საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.
ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც რჩეულებში მოხვდა, არის Tass Vission – უზბეკეთში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს, ოფლაინ მაღაზიების მუშაობას ადევნონ თვალი. ეს არის Computer Vision ტექნოლოგია და იყენებს ვიდეო კამერებს, რომლებიც აფიქსირებს მომხმარებლის რაოდენობას, ასაკსა და სქესს. TASS VISION დაფუძნდა 2019 წლის 9 ოქტომბერს უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში. აღსანიშნავია, რომ დღეს, ელ. კომერციისადმი მზარდი ინტერესის გამო, ჭკვიანი გადაწყვეტები უფრო ონლაინ მაღაზიებისთვის გამოდის, რაც გარკვეულწილად, „ჩაგრავს” ფიზიკურ სავაჭრო ობიექტებს. Tass Vission-მა მიზნად დაისახა, რომ არაონლაინ ბიზნესსაც ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა იმ ანალიტიკაზე, რასაც მომხმარებლის შესწავლა ჰქვია.
სტარტაპი ამჟამად 15 ადამიანისგან შედგება. აქედან რამდენიმე დისტანციურადაა ჩართული კორეიდან და ჩინეთიდან. მათი აღმასრულებელი დირექტორია შახზოდ უმირკაზოვი, რომელსაც Marketer მას შემდეგ გაესაუბრა, რაც გავიგეთ, რომ სტარტაპი 500 Global-ის ფინალისტთა სიაში მოხვდა.
M: გვითხარით, რა ხდის თქვენს პროდუქტს უნიკალურსა და ინოვაციურს?
ჩვენს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განვაახლეთ ყველა ჩვენი აპარატურა. ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ფუნქციები და მივცეთ მეტი ღირებულება ჩვენს მომხმარებლებს. მთელი ჩვენი ვიდეო შინაარსის ანალიზის დამუშავება ჩვენს AI კამერებში, VPU ჩიპებში ხდება.
M: რა გამოწვევებსა და პრობლემებს უკავშირდება ბაზარზე სტარტაპის დამკვიდრება?
ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბაზარზე არ არის საკმარისი კვალიფიციური ანალიტიკის სპეციალისტი, რათა გამოიყენოს ჩვენი ინსტრუმენტი. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც გეხმარებათ, რომ ავტომატურად გაანალიზდეს ყველაფერი და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ჩვენი მომხმარებლების მიერ.
M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 გლობალური აქსელერაციის პროგრამაში, რა მოლოდინი გაქვთ?
მონაწილეობის მთავარი მიზანია საქართველოს ადგილობრივი ბაზრის გაცნობა და სხვა საერთაშორისო სტარტაპებთან დამეგობრება გამოცდილების გაცვლისა და ქსელში ჩართვის მიზნით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მივიღოთ ღირებული გამოცდილება პროგრამის საუკეთესო მენტორებთან სწავლისას. ძალიან გვიხარია, რომ მენტორები გვეხმარებიან, გავიგოთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი კომპანია უფრო სწრაფად.
M: თქვენი სტარტაპი 400+ კომპანიას შორის შეირჩა, როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
ამის მთავარი მიზეზი არის ის პოტენციალი, რომელიც მათ დაინახეს ჩვენს იდეაში და ამ იდეების უკან მყოფ გუნდში. ასევე, ჩვენ ვართ ძალიან გულმოდგინე და სწრაფი შემსწავლელები, რომელთაც სურთ, გაიზარდონ და იმ გადაწყვეტებით, რასაც ვქმნით, უფრო მეტ ბაზარზე გავიდეთ.
აღსანიშნავია, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.