მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორის საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში, 500 Startups-მა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა ეკოსისტემაზე. აქსელერატორი 500 Georgia საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA მხარდაჭერით ამოქმედდა, პირველი ნაკადის საუკეთესო სტარტაპები შეარჩია და პირველადი შედეგებიც სახეზეა – პირველი ნაკადის სტარტაპებმა 10 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს. 500 Georgia ბევრი სტარტაპისთვის აღმოჩნდა გზა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებამდე და მენტორებამდე, რომლებთან ერთადაც საკუთარი იდეების დახვეწაზე პროდუქტის დიზაინსა და მარკეტინგზე, გაყიდვებსა და მათთვის საჭირო სხვა სფეროებზე უფრო მეტს სწავლობენ და რაც მთავარია, გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად ემზადებიან. ცოტა ხნის წინ, 500 Georgia-მ მეორე ნაკადის აქსელერაციაში მონაწილე 15 სტარტაპი უკვე დაასახელა: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me. რა მნიშვნელობა აქვს სტარტაპის განვითარებისთვის 500 Georgia-ში მონაწილეობას? ამის შესახებ აქსელერატორის მეორე ნაკადის მონაწილე სტარტაპების – Payze-სა და Activechat-ის თანადამფუძნებლები გვიყვებიან.
Payze-ის შესახებ, მისმა თანადამფუძნებელმა კახა გელაშვილმა გვიამბო:
“Payze მოქნილი, ეფექტური და მორგებადი ონლაინ გადახდების პლატფორმაა ელექტრონულ კომერციაში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის. საწყის ეტაპზე ყველა მოთამაშეს, მათ შორის, ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებს არაერთი გამოწვევის დაძლევა უწევთ. რთულია ერთდროულად მომხმარებლის ქცევის შეცვლაზე, ხარისხიანი პროდუქტის შექმნასა და გამართულ სისტემაზე იზრუნო. სტარტაპზე მუშაობისას, კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს საკმაოდ ბევრი გამოწვევები აქვთ ონლაინ გადახდების კუთხით, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რაც არის გადახდის სქემების მართვის, ასევე გადახდების ავტომატური დაყოფის შესაძლებლობის უუნარობა. ამ იდეის გარშემო გაერთიანდა გუნდი და შემუშავდა PAYZE-ის პროტოტიპი. შეიქმნა უნივერსალური, ე.წ „Bill-Splitting“ მოდელი, რომლითაც პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ, საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა.”
M: რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სტარტაპისთვის 500Georgia-ში მონაწილეობა?
აქსელერატორების როლი სტარტაპების ეკოსისტემაში არის უმნიშვნელოვანესი. ისინი სტარტაპებს საშუალებას აძლევენ, განავითარონ თავიანთი პროდუქტი, დახვეწონ ბიზნესმოდელი და რაც მთავარია, იპოვონ ინვესტორები. 500 Startups არის სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე დაარსებული მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი, მას განხორციელებული აქვს ინვესტირება 2,200-ზე მეტ ტექნოლოგიურ კომპანიაში, პორტფელში შედის ისეთი უნიკორნები როგირიცაა – Twilio, Canva, Udemy და სხვა მრავალი, რომელთა მარკეტ კაპიტალიზაცია აღემატება 1 მილიარდ აშშ დოლარს.
Payze-ის გუნდისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი მსგავს აქსელერატორში მონაწილების მიღება, რათა სწრაფი ტემპებით მოხდეს კომპანიის განვითარება. 500 Startups დაკომპლექტებულია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მენტორებით, მათთან ყოველდიური კომუნიკაციით და მუშაობით ვფიქრობთ, რომ Payze უმოკლეს ვადებში გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საგადახდო პალტფორმა.
ამავე კითხვაზე გვიპასუხა Activechat-მა, რომელიც ლაივ ჩატისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტ ძრავის ერთგვარი კომბინაციაა და ჩატბოტებს AI ინსტრუმენტების დახმარებით ეხმარება ადამიანების უკეთ გაგებასა და მომსახურებაში. როგორც სტარტაპის დამფუძნებლები აღნიშნავენ, ჩატბოტების მიმართ დიდი მოლოდინის მიუხედავად, მათი ფუნქციონალი მოთხოვნებთან ხშირად მოდის შეუსაბამობაში. ტექნოლოგიების საშუალებით კი, სტარტაპი ცდილობს ამ ხარვეზის აღმოფხვრასა და მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების მიწოდებას. Activechat-ის დახმარებით, AI ბიზნეს ასისტენტი რამდენიმე წუთშია მზად და უკვე არსებული დიალოგის მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლის ინსაითებს, თქვენს ლექსიკასა და სურვილებს. სტარტაპის მისიაა კომუნიკაციაში აქტიურად დანერგონ ხელოვნური ინტელექტი და ის მთელ მსოფლიოში გაავრცელონ.
“500 Georgia-ში მონაწილეობა ჩვენი სტარტაპისთვის ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, ესაა შესაძლებლობა, შეუერთდე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს აქსელერატორს, გამოიყენო მისი მენტორშიფი და საკონტაქტო შესაძლებლობები საკუთარი კომპანიის სწრაფი ზრდისათვის. ამას გარდა, ესაა შანსი, ვისწავლოთ ძალიან ბევრი რამ ჩვენი სტარტაპისთვის, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ჩვენ გვაინტერესებს ქართულ კომპანიებთან ერთად მუშაობა, თანაც, ესაა შესაძლებლობა ვესტუმროთ საქართველოს – ქვეყანას, რომელსაც ძალიან ვაფასებთ და გვიყვარს!” – გვიამბო Activechat-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა ირინა პონომარიოვამ.
[R]