გიგანტური ირმის ძვლებზე შეგნებულად ამოტვიფრული ნიმუშები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნეანდერტალელებს “სიმბოლურად აზროვნების” უნარი ჰქონდათ.
ნეანდერტალელები საკუთარ თავებს ბუმბულით იმშვენებდნენ, გამოქვაბულის კედლებზე ნახატებს ქმნიდნენ და არწივის ბრჭყალებისგან სამკაულებს ამზადებდნენ. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნეანდერტალელებმა ძვლებზე ნახატები ამოტვიფრეს – 51 000 წლის ძვლის აღმოჩენა, რომელზეც გამოსახულებებია წარმოდგენილი, ნეანდერტალელების დახვეწილი ქცევის კიდევ ერთი დასტურია.
“მხატვრული გაფორმების მტკიცებულება სიმბოლური მიზეზების გამო ობიექტების შექმნას ან შეცვლას გულისხმობს. ეს მიზეზები უბრალო ფუნქციურ დატვირთვას სცილდება და ნეანდერტალელების რთულ შემეცნებით შესაძლებლობებს ახალ ასპექტს უმატებს” – განმარტა ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის არქეოლოგმა სილვია ბელომ.
არტეფაქტი Einhornhöhle-ის არქეოლოგიურ ნაკვეთში აღმოაჩინეს – პარალელურად და თანაბრად დაშორებული ესტამპები, სავარაუდოდ, ერთი, მიზანმიმართული მიდგომის გამოყენებით შეიქმნა.
რადიოკარბონის დათარიღება იმაზე მიუთითებს, რომ 2.2 დიუმიანი ფეხის თითი შუა პალეოლითის პერიოდს განეკუთვნება (ჰომო საპიენსამდე ცოტა ხნით ადრე). მიკროსკოპული ანალიზის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ძვალი მოხარშეს, რათა გრავირება უფრო ადვილად გაკეთებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები მორთულ ობიექტს “უსარგებლოს” უწოდებენ, ფაქტია, კვეთას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და მაინც, ნიმუშის ზუსტი მნიშვნელობის გამოცნობა მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება.
ამასთან, რთულია იმის დარწმუნებით მტკიცება, რომ ძვლის გრავირება ნეანდერტალელებს ეკუთვნით. მიმდინარე წლის დასაწყისში წარმოდგენილი გენეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანები დაახლოებით 45000 წლის წინ ჩავიდნენ ცენტრალურ ევროპაში, რაც კვეთის თარიღს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის შეუძლებელი, რომ ჰომო საპიენსმა შექმნა ან შეიძლება, გავლენა იქონია ამ ხელოვნების ნიმუშის შექმნაზე.
“არ შეგვიძლია, ცოდნის მსგავსი ადრეული გაცვლა გამოვრიცხოთ თანამედროვე ადამიანებსა და ნეანდერტალელებს შორის, რამაც, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონია აღნიშნული არტეფაქტის შექმნაზე” – ამბობენ მეცნიერები.
ამასთან, შესაძლებლობა, რომ ნეანდერტალელებმა ეს უნარი თანამედროვე ადამიანებისგან მიიღეს, არ ამცირებს მათ შემეცნებით შესაძლებლობებს. “პირიქით, სწავლის, ინოვაციების ინტეგრირების უნარი და ახალ ტექნოლოგიებთან თუ აბსტრაქტულ ცნებებთან ადაპტაცია ქცევის სირთულის ელემენტად უნდა ვაღიაროთ”.
რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ არტეფაქტი მართლაც მხოლოდ ნეანდერტალელებს ეკუთვნოდეს და ამ ყველაფერთან არანაირი საერთო არ ჰქონდეს თანამედროვე ადამიანს.