დღეს, 14:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის დემო დღე ჩატარდა. ღონისძიებაზე აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე 12 სტარტაპის დამფუძნებელს საშუალება მიეცა, წარმოეჩინა საკუთარი კომპანია და დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნო ის შედეგები, რისი მიღწევაც დღემდე შეძლო.
შეგახსენებთ, რომ დემო დღე არის დასკვნითი ნაწილი იმ 12-კვირიანი ინტენსიური პროგრამისა, რომელსაც 500 Global, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, სტარტაპების ზრდისა და განვითარებისთვის ატარებს.
სანამ სცენაზე ღონისძიების მთავარი მონაწილეები — სტარტაპერები გამოჩნდებოდნენ, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
პირველი სტუმარი, რომელსაც სცენა დაეთმო, იყო ლევან დავითაშვილი — ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მან პირველ რიგში ხაზი გაუსვა 500 Georgia-ს პროგრამის მნიშვნელობას, იმ პრაქტიკული ცოდნის აუცილებლობას, რომელსაც სტარტაპერები მასში მონაწილეობის შედეგად იღებენ. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ისაუბრა დღევანდელობაში ტექნოლოგიების, ინოვაციების როლის შესახებ და მან აღნიშნა, რომ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა არა მხოლოდ მასში მონაწილე სტარტაპებს ეხმარება, არამედ ქვეყანაში მთლიანი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. სიტყვის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა მიმართა სტარტაპერებს, მათ უწყვეტი განვითარებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მთავრობა ამ პროგრამას მომავალშიც დაუჭერს მხარს.
ლევან დავითაშვილის შემდეგ სცენაზე გამოვიდა არჩილ გაჩეჩილაძე — საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ხაზი გაუსვა ჩვენს ეპოქაში ტექნოლოგიების მნიშვნელოვან როლს. მან ასევე განაცხადა, რომ ტექნოლოგიები ვითარდება იქ, სადაც შესაბამისი ეკოსისტემაა შექმნილი და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ ქვეყანა ისეთი მასშტაბების იყოს, როგორც, მაგალითად, აშშ. არჩილმა მადლობა გადაუხადა, ერთი მხრივ, 500 Global-ის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ საქართველო აირჩიეს და, მეორე მხრივ, სტარტაპერებს, რადგან მათ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა გადაწყვიტეს.
დადგა პედრო ვიეირას ჯერიც — იგი ამ დროისათვის 500 Global-ის პარტნიორი და აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი მენტორია. პედრომ ისაუბრა ადგილობრივი პარტნიორებისა და იმ გზის შესახებ, რომელიც 500 Georgia-მ საქართველოში განვლო. მან აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, აქსელერაცია უკვე ათეულობით კომპანიამ გაიარა. პედრომ ასევე აღწერა 500 Georgia-ს სპეციფიკა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მართალია, ის საქართველოში ტარდება, თუმცა პროგრამა მთლიანად კავკასიის რეგიონზე და მის განვითარებაზეა ფოკუსირებული. შემდეგ მან სცენაზე მოიწვია ვენჩურული კაპიტალის ფირმების წარმომადგენლები, რომლებთანაც პანელური დისკუსია გამართა. ამ პროცესში ხაზი გაესვა კავკასიის დიდ პოტენციალს, მთავრობის როლს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას და ა. შ. გარდა ამისა, მათ მისცეს რჩევები 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის მონაწილე სტარტაპერებს, მოუწოდეს თავდაუზოგავი მუშაობისკენ, ხაზი გაუსვეს საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებთან ადაპტაციის აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ მთავარია არა მხოლოდ მატერიალური მხარე, არამედ ადამიანები და ის ღირებულება, რომლის მოტანაც მათთვის შეიძლება.
ზემოთ ჩამოთვლილთა გამოსვლების შემდეგ კი სტარტაპერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპის დრო დადგა. თითოეულმა დამფუძნებელმა საზოგადოებას გააცნო საკუთარი კომპანია, მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, წარსული მიღწევები, მიზნები და ა. შ. ღონისძიების ეს ეტაპი ემოციებით იყო აღსავსე და დარბაზი სრულიად მოიცვა იმ ენთუზიაზმმა, რომლითაც „კურსდამთავრებული“ სტარტაპერები იყვნენ დამუხტულნი. ვინ იცის, იქნებ ეს დღე მათთვის და მათი კომპანიებისთვის გარდამტეხ წერტილად იქცეს.
დასასრულს კი, ინვესტორებს საშუალება მიეცათ, უფრო ახლოს გასცნობოდნენ მონაწილე სტარტაპერებს და, თითოეული კომპანიის სპეციფიკის უკეთ გასააზრებლად, მათთვის კითხვები დაესვათ.
შეგახსენებთ, რომ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადში მონაწილეობდნენ შემდეგი სტარტაპები: Arena Games, Bilimber, Datamind, dealpad, Emonomy, Fortu Wealth, Glorri, MeetLala, Murmur, oneApply, Squares, Uteach.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო. განცხადების შესავსებად საჭიროა შემდეგ ბმულზე გადასვლა.