in ,

აქსელერაციის პროგრამა, როგორც სამომავლო წინსვლის შანსი 9 ქართულ და 6 უცხოურ სტარტაპს

“ჩვენ გვჯერა, რომ ჭკვიანი სტარტაპერების აღმოჩენა ნებისმიერ გენდერსა და ეროვნებაში შეიძლება.”

500 სტარტაპი ერთ-ერთი იმ სტარტაპ აქსელერატორთაგანია, რომელი მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო იდეებს აფინანსებს.  დღემდე მას 75 ქვეყნის მასშტაბით თავისი 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის საშუალებით, 2300-ზე მეტი კომპანია აქვს დაფინანსებული. განსხვავებით იმ სტარტაპ აქსელერატორებისგან, რომლებიც მცირე მეწარმეებსა და ბიზნესებს უდგას მხარში, 500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვის აქსელერატორია.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სწორედ ეს სტარტაპ აქსელერატორი საქართველოშიც შემოვიდოდა. 500Georgia – 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. ერთგვარად გაჩნდა იმედი, რომ ქართულ სტარტაპებს სწორედ ის აქსელერატორი გაუწევდა დახმარებას, რომლის დაფინანსებულიცაა შემდეგი კომპანიები; Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab და სხვ. ფაქტობრივად, გაჩნდა შესაძლებლობა ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობის, ეკოსისტემის გაძლიერებისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარების.

იმედი გამართლდა და აქსელერაციის პროგრამაზე გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად შეირჩა ის 15 სტარტაპი, რომლებიც სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწაზე იმუშავებენ. აქსელერაციის პროგრამა მათ დაეხმარება, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ.

შერჩეულ სტარტაპთა სია ამგვარია:

Cardeal.ge – მეორადი ავტომობილების სავაჭრო პლატფორმა;

CARU – პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავტოასისტენტის გამოძახება და მისი მეშვეობით მანქანასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება;

FINMAP.online – ფინანსური აღრიცხვის ონლაინ სერვისი ბიზნესისთვის;

Echolize – ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა;

LiveCaller – ონლაინ კონსულტანტი ინტერნეტ ვაჭრობისთვის;

Phubber App – “მარკეტფლეისი”, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი ნივთი;

Lightspeed – ბიზნესის კრედიტუნარიანობის შემოწმების პლატფორმა;

Raccoon.Recovery – მიზანზე ორიენტირებული ფიზიკური რეაბილიტაციის ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება ვიდეო თამაშებს, დიდ მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტს;

Stack – პირველი ქართული ბრაუზერი;

Tripcars.com – ონლაინ სისტემა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მანქანის გაქირავებისა და დაქირავების მსურველებს;

Wegotrip – ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთგვარი გიდის როლს ასრულებს, მოიცავს ბილეთებს და პარალელურად ღირსშესანიშნაობების შესახებ აუდიო ჩანაწერებით ყვება;

Intrro – პლატფორმა, რომელიც შენთვის სასურველი თანამშრომლის ძებნასა და აყვანაში გეხმარება;

NextSale – პლატფორმა, რომელიც ვებგვერდებს ეხმარება, მომხმარებლებისთვის უფრო მეტად სანდოები იყვნენ;

Mandarin Solutions – საკომუნიკაციო არხი, რომელიც მანდარინის კლიენტებსა და სამხრეთ აფრიკის ტურ ოპერატორებს აკავშირებს;

Cargon – ონლაინ პლატფორმა, რომელიც ტვირთის გამგზავნ და გადამზიდ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს;

“ჩვენი პროექტი იმ მიზეზით შეირჩა, რომ კარგონი რეალურ ლოგისტიკური ინდუსტრიის პრობლემას რეალური და ეფექტური გადაწყვეტილებით პასუხობს. 500 სტარტაპის აქსელერაციის პროგრამის წევრობა დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირ კავშირში იქნება ჩვენი სტარტაპის განვითარებასთან, როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ,” – ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი.

ამ სტარტაპებიდან 9 ქართული, 6 კი – უცხოური სტარტაპია. სწორედ ამ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ აქსელერაციის 4 ეტაპი, რომელიც გულისხმობს: 1. აქტიურ ტრეინინგებს მენტორებთან, 2. ამ ტრეინინგზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე დამოუკიდებლად მუშაობას, 3. პროექტების დახვეწასა და წარდგენას და აქსელერაციის ყველაზე ამაღელვებელ და საინტერესო ეტაპს – 4. სტარტაპერებისთვის საოცნებო ადგილზე – სილიკონ ველიზე 1-თვიანი აქსელერაციის პროგრამის გავლას. 

აღნიშნული აქსელერაციის პროგრამა ქართველ სტარტაპერებს დაეხმარება, სწორედ ის გამოცდილება მიიღონ, რაც მათი კარიერული ზრდისთვის, მიზნების სწორად განსაზღვრისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის და ზოგადად წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბებისთვის ძალიან საჭიროა. საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ჰოდა ამგვარი აქსელერატორები მათში არსებულ დიდ პოტენციალს და ინოვაციურ იდეებს რეალობად აქცევენ. სტარტაპთა პირველი ნაკადი ამ ყველაფერთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, მომავალში ხომ კიდევ ბევრ სტარტაპს მოუწევს ამ სასიამოვნო გზის გავლა.

 

[R]

195 წამი ბიზნესში განათლების ტრენდების შესახებ

უზბეკეთის სასახლეებისა და მეჩეთების მოხატულობა, როგორც ისლამური კულტურის უნიკალური თვალსაჩინოება