ცოტა ხნის წინ 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის – 500 Global in Eurasia-ს – მეექვსე ნაკადის მონაწილეების გადამზადება დაიწყო.
უკვე მეოთხე წელია, რაც 500 Global in Eurasia საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება და სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო დონის ექსპერტების მენტორობით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო უნარები შეიძინონ. მეექვსე ნაკადში 9 სტარტაპი მონაწილეობს. ისინი 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის 5 საფეხურს (Foundations of Growth, Growth Weeks, Fundraising, Demo Day და International Immersion) გაივლიან. თითოეული ეტაპი კი მენტორებთან აქტიურ კომუნიკაციას ითვალისწინებს.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის ერთ-ერთი მენტორი ტიმურ დაუდპოტაა, რომელიც თავისი გამოცდილების, მიდგომებისა და პროგრამის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად გვესაუბრა.
500 Global-ის სტარტაპერობიდან მენტორობამდე
ტიმურ დაუდპოტა სტარტაპის დამფუძნებელი და 500 Global-ის ერთ-ერთი ნაკადის მონაწილეა. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მეშვეობით კი, ის მოგვიანებით აქსელერაციის პროგრამის მენტორი თავად გახდა.
წლების განმავლობაში ტიმური ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Coca-Cola, Burger King, Disney და Invisalign. ასევე, ტიმური მუშაობა მსოფლიოს უმსხვილეს გამომცემლებთან, რომელთა შორისაა Time Inc, GQ, TechCrunch, Vogue და სხვა. მისი თქმით, კარიერის განმავლობაში 2000-ზე მეტ სტარტთან უმუშავია, დღეს კი თავის ცოდნას პროგრამის მონაწილეებს უზიარებს.
3 რჩევა სტარტაპერებს მენტორისგან
500 Global in Eurasia-ს თითოეულ მენტორს პროგრამის მონაწილე სტარტაპერებთან ინდივიდუალური მიდგომა და მეთოდოლოგია აქვს. ტიმურისთვის კი ეს მიდგომა მხარდაჭერასთან ერთად სტრატეგიულ ხელმძღვანელობას გულისხმობს.
„მენტორობისას მთავარ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ სტარტაპერებს თავიანთი ბიზნესის ყველაზე გავლენიანი სფეროების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების დადგენაში დავეხმარო, რაც მოიცავს პერიოდს მომხმარებლის მოზიდვიდან პროდუქტის შემუშავებამდე და მასშტაბურ ოპერაციებამდე. აი, 3 რამ, რასაც სტარტაპერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ:
- მომხმარებელზე ორიენტირება: ყოველთვის მიანიჭეთ პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებების გაგებასა და მათზე მორგებას. ეს ნებისმიერი წარმატებული სტარტაპის ქვაკუთხედია;
- სისწრაფე და ადაპტაცია: ბაზრის ცვლილებებთან და უკუკავშირთან შეგუებისა და ადაპტაციის უნარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები: გამოიყენეთ მონაცემები ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, შეაფასეთ ინტენსიურობა და შეიმუშავეთ სტრატეგია.
საწყის ეტაპზე სტარტაპერები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა შეზღუდული რესურსები, პროდუქტის ბაზართან შესაბამისობის პოვნა და მასშტაბებთან დაკავშირებული გამოწვევები. ამიტომ, სტარტაპერებთან მუშაობისას ვფოკუსირდები ისეთ მეთოდოლოგიებზე, რომლებიც მათ ეხმარება, ბაზარზე გასვლის ეფექტური სტრატეგია შეიმუშაონ და რესურსების ეფექტურად გამოყენებით ოპერაციების ოპტიმიზაცია და მასშტაბირება შეძლონ“, – ამბობს ტიმურ დაუდპოტა.
500 Global in Eurasia-ში მონაწილეობის მნიშვნელობა
500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპებს გარდა ტექნოლოგიურ სფეროში ახალი ცოდნის, უნარების და გამოცდილების შეძენისა, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს. ასევე, შეხვდნენ სხვა წარმატებულ სტარტაპერებს და მათი გამოცდილება გაიზიარონ. ტიმურის აზრით, 500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილეობა თითოეული სტარტაპერისთვის ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობებს ქმნის, რაც ნებისმიერი დამწყები ბიზნესისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა.
„500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა სტრუქტურული მხარდაჭერით, ექსპერტების ხელმძღვანელობითა და პოტენციური ინვესტორების ფართო ქსელზე წვდომით სტარტაპების ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. ეს გარემო სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას უწყობს ხელს. 500 Global in Eurasia-ს მონაწილეებს გირჩევთ, ამ მოგზაურობის დროს გამოირჩეოდეთ სიმტკიცითა და გახსნილობით. გამოიყენეთ ყველა რესურსი, რომელსაც პროგრამა გთავაზობთ და აქტიურად ითანამშრომლეთ მენტორებთან და სხვა ხელმძღვანელებთან. გახსოვდეთ, რომ ამ პროგრამის დროს თქვენი ზრდა არა მხოლოდ თქვენი სტარტაპის ტრაექტორიას განსაზღვრავს, არამედ თქვენს, როგორც ლიდერის, ევოლუციასაც“, – დასძინა ტიმურ დაუდპოტამ.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა 12-კვირიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, რომლის თითოეულ ეტაპზე უცხოელი მენტორები აქტიურად არიან ჩართულნი. ყოველი ახალი ნაკადის გადამზადება Demo Day-ით სრულდება. მომდევნო ნაკადზე კი ბიზნესის განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა სხვა სტარტაპებსაც მიეცემათ.
[R]