წარმოიდგინე, რომ მარკეტინგის მენეჯერი ხარ და თავსატეხი ფაზლების ახალი ბრენდი, სახელად „ნოქსუ“ უნდა ჩაუშვა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისგან იღებ ელექტრონულ შეტყობინებას, რომლითაც ის ორიდან, ბრენდისთვის უფრო შესაფერისი ერთი ლოგოს არჩევას გთხოვს. მიზანი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ვიზუალური იდენტობა ბრენდს წარმატებაში დაეხმაროს.
რომელს აირჩევდი, მარცხენას თუ მარჯვენას?კარგი არგუმენტების მოფიქრება არცერთის შემთხვევაში არ იქნება რთული. მაგალითად, თუ არჩევანს მარცხენაზე შეაჩერებ, სავარაუდოდ, იტყვი, რომ შენი მომხმარებლები მარტივ დიზაინს ანიჭებენ უპირატესობას, მარჯვენა ვარიანტის შემთხვევაში კი, არგუმენტი იქნება, რომ ფაზლის ფორმით, აუდიტორიას საჭირო ინფორმაციას აწვდი.
მკვლევართა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, სადაც 597 კომპანიის ლოგოს შესახებ, მენეჯერები გამოიკითხნენ. მათ არჩევანი აღწერით (დესკრიპტული) და არააღწერით ლოგოს შორის უნდა გაეკეთებინათ.
როგორც მიხვდით, ზემოთ მოცემული ლოგოებიდან მარჯვენა აღწერითია.
ლოგოები მართლა ასეთი მნიშვნელოვანია?
ხანდახან ბრენდის ვიზუალურ სიმბოლოს არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა კი სწორი დიზაინის შერჩევას ძალიან ფასეული ღირებულება აქვს ბრენდისთვის სასარგებლო შედეგების მოტანის კუთხით. მას შეუძლია, ბრენდის ცნობადობა გაზარდოს, ინვესტორებს კომპანიის დაფინანსების მოტივაცია მისცეს… ლოგო საკომუნიკაციო ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება, ყველგან გამოჩნდეს: შენს პროდუქტებზე, ვებგვერდზე, ყოველწლიურ ანგარიშში, ბიზნესბარათებზე და სხვა.
გარდა ამისა, ლოგოს მახასიათებლებმა, შესაძლოა, მომხმარებლის ქცევაზეც იქონიოს გავლენა. მაგალითად, მისმა სიმარტივემ ან კომპლექსურობამ შეიძლება, ინვესტორთან კომპანიის ბედი გადაწყვიტოს, სიმეტრიულობა-ასიმეტრიულობამ კი, მისი ნდობა გაზარდოს.
რა არის აღწერითი ლოგო?
აღწერითი ლოგო ვიზუალური სიმბოლოა, რომელიც დიზაინის ტექსტუალურ ან ვიზუალურ ელემენტებს (ან ორივეს კომბინაციას) შეიცავს და ისინი მომხმარებლებთან პროდუქტის ან სერვისის ტიპზე ჰყვებიან. იმაზე, რასაც კომპანია ჰყიდის.
მაგალითად, „ბურგერ კინგის“ ლოგო აღწერითია, „ნიუ-იორკ აილენდერის“ ლოგოსავით. პირველის შემთხვევაში, ლოგოზე წარწერასთან ერთად, ჰამბურგერის ორ ფუნთუშასაც ვხედავთ. მეორის შემთხვევაში კი ჰოკეის ჯოხსა და შაიბას (ბურთს).
შედარებისთვის, „მაკდონალდსისა“ და „მინესოტა უაილდის“ ლოგოები არააღწერითია. მათ ვიზუალში დიზაინის ისეთი ელემენტებია გამოყენებული, რომელიც პროდუქტის ტიპზე ან კომპანიის სერვისზე არაფერს ამბობს.
ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რომელი უნდა გამოვიყენოთ ბრენდისთვის, აღწერითი თუ არააღწერითი?
ბოლო წლებში, ბრენდებმა თავიანთი ვიზუალური იდენტობები უფრო და უფრო აღწერითი გახადეს, თუმცა, მაგალითად „დანკინმა“, სულ ცოტა ხნის წინ, ლოგოდან სიტყვა დონატი და ყავის ჭიქა ამოიღო იმ დროს, როცა Animal Planet-მა საკუთარი ლოგო, დიზაინში სპილოს დამატებით, უფრო აღწერითი გახადა.
აღმოჩნდა, რომ კომპანიების, დაახლოებით, 60% არააღწერით ლოგოს იყენებს, 40% კი – აღწერითს. თუმცა, ეს კვლევა აღწერითი ლოგოს შესაძლებლობებს უწევს დემონსტრირებას და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ:
რა შესაძლებლობები აქვს აღწერით ლოგოს?
აღწერითი ლოგო მომხმარებლის ცნობიერებაში მარტივად გადამუშავდება, ანუ ის ადვილად იგებს, ბრენდი რას ჰყიდის. გარდა ამისა, ასეთი ლოგო ბრენდს:
- მომხმარებლის თვალში უფრო ავთენტურს ხდის;
- მის შეფასებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს;
- აძლიერებს მომხმარებლის სურვილს, მისი პროდუქტი იყიდოს;
- ზრდის სუფთა გაყიდვებს.
უნივერსალურია აღწერითი ლოგოს შესაძლებლობები?
რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ლოგოზე ყველა ბრენდს ერთნაირი გამოცდილება ვერ ექნება. მაგალითად, თუ ბრენდს მომხმარებლის ცნობიერებაში უკვე არც ისე სანდო და სასიამოვნო ადგილი უკავია, მას აღწერითი ლოგო ვერ უშველის. ანუ, ასეთ შემთხვევებში, მომხმარებელი ნაკლებად ექცევა დიზაინის გავლენის ქვეშ.
გარდა ამისა, არსებობენ ბრენდები, რომელთა შემთხვევაშიც, არააღწერითი ლოგო უფრო კარგად მუშაობს. მაგალითად, კომპანიები, რომელთა პროდუქტი ან სერვისი ნეგატიური კონტექსტის მატარებელია: პალმის ზეთი, დამკრძალავი ბიურო, ტარაკნების საწინააღმდეგო ფხვნილი…
რა უნდა ისწავლო ზემოთ მოცემული გამოცდილებიდან?
თუ გინდა ბრენდისთვის ახალი ლოგოს შექმნა ან ძველის მოდიფიცირება, აქ მოცემული კვლევა ამბობს, რომ უნდა გამოიყენო, სულ მცირე, დიზაინის ერთი ტექსტუალური ან ვიზუალური ელემენტი, რომელიც პროდუქტზე ან სერვისზე რაღაცას მოჰყვება.
სწორედ ამიტომ, სტატიის დასაწყისში დასმული კითხვა, რომელ ლოგოს აირჩევდი, აღმასრულებელ დირექტორს შენთვის რომ ეკითხაო, კვლევას თუ დავეყრდნობით, სწორი პასუხი მარჯვენა ლოგო – ანუ, აღწერითი ვიზუალური სიმბოლო იქნება.
კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ყველა ბრენდის შემთხვევაში ეს მიდგომა ვერ გაამართლებს და ზემოთ დასმულ კითხვაზე – უნივერსალურია, თუ არა აღწერითი ლოგოს შესაძლებლობები ყველა ბრენდისთვის? – პასუხი არის არა.
სტატიაში არც ისაა ნათქვამი, რომ აღწერითი ლოგო აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება, თუმცა კი, ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ ლოგოს ბრენდის წარმატებაში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და მათ შორის, აღწერითს.
წყარო: HBR