ორი წლის წინ, საქართველოში მსოფლიო დონის ტოპ-აქსელერატორის 500 Global შემოსვლამ სრულიად შეცვალა სტარტაპერების რეალობა, ზრდის ტემპი და პერსპექტივა. სტარტაპებს მიეცათ ისტორიული შანსი, პროფესიონალი საერთაშორისო მენტორების დახმარებით, ეფექტიანობა და მასშტაბირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაეზარდათ, მოხვედრილიყვნენ აშშ-ში, სტარტაპერებისთვის საოცნებო სილიკონ ველიზე და მსხვილი ინვესტორების ყურადღებაც მიეპყროთ. პროექტი საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA მხარდაჭერით შედგა. ორი ნაკადის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: 32 მლნ ლარზე მეტი მოზიდული ინვესტიცია, გამარჯვებული სტარტაპების 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი… აქსელერატორის დახმარების საფუძველზე, სტარტაპერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათი გამომწერების საერთო ჯამმა 4400-ს გადააჭარბა. მთლიანობაში, სტარტაპერებმა 89 პარტნიორის შეძენა და 354 ადამიანის დასაქმება შეძლეს.
სულ მალე, 500Georgia-ს მესამე ნაკადის სტარტაპერების შერჩევა დაიწყება. სწორედ ამიტომ, აქსელერატორის გამარჯვებულ სტარტაპერებს, რომლებმაც უკვე „სილიკონ ველიშიც“ იმოგზაურეს და ინვესტორებიც დააინტერესეს, ვთხოვეთ, შეეფასებინათ 500Georgia-ში მიღებული გამოცდილება და ზრდა, რომელსაც მისი საშუალებით მიაღწიეს.
„500 Global არის მსოფლიო დონის ტოპ-აქსელერატორი. პირველივე დღიდან, როდესაც საქართველოში მისი შემოსვლის შესახებ გავიგეთ, აქ მოხვედრა იქცა ტოპ-პრიორიტეტად;
იმ დროისთვის, უკვე ვიყავით ბაზარზე გასული და ვიცნობდით ჩვენს მომხმარებელს, თუმცა არ გვქონდა ყველაზე მთავარი – ზრდის ტემპი. სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა პროგრამის პირველივე დღიდან და პროგრამის დასრულებისას უკვე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში პანდემიური კრიზისი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“, – გვიყვება Cardeal-ის თანადამფუძნებელი ზურა ბაკურიძე.
M: როგორ შეაფასებდით თქვენი სტარტაპის ზრდას 500Georgia-ში მოხვედრიდან დღემდე?
ქარდილის წარმატებაში 500Georgia-ს გადამწყვეტი როლი უჭირავს. ზოგადად, როდესაც ქარდილზე ვსაუბრობთ, გამოვყოფთ პერიოდებს: ქარდილი 500Georgia-მდე და ქარდილი 500Georgia-ს შემდეგ, რადგან რეალური ზრდა სწორედ აქ მოხვედრის მერე დავიწყეთ. ამას რიცხვებიც ადასტურებს. ზრდა ბევრი მიმართულებითაა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, გაყიდვების კუთხით გვაქვს 600%-იანი გაუმჯობესება. დღეს, ჩვენი ყოველთვიური ბრუნვა 2 მილიონ ლარს აღემატება და უკვე 1 წელზე მეტია, მოგებაზე ვმუშაობთ.
M: მიმოვიხილოთ, რა შეცვალა თქვენთვის 500Georgia-მ?
ეს არ იყო მხოლოდ რაიმე კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული პროგრამა, ცვლილება და გაუმჯობესება შეეხო თითქმის ყველა მიმართულებას, იქნება ეს მარკეტინგი, გაყიდვები, პროდუქტის განვითარება, ინვესტიციები თუ ნებისმიერი სხვა; რაც მთავარია, მენტორები ჩვენთან ერთად მუშაობდნენ კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად.
მთავარი გაუმჯობესება გვქონდა პროდუქტის განვითარების კუთხით, რადგან მანამდე უკვე 2-ჯერ გავუშვით განახლება, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. მესამე განახლება, რომელიც 500Georgia-ს დროს მოხდა, product market fit-თან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და 2 კვირის თავზე, თითქმის ყველა მეტრიკით, 30-40% ზრდა მივიღეთ.
M: როგორ შეცვალა თქვენი ხედვა, სტარტაპის კონცეფცია ან მუშაობის მექანიზმი 500Georgia-ს შემდეგ?
მთავარი გაკვეთილი, რაც 500Georgia-დან მივიღეთ ისაა, რომ რაც არ უნდა კომფორტულად ვიყოთ, ერთად ადგილას გაჩერება არ შეიძლება და წარმატებისთვის აუცილებელია ვიყოთ მუდამ ახლის ძიების და ექსპერიმენტების ფაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ გავიზარდეთ და უკვე შემდგარი ბიზნეს მოდელი გვაქვს, მაინც არ ვწყვეტთ ექსპერიმენტებს.
M: როგორ გაიზარდა სტარტაპი საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით?
ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი ზუსტად 500Georgia-ს ბეჯი და სტატუსია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალიდაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვეტორებთან; მოკლედ რომ ვთქვათ, კარგი საშუალებაა გამოვჩნდეთ უცხოელი ინვესტორების რადარებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სტარტაპებისთვის, რადგან დასავლეთში არ იცნობენ ჩვენს ბაზარს, ხოლო 500Georgia მათთვის უკვე მნიშვნელოვანი ვალიდაციაა ინვესტიციისთვის.
M: რას ურჩევდით იმ სტარტაპერებს, რომლებიც 500Georgia-ში მონაწილეობაზე ფიქრობენ ?
მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ტიპის სტარტაპს შეუძლია, ნებისმიერი ინდუსტრიიდან, მაგრამ აუცილებელია სტარტაპი იცნობდეს თავის მომხმარებელს და უკვე ჰქონდეს გაყიდვები დაწყებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეგიძლიათ. 500 Global საქართველოზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.