in

500 Global-ის პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორის — 500 Global-ის მიერ 15 სტარტაპის გადამზადების პირველი ფაზა პარასკევს, 18 ნოემბერს, დასრულდა. ეტაპი, რომელსაც „ზრდის საფუძვლები“ ეწოდება, 2 კვირის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა.

ამ დროის მანძილზე სტარტაპების დამფუძნებლებს საშუალება ჰქონდათ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ მენტორებთან მუშაობით განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინათ.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, მოკლედ მოგიყვებით, რას მოიცავს ეს 2-კვირიანი ფაზა და როგორ იქმნება მნიშვნელოვანი საძირკველი მომდევნო ეტაპებისთვის.

თითოეული დილა იწყება წინა დღის მიმოხილვით, რომელსაც პედრო ვიეირა ხელმძღვანელობს. დამფუძნებლები ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ — რა ისწავლეს, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რა საკითხები ვერ გაიაზრეს სრულად და ა. შ. ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ მენტორებიც, რათა წინა დღის შემდეგ დამფუძნებელთა გონებაში დარჩენილი კითხვის ნიშნები ახალ, მტკიცე ცოდნად აქციონ.

ამის შემდეგ მოდის ლექცია, რომელსაც თემატიკისთვის შესაბამისი მენტორი ატარებს (ჯასტინა იასტჟებსკა — მარკეტინგი; მაია კანეჰარა — პროდუქტი; ქრისტინ ვოლდენი — გაყიდვები). ლექცია ინტერაქციული სახისაა და ამ დროს გაჩენილი კითხვების შეკავების საფუძველი არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, ლექციის მიმდინარეობაში ერთვებიან სხვა მენტორებიც, რათა ესა თუ ის საკითხი საკუთარი პროფესიული პერსპექტივიდან განიხილონ და მონაწილეების ინტერესი დააკმაყოფილონ.

შემდეგი აქტივობა არის ვორქშოფი, რომელიც ლექციაზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას წარმოადგენს. სტარტაპების დამფუძნებლები ლექციის თემატიკიდან გამომდინარე მენტორისგან მიღებულ პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ, რაც მათ ახალი ცოდნის უკეთ გადამუშავებასა და გათავისებაში ეხმარება.

დღე კი სრულდება დამფუძნებლების მიერ წინასწარ დაჯავშნილი პერსონალური სამუშაო საათებით, როდესაც ისინი კონკრეტულ მენტორთან ერთად თავიანთ სტარტაპებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებს განიხილავენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ორი კვირის მანძილზე, დამფუძნებლებს საინტერესო სტუმრები ეწვივნენ: Pulsar AI, Phubber, Cargon, Payze. მათ სტარტაპერებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სასარგებლო რჩევებიც მისცეს. სტუმრების სიაში საქართველოს ბანკიც იყო, რომელთა წარმომადგენლებმა BOG-ის შესახებ ისაუბრეს, დამფუძნებლებს თავიანთი პროდუქტები გააცნეს და მათთან თანამშრომლობისთვის მზაობაც გამოთქვეს.

გარდა ამ ფორმალური პროცესისა ეს ორი კვირა დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობით, რომელთა მიზანს მონაწილეებსა და 500 Global-ის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, სტარტაპერებს წინ საინტერესო და, რაც მთავარია, ახალი გამოცდილებებით სავსე გზა ელით.

KN თუ KIA? — განახლებული ლოგოთი გამოწვეული დაბნეულობა

ასე შეიქმნა „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი ვიდეორგოლი ნიკოლოზ რაჭველის მონაწილეობით!