საქართველოში 500 Global-ის ახალი სეზონი უკვე დაიწყო! 500 Georgia მეოთხე ნაკადის მონაწილეთა ვინაობა უკვე ცნობილია. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ინტენსიური შერჩევის პროცესის შემდეგ კი 12 კომპანია შეირჩა, რომლებიც აქსელერაციის პროგრამას გაივლიან. მათ შორის არიან: Arena Games, Bilimber, DataMind, Dealpad, Deskntea, Emonomy, Fortu Wealth, Glorri, Murmur, OneApp, Squares, and Uteach. აღნიშნული კომპანიები EECCA (Eastern Europe, Caucasus, and Central Asia) რეგიონის 7 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. 12-კვირიანი ინტენსიური ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამასთან ერთად, მონაწილეები საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად აქტიურად იმუშავებენ ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე, რაც მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
რას მოიცავს ეს პროგრამა
500 Global 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი სწრაფად მზარდ ტექ-კომპანიებს ანიჭებს უპირატესობას და ხელს უწყობს ქვეყნებში ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას, სადაც სტარტაპებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. არსებობის მანძილზე, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2700-ზე მეტ კომპანიას და ათასობით დამფუძნებელს, 81 ქვეყნიდან. აქსელერატორის გუნდი დაკომპლექტებულია 27 ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
500 Georgia გლობალური აქსელერატორის რეგიონული პროგრამაა. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვაა. 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპებს 500 Global-ის ტექნოლოგიურ ჰაბებში ჩართვა შეუძლიათ, მთელი მსოფლიოს გარშემო. ესაა სტარტაპის აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი – სტარტაპერებმა თავიანთი შედეგების რამდენჯერმე გაზრდა მცირე დროში მოახერხეს, მენტორების დახმარებით.
მენტორები
500 Georgia-ს საერთაშორისო დონის მენტორები გაუძღვებიან. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს.
იუსტინა იასტრზებსკა, 2016 წლიდან, 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამას ხელმძღვანელობს და საერთაშორისო მენტორია. გლობალურ სტარტაპ-ეკოსისტემაში 16-წლიანი გამოცდილების საშუალებით, თავად ეხმარება სხვა სტარტაპერებს მასშტაბურ ზრდაში, სისტემურ მიდგომასა და მომხმარებელთა საჭიროებების კვალდაკვალ, ეფექტური გადაწყვეტილებების შექმნაში. ის 28-ჯერ გაუძღვა ვენჩურული კაპიტალის სააქსელერაციო პროგრამას და 800-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა ექსპონენციალურ ზრდასა და ბინესის განვითარებაში. მისი მენტორობის ქვეშ, სტარტაპერებმა საინვესტიციო რაუნდი 20 მლნ დოლარამდე გაზარდეს.
იუსტინას აქვს 11-წლიანი გამოცდილება ბიზნესების ოპტიმიზაციის, პროდუქტის დიზაინის, კონვერსიის მიმართულებით. ის სტარტაპერებს ციფრული პლატფორმების დახვეწაში, უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნასა და შემოსავლების ზრდაში უწყობს ხელს. ის იქომერსის, იმეილ მარკეტინგის, გაყიდვების ძაბრის მიმართულებით უზიარებს სტარტაპერებს გამოცდილებას.
პედრო ვიეირა გახლავთ მეცნიერი, რომელიც ჯერ ტექ-კომპანიის დამფუძნებელი გახდა, შემდეგ კი – ინვესტორი. პედროს აქვს სიღრმისეული გამოცდილება, ორივე, ბიზნესისა და ინვესტორის მხარეს. მან ჩამოაყალიბა კომპანია GoodGuide, ჯანმრთელობის ციფრული გზამკვლევი. შემდეგ – West to West – ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 200-ზე მეტ ევროკავშირელ ანტრეპრენერს სილიკონ ველიზე მოხვედრაში დაეხმარა. მანვე დააარსა Shilling Founders Fund, რომელმაც ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ კომპანიებში 50+ მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. ამ დროისათვის, პედრო 500 Global-ის პარტნიორია. ის პროგრამების შემუშავებასა და ოპერირებაში მონაწილეობს, მთელ მსოფლიოში და აქსელერაციისა და საინვესტიციო ინიციატივებს უძღვება EECCA-ში, 500 Goergia-ს ფონდის საშუალებით.
ტიმურ დაუდპოტა ენჯელ ინვესტორია, რომელმაც 450-ზე მეტ სტარტაპთან ითანამშრომლა და სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას შეუწყო ხელი სან-ფრანცისკოში, კორეაში, იაპონიაში, ვიეტნამში, ყაზახეთში, საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში. ის, ასევე, MIT, Hult Prize-ისა და Alibaba Group-ის მენტორიცაა. ტიმური ერთ დროს, თავად იყო 500 Global-ის მონაწილე და საკუთარი სტარტაპიც ჩამოაყალიბა. სხვადასხვა დროს, ის ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Coca-Cola, Burger King, Disney და Invisalign, რომლებსაც ინფლუენსერ მარკეტინგის წარმართვაში ეხმარებოდა. ის თანამშრომლობდა გლობალურ მსხვილ გამოცემებთან – Time Inc, GQ magazine, TechCrunch, Vogue, Teen Vogue, Popsugar, PBS და სხვები. SaaS-ის მიმართულებით მომუშავე მისი კომპანია კონტენტის ფართო აუდიტორიამდე მიტანას ემსახურებოდა, რითაც ორ თვეში, $60,000-იან ყოველთვიურ შემოსავალზე გავიდა. ამ ზრდამ 500 Global-ის ყურადღებაც მიიპყრო და პროდუქტის ჩამოყალიბებასა და ზრდის მიმართულებით, მენტორად მიიწვია.
დენის კიბირევი – 17 წელზე მეტია, გლობალურ სტარტაპ-ეკოსისტემაში მუშაობს და კომპანიებს ზრდაში ეხმარება. თავად, ხელმძღვანელობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს ისეთ კომპანიებში, რომლებსაც ინვესტიცია Microsoft for Startups & PwC-გან, Freelancer.com-გან და Unilever-გან აქვთ მიღებული. ასევე, დენის კიბირევი იყო აღმასრულებელ პოზიციაზე შვეიცარიის სტარტაპ პროგრამებში, რომლებიც ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპაში ხორციელდებოდა. ის გახლავთ გამოცდილი სპეციალისტი და შვიდივე კონტინენტიდან, სულ, 300-ზე მეტ სტარტაპერს უწევდა მენტორობას.
დენის კიბირევი ჩართულია სამთავრობო ინოვაციურ პროგრამებში, მათ შორის, ევროკავშირის კოსმოსურ სააგენტოსა და ვიეტნამის სტარტაპების მხარდაჭერის ეროვნულ ცენტრებთან ერთად. ის თანამშრომლობს აქსელერატორებთან, ვენჩურულ ფონდებთან და საერთაშორისო ბიზნეს სკოლებთან.
რაც შეეხება თავად 500 Georgia-ს, პროგრამა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA პარტნიორობით ხორციელდება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აქსელერატორი 500 Global საქართველოში, 2020 წელს გამოჩნდა და ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ძირეულად შეცვალა. პროგრამის განვლილი სამი ნაკადის განმავლობაში, ქართველმა სტარტაპერებმა შეძლეს მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ქვეყნის წარმოჩენა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალი. თითოეული ნაკადის 2 გამარჯვებულს წილად ხვდათ კალიფორნიაში, სილიკონ ველიში გამგზავრება, რაც მათთვის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის ბევრად მეტ შესაძლებლობას ნიშნავს.










