობს ტექსტის სტილზე. ილუსტრაციები კი სალი ნიკოლაიშვილს ეკუთვნის. ის ძალიან დიდი ენთუზიაზმით უდგება სამუშაოს და ჩვენსავით ჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა. ხანდახან 10 ჯერ უწევს ერთიდაიგივე ილუსტრაციის შეცვლა, არასდროს გვზარდება“, – ამბობს „ზოლიანი კატას“ დამფუძნებელი ნიკი თარხან – მოურავი.

მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე) – პოეტი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი

წიგნი დასაბეჭდად დეკემბერში გაიგზავნება. თუმცა, მანამდე კიდევ სამუშაოა – იცვლება ტექსტი, ილუსტრაციები. როგორც გამომცემლობაში ამბობენ, საბოლოო სახეს მალე მიიღებს.

საფო მგელაძე – პოეტი, ბელეტრისტი

წიგნში პერსონაჟები სააგენტო HOLMES&WATSON-ის არტ დირექტორმა, ილუსტრატორმა სალი ნიკოლაიშვილმა გააცოცხლა. ამბობს, რომ ამოსავალი წერტილი, თავად  ეს ქალები იყვნენ – მათი ცხოვრება, სიძლიერე, მისტიურობა.

ელენე დარიანი (ელენე ბაქრაძე) – პოეტი, „ცისფერყანწელი“

სალი ნიკოლაიშვილი: „თითოეული მათგანი ძალიან საინტერესო ისტორიის მატარებელია და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიცოდეთ. ძალიან მინდოდა, ჩემი თვალით დანახული ეს ადამიანები სწორად გადმომეცა: გამომეხატა მათი ქალურობა, სინაზე და რაც მთავარია, მათი შინაგანი სამყარო. ამ წიგნზე მუშაობა ძალიან დიდი პატივია, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სამაყო პროექტია“.

იულია მლოკოსევიჩი – ბიოლოგი, ნატურალისტი

საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო ასეთი გამორჩეული პიროვნებების გაერთიანება . . .

„თითოეული მათგანის ხასიათი და ამბავი განუმეორებელია. მათი მთავარი გამაერთიანებელი ნიშანი, ბუნებრივია, ისაა, რომ ქალები არიან. ქართველი ქალები, რომლებიც პატრიარქალურ სამყაროში, რაღაც თვალსაზრისით, ერთნაირი გამოწვევების წინაშე იდგნენ, მაგრამ ყველა ძალიან ძლიერი, გამბედავი, თავდაუზოგავი აღმოჩნდა. ილუსტრაციებში ვეცადე, სწორედ ეს მათი ქალური სიძლიერე მეჩვენებინა. ამავდროულად, თითოეულს მაქსიმალურად ინდივიდუალურად მივდგომოდი და გამომეხატა, თუ რომლის შემთხვევაში რაში მდგომარეობდა ეს გამოწვევები, ძალა და უნიკალური ხასიათი“.

ნინო ჯორჯაძე – მოხალისე მედდა 1-ელ მსოფლიო ომში

პერსონაჟები ისე დახატა, როგორც თავად წარმოიდგინა: მამაცები, ძლიერები, შრომისმოყვარეები, მიზანსწრაფულები, უნიკალური ხედვებით, იდუმალები და შესაბამისად, საინტერესოები, თავდაჯერებულები, ნაზები, სათუთები და, თავიანთი ინდივიდუალიზმით ბუნებრივად გამორჩეულები.

ელენე ახვლედიანი – მხატვარი

„თავიდან ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორი ყოფილიყო სტილისტური გადაწყვეტა. არ უნდა დაკარგულიყო არც საერთო ხაზი და არც ერთმანეთისგან მკვეთრი განსხვავებულობა. საკმაოდ რთული იყო, თუმცა, შინაგანად ვიცოდი, რომ აუცილებლად მივაგნებდი. საბოლოოდ გადავწყვიტე ისინი გამეცოცხლებინა და სტილით, დღევანდელ რეალობაში მეთარგმნა. ვიფიქრე, ასე ყველაზე უკეთ გაესმებოდა ხაზი, რამდენად აქტუალურები არიან ისინი ნებისმიერი ეპოქისთვის და ამავდროულად, სწორედ ამ გზით გადმოსცემდა ნახატი პერსონის ისტორიას ყველაზე მსუბუქად. იმედი მაქვს კარგი გამოვიდა“.

ანა კალანდაძე – პოეტი

ამბობს, რომ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო – „ერთი მხრივ, ვიმუშავე არაჩვეულებრივ გუნდთან და მეორე მხრივ, ხელახლა გავიცანი ეს არაჩვეულებრივი ქალები. ამ პროექტმა უდიდესი ცხოვრებისეული მოტივაციით ამავსო. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს პროექტი ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია. პრინციპში, არა მხოლოდ ქალებისთვის, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით“.

 

განხილვა