50 წლის წინ პოლონეთში ერთ-ერთ გამოქვაბულში პრეისტორიული ქვის იარაღები აღმოაჩინეს, სულ ახლახან კი გამოაცხადეს, რომ ისინი უძველესია მათ შორის, რაც ოდესმე რეგიონში აღმოჩენილა…
მალოპოლსკას ტუელკის გამოქვაბულში ნაპოვნი იარაღები 450 000-550 000 წლამდე თარიღდება. კონკრეტული თარიღი კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მეტი გაიგონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ისინი დაამზადეს. ამასთან, მათ მიგრაციასა და საცხოვრებელზე ცენტრალურ ევროპაში.
კონკრეტული თარიღის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იარაღი ადამიანის გადაშენებული სახეობის Homo heidelbergensis-ის მიერ უნდა იყოს დამზადებული, რომელიც ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების, ანუ ჩვენს, ბოლო საერთო წინაპრად ითვლება. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ რეგიონში ადამიანები მაშინ დასახლდნენ, როცა ცენტრალური ევროპის მკაცრი კლიმატი მნიშვნელოვან ფიზიკურ და კულტურულ თავსებადობას მოითხოვდა.
„ეს ჩვენთვის ანალიზის ძალიან საინტერესო ნაწილია. შეგვიძლია გამოვიკვლიოთ Homo heidelbergensis-ის გადარჩენის შესაძლებლობები და ამგვარად, განვსაზღვროთ, როგორ ეგუებოდა იგი მისთვის არამეგობრულ გარემოს“, — ამბობს მალგორზატა კოტი, არქეოლოგი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტუელკის გამოქვაბული ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გათხარეს, არქეოლოგები კი ამ ადგილს კვლავ 2016 წელს დაუბრუნდნენ. მასალის ფენები ჰოლოცენით, ანუ დაახლოებით 11 700 წლითა და შუა პალეოლითით, 40 000 წლით, თარიღდება.
მაგრამ ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგი კლაუდიო ბერტო ფიქრობდა, რომ დათარიღება ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც იკვლევდნენ. ამტკიცებდა, რომ ამ ადგილზე აღმოჩენილი ძვლები 40 000 წელზე მეტის უნდა ყოფილიყო. ეს უკანასკნელი კი 2018 წელს მკვლევრების გამოქვაბულში დაბრუნების მიზეზი გახდა. მათ გააფართოვეს თხრილი, შეისწავლეს მასალის სხვადასხვა ფენა და ანალიზისთვის მეტი ძვლის მასალაც შეაგროვეს.
შედეგად, აღმოაჩინეს, რომ ზედა ფენები მართლა შეიცავდა იმ ცხოველთა ძვლებს, რომლებიც გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში ცხოვრობდნენ. ქვედა ფენა კი კიდევ უფრო ძველი იყო — რამდენიმე სახეობის ძვალს შეიცავდა იმ ცხოველებისა, რომლებიც ნახევარი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, მათ შორის იყო ევროპული იაგუარი Panthera gombaszoegensis, „მოსბაქის მგელი“ — თანამედროვე რუხი მგლების წინაპარი, Canis mosbachensis და დენინგერის დათვი Ursus deningeri.
აქვე აღმოაჩინეს კაჟის ქვები, რომლებსაც სხვა ხელსაწყოების ფორმირებისთვის იყენებდნენ და სივრცე, სადაც ისინი ამას აკეთებდნენ. აქვე იყო ისეთი მზა იარაღები, როგორებიცაა, მაგალითად, დანები. აქამდე კი პოლონეთში მსგავსი იარაღების აღმოჩენით მხოლოდ ორი ადგილი იყო ცნობილი, ესენია ტრზებნიცა და რასკო. თუმცა ვიელკის არტეფაქტები მათგან მაინც განსხვავებულია. ამ მხარეში არსებული რამდენიმე არქეოლოგიური ადგილი ადამიანის უძველესი საცხოვრებლის შესახებ წარმოგვიდგენს მტკიცებულებას, თუმცა ყველა ღია სივრცეშია და ის, რაც ახლა აღმოაჩინეს, მკვლევრებისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.
„გაკვირვებულები ვიყავით იმის აღმოჩენით, რომ ნახევარი მილიონი წლის წინ ამ მხარეში ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, რადგან ეს დაბანაკებისთვის ნამდვილად არ იყო საუკეთესო ადგილი. ალბათ, ამას ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა შეუშლიდა ხელს. მეორე მხრივ, კი გამოქვაბული ბუნებრივი თავშესაფარია. დახურული სივრცეა, რომელიც უსაფრთხოების განცდას იძლევა. იმის კვალსაც კი მივაგენით, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქ რჩებოდნენ ცეცხლს იყენებდნენ, რაც, ალბათ, მათ ამ ბნელი და ტენიანი ადგილების მოთვინიერებაში დაეხმარა“, — განმარტავს კოტი.