in

ლოკალური სტარტაპიდან მსოფლიო ბრენდობამდე – შესაძლებლობა, რომელსაც 500 Global გაძლევთ

როდესაც ხარ სტარტაპი და ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამ, თავს ზოგჯერ მცირე ზომის თევზად გრძნობ, რომელიც დიდ ოკეანეში პირველად გადის მარტო, მშობლების გარეშე. თუ ჯერ ახალბედა ხარ, ინოვაციური იდეით აღვსებული და მოტივირებული, მაგრამ გამოცდილების გარეშე, ამ ოკეანეში ცურვა თავიდან არც ისე გიმარტივდება. ამ დროს ყველაზე მეტად გჭირდება მიმართულების მოცემა, ფოკუსირება, რჩევების მიღება, რათა წარმატებას მიაღწიო და გაიზარდო. რა თქმა უნდა, ამ დროს ვერ მიხვალ ნებისმერ დიდ ბიზნესთან და ვერ ეტყვი: „ჰეი, ჩემი სტარტაპის მართვაში ხომ არ დამეხმარები?”

მაშ რა ალტერნატივები გაქვს? ამაზე გლობალურად ფიქრობენ და მუშაობენ. შედეგად, ბოლო წლებში სააქსელერაციო პროგრამები შეიქმნა, რომლებიც სტარტაპებს ოკეანეში ცურვას ასწავლიან, ეხმარებიან დაფინანსებით და ა.შ. ერთ-ერთი ასეთია 500 Global, რომელსაც ადრე ყველანი 500 Startups-ით ვიცნობდით. ეს არის მსოფლიოში ცნობილი აქსელერატორი, თუმცა საინტერესოა, თავად როგორ დაფუძნდა, ვინ შექმნა, როგორ ეხმარება სტარტაპებს განვითარებაში.

500 Global-ის ისტორია 2010 წლიდან იწყება. მისი სულისჩამდგმელები დევიდ მაკულვი და კრისტინ ცაი არიან. მისი გუნდი 100-ზე მეტი წევრისგან შედგება მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ხოლო ინვესტიციები სამოცდათხუთმეტზე მეტ ქვეყანას მოიცავს. მან ინვესტიცია მოახდინა 1500-ზე მეტ ფირმაში 50-ზე მეტ ქვეყანაში და იღებდა ათასობით სტარტაპის აპლიკაციას ყოველ კვარტალში. ეს აქსელერატორი ფოკუსირებულია დიზაინსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე, დისტრიბუციასა და მომხმარებელთა მოზიდვაზე, პროდუქტის გაშვების პროცესებსა და ანალიტიკაზე. საინვესტიციო გუნდებს და მენტორთა ქსელებს, რომლებსაც აქსელერატორი გთავაზობთ PayPal-ში, Google-ში, YouTube-ში, Yahoo-ში, AOL-ში, Zynga-ში, LinkedIn-ში, Twitter-ში, Apple-სა და Facebook-ში აქვთ ოპერატიული გამოცდილება.

12 წლის წინ, როდესაც ის პირველად გამოჩნდა სილიკონ ველიზე, Seed ფონდის სახით დაიწყო ფუნქციონირება. წარმატებებს მალე მიაღწია: ჯერ ლათინურ ამერიკაში გავიდა, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში, ბოლოს კი მთელი პლანეტა მოიცვა. ყველა რეგიონში ის აარსებდა ფონდებსა და სპეციალურ სააქსელერაციო პროგრამებს, რითაც სტარტაპებს ეხმარებოდა წინსვლაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ასპექტი ისაა, რომ მსოფლიო დონის საოცარი ექსპერტები ჰყავს, რომლებიც მენტორობას უწევენ დამწყებ მეწარმეებს, უზიარებენ გამოცდილებას, ასწავლიან ბიზნესს კულტურას.

500 Global-ის ხედვა

თავად ამ აქსელერატორის ხედვა და საორგანიზაციო კულტურა ინდივიდუალურ განსხვავებებს, ცხოვრებისებულ გამოცდილებას, თვითგამოხატვას, ნიჭსა და ინოვაციურ მიდგომებს ეფუძნება. ორგანიზაციაში სჯერათ, რომ ეს ღირებულებები არა მხოლოდ მათი კულტურის, არამედ რეპუტაციისა და კომპანიის მიღწევების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ აქსელერატორი ითვალისწინებს თანამშრომლების განსხვავებებს ასაკის, კანის ფერის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, ოჯახური მდგომარეობის, გენდერული იდენტობის მიხედვით და ა.შ. კომპანიის აზრით, სწორედ ეს განსხვავებულობა აქცევს მის თანამშრომლებს უნიკალურ ადამიანებად. 

როგორ სტარტაპებს უჭერს მხარს 500 Global?

უპირველეს ყოვლისა, ის ყურადღებას აქცევს გუნდს, რადგან მას სჯერა, რომ ყველა დიდი კომპანია ძლიერ ადამიანებზეა აგებული, რომელთაც ესმით გუნდური მუშაობა. მეორე მხრივ, აქსელერატორი, რა თქმა უნდა, ნიჭიერ სტარტაპერებს აქცევს ყურადღებას, რომელთაც აქვთ მოტივაცია და შეუძლიათ რაიმე პრობლების გადაჭრა კონკრეტული სეგმენტისთვის. ასევე ყურადღებას აქცევენ თანამედროვე მიდგომებსა და ნოვატორულ იდეებს, რომელიც ძირითადად მოიცავს ელექტრონული კომერციის ახლებურ მიდგომებს, ღრუბლოვან სერვისებს, მცირე ბიზნესზე მორგებულობას, ფინანსურ მენეჯმენტს, განათლებას ან ჯანდაცვა/სიჯანსაღეს. 

500 Global უპირატესობას იმ სტარტაპებს ანიჭებს, რომლებსაც უკვე ნამუშევარი აქვთ საკუთარ პროდუქტზე და გაშვებული აქვთ საველე პირობებში თუნდაც მცირე მასშტაბზე. ამით იგი რწმუნდება, რამდენად აქვს ამ პროდუქტს და მის შემქმნელს სამომავლო განვითარებისა თუ პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა.

500 Global და საქართველო

უკვე ორი წელია საქართველოში მოქმედ სტარტაპებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ 500 Global-თან ითანამშრომლონ. საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, აქსელერატორი ჩვენთან პირველად 2020 წელს გამოჩნდა და მისი წყალობით, არაერთმა ქართულმა სტარტაპმა მიაღწია წარმატებას. მათ რიგებში არიან: Cardeal, Payze, Agrolabs და Cargon, რომლებიც „სილიკონ ველიზე” გაემგზავრნენ ახალი გამოცდილების მისაღებად.

წინა წარმატებული აქსელერაციების შემდეგ, რა თქმა უნდა, პროგრამა წელსაც გაგრძელდება.  500 Global საქართველოზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.

როგორ გამოვიყენოთ ნაკლები მობილური ინტერნეტი WhatsApp-ით დარეკვისას

IKEA-ს სურს, რომ თქვენს შვილს მაგიდის ან კარადის სახელი დაარქვათ