in

500 Global in Eurasia-ს დასკვნითი ღონისძიება Demo Day ახლოვდება – დღე, რომელსაც ყველა სტარტაპერი ელოდება

რამდენიმე კვირის წინ 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის – 500 Global in Eurasia-ს – მეექვსე ნაკადის მონაწილეების გადამზადება დაიწყო, ახლა კი ისინი პროგრამის შემაჯამებელი დღისთვის – Demo Day-სთვის ემზადებიან.

Demo Day-ზე შეკრებილი, 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპერები დამსწრე საზოგადოებას და მაყურებლებს საკუთარ კომპანიას აცნობენ და მიღწევებისა და განვლილი დაბრკოლებების შესახებ უყვებიან. ეს დღე იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპერების გარდა მას ინვესტორები, კორპორაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

რით გამოირჩევა Demo Day-ი სხვა დღეებისგან და რატომ ელოდება მას ყველა სტარტაპერი და ინვესტორი?

ხილვადობა და საჯაროობა

Demo Day-ზე გამოსულ სტარტაპებს საკუთარი კომპანიისა და ხედვის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, რადგან ადამიანები, რომლებიც მათ უსმენენ – ინვესტორები, ინდუსტრიის ექსპერტები, მედიასაშუალებები და ფართო აუდიტორიის წარმომადგენლები არიან. ხილვადობა, რომელსაც Demo Day-ზე გამოჩენა უზრუნველყოფს, ერთ-ერთი კატალიზატორია, რომელსაც სტარტაპის ზრდის დაჩქარება და რეგიონში გაფართოების ხელშეწყობა შეუძლია.

ამასთან, Demo Day-ში მონაწილე სტარტაპერები, როგორც წესი, სტარტაპ-ეკოსისტემის განუყოფელ წევრებად ყალიბდებიან – ადამიანებად, რომლებსაც ინდუსტრიაში იცნობენ და პატივს სცემენ.

ინვესტორებთან ურთიერთობა

ნებისმიერი Demo Day-ის დანიშნულება სტარტაპერებისა და ინვესტორების ერთმანეთთან დაკავშირებაა. Demo Day-ზე შეხვდებით, როგორც „ენჯელ-ინვესტორებს“, ასევე ვენჩურულ კაპიტალისტებს და კორპორაციების წარმომადგენლებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი სტარტაპის გამოსყიდვით ინტერესდებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ Demo Day-ზე კონკრეტული, წინასწარ შერჩეული სტარტაპები გამოდიან, ინვესტორებსა და სტარტაპერებს შორის არსებული ბარიერები სრულად იშლება, ხოლო ადამიანებს შორის პროფესიულ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა ყალიბდება, რაც ინვესტიციის და მათ შორის ე.წ. “ჭკვიანი ფულის” მოზიდვას ამარტივებს.

პროდუქტის ვალიდაცია და უკუკავშირი

Demo Day-ში მონაწილეობამდე, სტარტაპი აქსელერაციის რთულ და ინტენსიურ პროგრამას გადის, რომლის მიზანი – იდეისა და პროდუქტის ვალიდაციაა. ეს პროცესი Demo Day-ზე გრძელდება, რადგან სცენაზე გამოსულ სტარტაპერებს მყისიერი უკუკავშირის მიღება შეუძლიათ, როგორც უშუალოდ პრეზენტაციასთან, ასევე განვითარების სტრატეგიასთან და საბაზრო ტენდენციებთან დაკავშირებით. სტარტაპ-ეკოსისტემის წამყვანი მოთამაშეებისგან მიღებული კონსტრუქციული კრიტიკა ის იარაღია, რომელსაც სტარტაპის სწორ გზაზე დაყენება შეუძლია.

კავშირები

მართალია, Demo Day-ის კულმინაცია სტარაპერების მიერ მათი კომპანიების შესახებ მოთხრობილი რამდენიმეწუთიანი პრეზენტაციაა, მაგრამ ამ ღონისძიების ფუნდამენტი –კავშირების დამყარების შესაძლებლობაა. სტარტაპ-ეკოსისტემისთვის, Demo Day-ი წლის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც ანტრეპრენერები დიდი სიხარულით ესწრებიან, ხოლო ახალბედა სტარტაპერებს მათი პირადად გაცნობა და პროფესიული და მეგობრული ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ. ასე კი, იბადება კომუნა, რომელიც ქვეყანაში ინოვაციას ქმნის.

მოტივაცია და იმპულსის შენარჩუნება

ბევრი სტარტაპისთვის Demo Day-ში მონაწილეობა, სცენაზე გამოსვლა და საკუთარი კომპანიის შესახებ საუბარი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია, რომელიც დამფუძნებლებს იმპულსის შენარჩუნებაში ეხმარებათ. Demo Day-ზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, სტარტაპის დამფუძნებლებსა და თანამშრომლებში მოტივაცია და თავდაჯერებულობა იმატებს, რაც კომპანიაში შრომისმოყვარეობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების კულტურას აყალიბებს. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს სჭირდება, რომ არ გავჩერდეთ და დასახული მიზნისკენ სვლა ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად გავაგრძელოთ.

Demo Day-ის მნიშვნელობა და გავლენა ტექნოლოგიურ წრეებს სცდება. Demo Day-ზე დასწრება და მისი ყურება აუცილებელია არამარტო სტარტაპერებისა და ინვესტორებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც სიახლეებით, ინოვაციითა და სხვების ცხოვრების გამარტივებით ინტერესდება. სტარტაპერები ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან, რომლებიც ყველასთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან პროგრესზე ორიენტირებულ გამართულ ქვეყანას ინოვაციურად და თავისუფლად მოაზროვნე ჭკვიანი ადამიანები ქმნიან.

500 Global in Eurasia-ს Demo Day 27 ივნისს თბილისში ჩატარდება. ეს რიგით მეექვსე Demo Day-ია, რომელსაც კალიფორნიული სტარტაპ-აქსელერატორი საქართველოს ბანკთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით საქართველოში ატარებს.

Demo Day-ს ყურება კი საქართველოს ბანკი ბიზნესის ფეისბუქგვერდზე ლაივში შეგეძლებათ.

[პარტნიორის კონტენტი]

Netflix House თქვენთვის საყვარელ სერიალებს გააცოცხლებს

რა უნდა მფრინავ ღორს ღვინის ეტიკეტზე?