in

500 Global-ის რჩეულთა სიაშია Voiceloft – ენის მოდელირების სტარტაპი აზერბაიჯანიდან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ამჯერად მოგიყვებით კომპანიაზე, რომელიც ამ 15 სტარტაპს შორის მოხვდა. Voiceloft 2021 წელს აზერბაიჯანში დაფუძნებული სტარტაპია. მისი დამფუძნებელი გახლავთ სერიული მეწარმე, რომელსაც აზერბაიჯანული ენის მეტყველების ამოცნობის პრობლემის გადასაჭრელად მიმართეს. სერვისზე მოთხოვნამ მას გაუჩინა იდეა, რომ დაეფუძნებინა კომპანია, რომელიც შესაბამის ტექნოლოგიაზე იმუშავებდა და ენებისთვის მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების შექმნას დაიწყებდა. ასე დაიწყო სტარტაპის მოგზაურობა, რომელიც დღესაც დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. 

კომპანიის მიზნებისა და 500 Global-ში მონაწილეობის შესახებ მის აღმასრულებელ დირექტორს, თოგრულ სამადოვს ვესაუბრეთ:

M: რა ტექნოლოგიას სთავაზობთ მომხმარებელს და რით არის ის ინოვაციური?

მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სიზუსტეა და უფრო მაღალი სიზუსტის მისაღწევად, მეტი მონაცემთა ნაკრები უნდა შეგროვდეს. მონაცემთა ნაკრები უბრალოდ ნედლი მონაცემია, რომელიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად. თუმცა ამ მონაცემების შეგროვება საშუალოდ ძვირია და 100$-დან 200$-მდე ჯდება საათში, რაც ზღუდავს ახალი ენის მოდელების შემუშავებას. აქედან გამომდინარე, ბაზრის ამჟამინდელი მოთამაშეები ყურადღებას ამახვილებენ ძირითად ენებზე, კერძოდ ინგლისურ და ევროპულ ენებზე. შედეგად, მეტყველების ამოცნობის ყველა ხელმისაწვდომი გადაწყვეტილების მხოლოდ 6% მოიცავს დაბალი რესურსის ენებს, რომელზეც ლაპარაკობს 3 მილიარდზე მეტი ადამიანი.

Voiceloft-მა შექმნა უნივერსალური მოდელები 10-ზე მეტი ახალი ენისთვის სულ რაღაც 3 თვეში, რაც ბიზნესის მასშტაბურობისა და პოტენციალის მტკიცებულებაა.

M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში, რა მოლოდინი გაქვთ?

ჩვენს კომპანიას აქვს გამოცდილება სხვა აქსელერატორებთან თანამშრომლობაშიც, თუმცა 500 Global-ში გვყავს მენტორები, რომლებიც გვეხმარებიან, დავამუშაოთ საკუთარი ჰიპოთეზა და სტრატეგიები ჩვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. 

ბიზნესის შექმნა არის მოგზაურობა, რომელიც გადის მრავალ ფაზასა და ეტაპს. კაპიტალის სწრაფად მოზიდვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური ტექნოლოგია და ბიზნეს მოდელი, თუმცა ყოველთვის არის ადგილი გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის და ჩვენ ვსარგებლობთ პროგრამით, რათა გვქონდეს ანალიტიკა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

M: როგორია თქვენი საბოლოო გეგმები და როგორ წარმოგიდგენიათ სტარტაპის განვითარება?

ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ 2 მილიონი აშშ დოლარი მომდევნო 6 თვეში, რათა შევძლოთ ახალი ენების მოდელების შექმნა და უფრო მეტი კლიენტი მოვიზიდოთ. საბოლოოდ კი, გავაფართოოთ ჩვენი ბიზნესი გლობალურად. ვფიქრობთ, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში შევძლებთ საჭირო კაპიტალის მოზიდვას. გარდა იმ ქსელისა, რომელსაც 500 Georgia გვთავაზობს, ჩვენ ვგეგმავთ სილიკონ ველიზე გასვლასაც.

აღსანიშნავია, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

Coca-Cola-ს ახალი სენტიმენტალური რეკლამა, რომელიც მოგონებებს აღვიძებს

„ყველა სადღესასწაულო ამბავი ერთნაირი არ არის“ — ამერიკის წითელი ჯვრის კამპანია