ბავშვის განვითარების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, ის სხვადასხვა სახის აქტივობებში იყოს ჩართული. თუმცა, დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მშობლებისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პირველ რიგში, აქტივობა ბავშვისთვის საინტერესო უნდა იყოს, ამასთან, უნდა ერგებოდეს მშობლის სამუშაო გრაფიკს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველი მომდევნო თაობა წინა თაობაზე მეტად ციფრული და ტექნოლოგიურად განვითარებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო ცენტრების, სპორტული წრეებისა და გასართობი დაწესებულებების მთავარი კონკურენტი, რეალურად, ტექნოლოგიური მოწყობილობები და აპლიკაციებია, რაც კარგი დაწესებულების პოვნის პროცესს მეტად ართულებს.
სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა სამი წლის ამელის დედა – ლაურა ერალიევა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბრკოლება შესაძლებლობად ექცია, რისთვისაც YAYA შექმნა.
შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის YAYA
Yaya სტარტაპია, რომელიც მშობლებისთვის ბავშვების გართობისა თუ აღზრდისთვის საჭირო დაწესებულებებს და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს. მისი დახმარებით ნებისმიერი სერვისის დაჯავშნა რამდენიმე წამში არის შესაძლებელი.
ყაზახური სტარტაპი მშობლებს ყოველთვიურ, სამთვიან და ერთწლიან გამოწერის პაკეტებს სთავაზობს, რომლებიც ერგება, როგორც ბავშვების მრავალმხრივ ინტერესებს, ასევე მშობლების ბიუჯეტირების მოთხოვნებს.
ამ დროისთვის, YAYA ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ოპერირებს, სადაც 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრს და 400-ზე მეტ აქტივობას აერთიანებს, მათ შორის, ჭადრაკის, უცხო ენების, რობოტიკის წრეებს.
“სამი წლის შვილი მყავს, ამელი. დეკრეტულ შვებულებაში რომ ვიყავი, ონლაინკურსებს გავდიოდი, მალევე ძიძა დამჭირდა და ჩემი შვილისთვის სწორი ადამიანის პოვნა ძალიან გამიჭირდა. აი, ასე გამიჩნდა ძიძების პოვნის სერვისის შექმნის იდეა, რასაც ექვსი თვე დავუთმე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს პროექტი მასშტაბური ვერ იქნებოდა. ბიზნესის გადაწყობა გადავწყვიტე და ისე დაემთხვა, რომ იმ დროს, შვილისთვის საბავშვო ცენტრს ვეძებდი, რაც ასევე უამრავ პრობლემასთან ყოფილა დაკავშირებული. ალმათიში არსებული ცენტრები მოვიარე, არაერთ მშობელს ველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ მათთვისაც მათ საჭიროებებზე მორგებული ცენტრის პოვნა სირთულეს წარმოადგენდა. შედეგად გადავწყვიტე, ისეთი აპლიკაცია შემექმნა, რომლითაც ბავშვები საგანმანათლებლო ცენტრებში, სპორტული წრეებსა და გასართობი დაწესებულებაში ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დარეგისტრირდებოდნენ”, – ამბობს YAYA-ს დამფუძნებელი, ლაურა ერალიევა.
ღირებულებები, რომლებსაც YAYA აერთიანებს
YAYA ბავშვებს, მათ აწმყოსა და მომავალს ეხება, ამიტომ, სტარტაპი ორ ფუნდამენტურ ღირებულებაზე დგას, ესენია – უსაფრთხოება და ხარისხი.
როგორც ლაურა ერალიევა ამბობს, იმისთვის, რომ საბავშვო ცენტრი აპლიკაციაში მოხვდეს, კომპანიის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები მას დეტალურ ინსპექციას უტარებენ და ადგენენ, აკმაყოფილებს თუ არა ის YAYA-ს სტანდარტებს. ყაზახური სტარტაპი რამდენიმე პარამეტრს აკვირდება, მათ შორისაა – ადგილმდებარეობა, უსაფრთხოება და მის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა პროცედურა, ცენტრის იურიდიული დოკუმენტაცია, ინსტრუქტორების ცოდნა და სერტიფიცირება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მშობლებისგან მიღებული უკუკავშირი.
„დაფუძნების შემდეგ, YAYA-ში დამატებული ცენტრებით არაერთ ბავშვს უსარგებლია და ბევრ მათგანთან, განსაკუთრებული ისტორია გვაკავშირებს. ჩვენს ერთ მომხმარებელს სამი წლის შვილი ჰყავდა, რომელსაც ლაპარაკი ჯერაც არ ჰქონდა დაწყებული. მას შემდეგ, რაც ბავშვის მშობელი ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირდა, ჩვენმა ექსპერტებმა ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები ურჩიეს, რომელიც მის შვილს ყველაზე კარგად მოერგებოდა. ჩვენი სპეციალისტების მიერ შერჩეული ცენტრები იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ ბავშვი ორ თვეში ალაპარაკდა და ლექსების მოყოლაც დაიწყო. ჩვენმა კლიენტმა კი სამსახურიდან წამოსვლა და მთელი მისი დროის შვილისთვის დათმობა გადაწყვიტა“, – ჰყვება YAYA-ს დამფუძნებელი, ლაურა ერალიევა.
YAYA-ს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. ბაზარზე ჩაშვებიდან მალევე, სტარტაპმა ყაზახეთის წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის პროგრამა გაიარა, $100,000-იანი საინვესტიციო რაუნდი დახურა და კომპანიის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა ყაზახური კომპანია აქ არ ჩერდება და სამომავლოდ, გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს. ამ ამბიციურმა მიზანმა ლაურა ერალიევა და მისი გუნდი 500 Global in Eurasia-მდე მოიყვანა, რასაც კომპანიაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებად აფასებენ, რომელიც სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ახალი გამოცდილება და მოიპოვოს წვდომა ინვესტორების დიდ ქსელზე.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ვენჩურული კომპანია 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობთ ხორციელდება. მასში მონაწილეობა უკვე 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა მიიღო. წელს მეექვსე ნაკადისთვის მენტორებმა ცხრა სტარტაპი შეარჩიეს. ისინი შვიდ სექტორსა და ექვს ქვეყანას წარმოადგენენ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონიდან.
[R]