in

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი ოფლაინ რეკლამის განვითარებაზე ზრუნავს

უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც — ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

500 Global-ის წლევანდელი პროგრამის ფარგლებში 40 ქვეყნიდან მიიღეს მონაწილეობა და ჯამში 12 სტარტაპი შეირჩა, რომელთაც დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი. სტარტაპების გადამზადება უკვე დაწყებულია და მათ შორის მოხვდა Murmur, რომელიც ოფლაინ რეკლამირების პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფს. „ეს სფერო მე-18 საუკუნიდან მოყოლებული არ შეცვლილა, განსხვავებით ონლაინ რეკლამისა, რომელიც მიზნობრიობის, პერსონალიზაციისა და ანალიტიკის საშუალებას იძლევა. ჩვენი სტარტაპი კი ასეთივე გამოცდილებას უზრუნველყოფს ოფლაინ გამოცდილებისთვის“,ამბობს ემინ ალიევი, Murmur-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სწორედ ემინი გვიყვება სტარტაპის საქმიანობაზე უფრო დეტალურად და გვაცნობს იმ დეტალებს, რომლებითაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებულია.

M: ემინ, რას უკავშირდებოდა სტარტაპის შექმნის იდეა? როგორ მიხვედით აზრამდე, რომ მსგავსი სერვისი საინტერესო იქნებოდა?

ჩემი მცირე ბიზნესის წარმოებისას, რამდენიმე ათას დოლარს ვიხდიდი Google-ისა და Facebook-ის რეკლამებისთვის. თუმცა მინდოდა, რეალურ დროში დამემყარებინა კავშირი ფართო ლოკაციებზე — იმ აუდიტორიასთან, რომელსაც სოციალური მედია არ ფარავს. როდესაც ბილბორდებით დავინტერესდი, ძალიან გავბრაზდი მისი ძვირადღირებული სერვისით… თანაც, არც ისე ინტერაქციული, არც პერსონალიზების საშუალებას იძლევა და ვერც კამპანიის წარმადობის გაზომვას მოვახერხებდი.

მოკლედ, რადგანაც საჭირო გამოსავალი ვერ ვიპოვე, საკუთარი ხელსაწყო შევქმენი ოფლაინ რეკლამირების რევოლუციისთვის.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად ღირებული იქნება თქვენი სტარტაპის საქმიანობა მარკეტინგის სფეროში — მაშინ, როცა ბიზნესების და ბრენდების უმეტესობა ონლაინ რეკლამაზეა ორიენტირებული?

ამ დროისათვის ერთადერთი სტარტაპი ვართ, რომელიც კომპიუტერულ ხედვას და მოძრავ პროგრამულ გარე სარეკლამო მედიას იყენებს, რათა სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა იმაზე ეფექტურად შეძლონ ბრენდებმა, ვიდრე ნებისმიერი სხვა არხით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, უკვე ბევრმა კომპანიამ დაიწყო ჩვენი პლატფორმის გამოყენება — მათ შორის არიან P&G, United Nations, Kapital Bank, Rabita Bank, Wendys და სხვა,

გუგლისა და ფეისბუქის ეპოქაში რეკლამირება სულ უფრო ძვირდება, ეფექტურობა კი იკლებს. ამის გათვალისწინებით, თანდათან მეტი მომხმარებელი დაინახავს Murmur-ის უპირატესობას, რადგან იგივე თანხის სანაცვლოდ, სამჯერ მეტ ეფექტურობას მიიღებენ.

M: ალბათ, ახლებური სერვისის შემუშავებას თუ განვითარებას ბევრი სირთულეც ახლავს თან — მოდით, ეს გამოწვევები და შემაფერხებელი ფაქტორებიც გამოვყოთ.

სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გამოწვევა გაყიდვების გაზრდა და ქუჩებში მეტი მოძრავი სარეკლამო სივრცის დამატებაა. თავის მხრივ, ეს გაყიდვების გუნდის გაფართოებას მოითხოვს, რაც ჩვენგან მეტი თანხის მოზიდვას საჭიროებს. ვინაიდან ეს ახალი სარეკლამო არხია, პროფესიონალი მარკეტერების გუნდიც გვჭირდება — მათი დატრენინგება, ახალ მეთოდებზე ფოკუსირება და ა. შ.

M: თქვენი სტარტაპი 500 Georgia-ს პროგრამაში მოხვდა… როგორ გამოიყენებთ ამ შანსს და რა წვლილი შეიტანს ეს გამოცდილება სტარტაპის განვითარებაში?

გაგვიმართლა, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა — ყოველთვის გვსურდა, გლობალურ ბაზარზე გავსულიყავით და ბევრ ქვეყანაში ჩაგვეშვა ჩვენი სერვისი, მაგრამ გამოცდილება არ გვქონდა. 500 Georgia-სთან ერთად კი შეგვიძლია, იმ ადამიანებთან დავამყაროთ კავშირი, რომლებიც გლობალურ გაფართოებაში დაგვეხმარებიან და უფრო სტრატეგიულ ნაბიჯებს შემოგვთავაზებენ, რათა მაქსიმუმს მივაღწიოთ.

M: სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? როგორია ის მიზნები, რომელთა მიღწევაც უახლოეს მომავალში გსურთ?

მოცემულ მომენტში სამომავლო მიზნად კავკასიის რეგიონის ათვისება და აქ დომინირება გვესახება. შემდეგ კი ცენტრალური აზიის ბაზარზე გვსურს გასვლა — MENA-ს ზონაში, რასაც აშშ-ის ბევრ ქალაქში დამკვიდრება მოჰყვება.

ამავდროულად, მეტი ინოვაციის დანერგვას ვაპირებთ, როგორიცაა ქცევითი და სენტიმენტალური ანალიზი გარე რეკლამის კრეატიულობის შესაფასებლად. ეს უკანასკნელი მარკეტერებს დაეხმარება, უფრო ინტერაქციული და გავლენიანი რეკლამები შექმნან, რაც მეტად წარმატებულ კამპანიებამდე მიგვიყვანს.

რა სჭირდება თანამედროვე ბიზნესმენს?