in

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი Emonomy ემოციებს მარკეტინგულ საზომად იყენებს

უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც — ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

500 Global-ის წლევანდელი პროგრამის ფარგლებში 40 ქვეყნიდან მიიღეს მონაწილეობა და ჯამში 12 სტარტაპი შეირჩა, რომელთაც დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი. სტარტაპების გადამზადება უკვე დაწყებულია და მათ შორის მოხვდა Emonomy — სტარტაპი, რომელიც რეკლამების მიმართ აუდიტორიის ემოციურ რეაქციაზე აგროვებს მონაცემებს. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ბრენდის მარკეტინგული ეფექტურობის გაზრდას. მაგალითად, შესაძლებელია კონკრეტული რეკლამის წარმადობის განსაზღვრა და იმის დადგენა, რომელ მედია არხში მუშაობს ის ყველაზე დიდი წარმატებით.

„შეგვიძლია, სრული სიზუსტით ვთქვათ, რამდენად იმუშავა ბრენდის კამპანიამ. ზოგადად, მიმდინარე ლანდშაფტზე ძალიან რთულია რეკლამის ფაქტობრივი გავლენის დადგენა, მაგრამ ჩვენი სერვისით მთელ ამ პროცესს ვამარტივებთ“,ამბობს Emonomy-ის დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ კისლოვი.

სწორედ ენდრიუ გვიყვება სტარტაპის საქმიანობაზე უფრო დეტალურად და გვაცნობს იმ დეტალებს, რომლებითაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებულია.

M: ენდრიუ, საინტერესოა, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა? რაიმე საჭიროებას უკავშირდებოდა თუ უბრალოდ ინოვაციურ სურვილს?

იქიდან გამომდინარე, რომ ნეირომეცნიერების დოქტორი ვარ და პარალელურად, მარკეტინგისა და რეკლამის ინდუსტრიაშიც ვმუშაობ, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ორი სფეროს გადაკვეთის წერტილი. Biz Dev-ის მომავალ ხელმძღვანელთან, CTO-სთან და თანადამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ, ერთად ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეა, რომელსაც მოსაწყენი სარეკლამო ბაზრის გარღვევა შეეძლებოდა. ამისათვის კი მთავარ ამომავალ წერტილად ემოციები ავიღეთ.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად ღირებული იქნება თქვენი სტარტაპის საქმიანობა მარკეტინგის სფეროში?

ვინაიდან, ჩვენი სერვისი საკმაოდ უნიკალურია და შედარებით დაბალ ბიუჯეტსაც საჭიროებს, მისი გამოყენება თითქმის ნებისმიერ კომპანიას შეეძლება. Emonomy-ის სამიზნე აუდიტორიას $200-მილიარდიანი მარკეტი წარმოადგენს, სადაც ინვესტიციების 80% ფუჭად იხარჯება და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამის ფონზე, მაკრო ტენდენციები ჩვენს მხარესაა — დიდი კომპანიები ყოველთვის ეძებენ გზას, რათა მარკეტინგის მიმართულებით ხარჯები შეამცირონ. პარალელურად კი, მომხმარებელთა ყურადღებაც მიიქციონ, რაც არც ისე მარტივია დღევანდელ რეალობაში… ეს ყველაფერი სწორედ ის არის, რასაც Emonomy უზრუნველყოფს.

M: ვისაუბროთ შემაფერხებელ და ხელშემწყობ ფაქტორებზეც — რა სირთულეებს აწყდება სტარტაპი და პირიქით, რა უწყობს ხელს მის პოპულარობას?

როგორც ყველა ახალბედა სტარტაპის შემთხვევაში ხდება, ყოველი ახალი მცდელობა სირთულესთანაა დაკავშირებული… მთავარი გამოწვევაც პირველი კლიენტების მიღება და მათი დარწმუნებაა, რომ სრულიად განსხვავებული ნაბიჯი გადადგან, გვენდონ.

რაც შეეხება პოპულარობას, მისი ძირითადი წილი Emonomy-ის კონცეფციის უნიკალურობასა და მოთხოვნადობაზე მოდის. ჩვენ ხომ უმაღლესი დონის მედიისა და კრეატიული სააგენტოების მხრიდან არაეფექტური ბრენდის მარკეტინგის პრობლემებს ვჭრით…

M: Emonomy 500 Georgia-ს პროგრამაში მოხვდა… თქვენი აზრით, როგორ გამოიყენებთ ამ შანსს და რა წვლილი შეიტანს ეს გამოცდილება სტარტაპის განვითარებაში?

500 Georgia-ს წარმოუდგენლად გამოცდილი მენტორები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ სტარტაპს დაეხმარონ განვითარებაში. გულწრფელად გაოცებულები დავრჩით ლექციების შედეგად მიღებული ცოდნით თუ შეხედულებებით. სიმართლე გითხრათ, ახლა გაცილებით ნათელი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს პროდუქტზე — რას, რატომ და ვისთვის ვყიდით.

ამასთანავე, ვფიქრობ, რომ სხვა სტარტაპების დამფუძნებლებთან საუბარი საინტერესო გამოცდილებაა — გვეხმარება, ახალი პრიზმიდან შევაფასოთ ინფორმაცია.

M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვცდილობთ, სარეკლამო ბაზარი ადამიანის ემოციების ანალიზის უახლესი ტექნოლოგიის შემოტანით გავაუმჯობესოთ და ინდუსტრია ახალ დონეზე ავიყვანოთ… ასევე, გვსურს, სტარტაპ ეკოსისტემაში უნიკორნად ვიქცეთ.

500 Georgia-ს მონაწილე Arena Games – WEB3 თამაშების ქართული პლატფორმა

DreamStudio — ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დიზაინის ნაკრები