საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა გრძელდება.
500 Georgia-ს სახელით ცნობილი პროგრამა ახლა ქვეყანაში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელდება, რათა სრულად მოიცვას როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნები და მისცეს შესაძლებლობა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ დამწყებ და გამოცდილ სტარტაპებს, მიიღონ მონაწილეობა აქსელერაციის პროგრამაში. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, პოზიციონირდეს რეგიონში როგორც სტარტაპების ჰაბი.
საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით შექმნილი რეგიონული აქსელერაციის პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადისთვის ცხრა სტარტაპი შეირჩა, რომლებიც შვიდ სექტორსა და ექვს ქვეყანას წარმოადგენენ — მათ შორის არიან სტარტაპები საქართველოდან, ლიეტუვადან, სლოვენიიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან.
500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის მონაწილეები არიან:
Helio.AI (საქართველო) – HR-ტექნოლოგიები
Helio.AI ქართული სტარტაპია, რომელიც კალიფორნიული სტარტაპ-აქსელერატორის მეექვსე ნაკადში მოხვდა. იაკო ჯიქიას, ნინი მოსიაშვილის, ნათია ქუხილავასა და სულხან სახვაძის მიერ დაფუძნებული Helio.AI რეკრუტინგის ჭკვიან პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომლითაც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების შერჩევა უფრო ეფექტიანად, სპეციალურად შემუშავებული თამაშის საშუალებით შეუძლიათ.
Clustr (გაერთიანებული სამეფო) – კრიპტო
Clustr ბრიტანული სტარტაპია, რომელიც web3-ში ინვესტირებით დაინტერესებული პირებისთვის კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას ავითარებს. Clustr-ის პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლის კრიპტოსაფულეს უკავშირდება, მის ინვესტიციებთან და თითოეულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რისკებს აანალიზებს, რაც ინვესტორს თაღლითობისგან იცავს და დივერსიფიცირებული, დაბალანსებული კრიპტოპორტფელის შექმნაში ეხმარება. საინტერესოა, რომ Clustr-ის მომხმარებლების 35% EECCA რეგიონზე მოდის.
YAYA (ყაზახეთი) – განათლება
YAYA ყაზახური სტარტაპია, რომელიც მშობლებისთვის ბავშვების გართობისა და აღზრდისთვის საჭირო საგანმანათლებლო ცენტრების, სპორტული წრეებისა და გასართობი დაწესებულებების პლატფორმას ავითარებს. ამ ეტაპზე YAYA ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ოპერირებს, ხოლო კომპანიის პლატფორმა, ერთ სივრცეში, 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრს აერთიანებს, რომელთა დაჯავშნა მშობლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ.
Optimyzee (სომხეთი) – სარეკლამო ტექნოლოგიები
Optimyzee სარეკლამო ინდუსტრიაში მოქმედი სომხური სტარტაპია, რომელსაც ორი მიზანი აქვს – სარეკლამო ხელსაწყოების ფუნქციური გამარტივება და სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის გაზრდა. დავიდ არშაკიანის და ანასტას ვართანიანის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა PPC-ალგორითმების ავტომატიზაციას ახდენს, რაც რეკლამის დამკვეთებს დროისა და რესურსების დაზოგვაში და გაყიდვების ზრდაში ეხმარება.
Raised (სომხეთი) – HR-ტექნოლოგიები
Raised სომხური სტარტაპია, რომლის მიზანიც ადამიანური კაპიტალის მართვის არსებული პრაქტიკის შეცვლაა. Raised-ის პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და მისი დახმარებით, კომპანიებს ახალი თაობის სამუშაო ძალასთან, ე. წ. ფრილანსერებთან დაკავშირება და დროებითი პროექტისთვის მათი დაქირავება შეუძლიათ.
Katalist (სლოვენია) – შემოქმედებითი ინდუსტრია
Katalist სლოვენიური სტარტაპია, რომელიც შემოქმედებით ინდუსტრიაში ოპერირებს და დიდი ზომის კომპანიებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ახლებურ საშუალებას აძლევს. Katalist-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დამკვეთის დავალებას აანალიზებს და მის საფუძველზე ვიდეოებს ქმნის, რაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, წარმოების ხარჯებს ამცირებს, ხოლო პროცესს ოთხჯერ აჩქარებს.
ChatPoint (ლიეტუვა) – SaaS
ChatPoint ლიეტუვური სტარტაპია, რომელიც Shopify-ის პლატფორმაზე აწყობილ ონლაინმაღაზიებს რეკლამების მონეტიზაციაში ეხმარება. ChatPoint-ის „ნოუჰაუ“ – ჭკვიანი ვიჯეტების შექმნაა, რომელთა დახმარებით, კომპანიებს Instagram-ის მოკლემეტრაჟიან ვიდეოში ვაჭრობის ელემენტების ჩაშენება შეუძლიათ, რაც ზრდის როგორც რეკლამის ეფექტიანობას, ასევე გაყიდვების მაჩვენებელს.
Trag (სომხეთი) – პროგრამული უზრუნველყოფა
Trag სომხური პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც დეველოპერებს დაწერილი კოდის შემოწმების პროცესს უმარტივებს. Trag-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმისთვის შავი საქმის გადაბარებით, კომპანიები ფულს ზოგავენ, ინჟინრები კი – დროს. საბოლოო ჯამში, ეს დადებითად აისახება როგორც უშუალოდ პროდუქტის ხარისხზე, ისე დროზე, რომელიც მის შესაქმნელადაა საჭირო.
Hakawaji (ლიეტუვა) – განათლება
Hakawaji განათლებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიის გადაკვეთაზე ოპერირებს და მასწავლებლებს, თერაპევტებსა და მშობლებს შეგრძნებაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. ლიეტუვური სტარტაპის მიერ შექმნილი სენსორული ასისტენტი, უფროსებს ეხმარება დაარღვიონ საკომუნიკაციო ბარიერები ბავშვებთან მუსიკის, განათების და თხრობის გამოყენებით, რაც აუმჯობესებს ცოდნის მიღების ეფექტიანობას და ავითარებს ბავშვების კოგნიტიურ და სოციალურ უნარებს.
500 Global საინვესტიციო გიგანტია, რომელიც სილიკონის ველზე ჯერ კიდევ 2010 წელს დაფუძნდა. მრავალმხრივი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ კომპანიებში ინვესტირებას ახდენს და სტარტაპებსა და მათ დამფუძნებლებს მნიშვნელოვანი უნარების განვითარებასა და კავშირების დამყარებაში ეხმარება. ამ დროისთვის, 500 Global $2.4 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს, ხოლო კომპანიის პორტფელში 3,000-მდე კომპანია და 5,000-ზე მეტი დამფუძნებელი ირიცხება. 500 Global-ის საინვესტიციო ნაკვალევი 80 ქვეყანაში შეიმჩნევა, მათ შორის საქართველოში, სადაც კალიფორნიული სტარტაპ-აქსელერატორი პროგრამას საქართველოს ბანკთან და GITA-სთან თანამშრომლობით ახორციელებს.
[პარტნიორის კონტენტი]