ჩვენ ყველას პირდაპირი თუ ირიბი კავშირი გვაქვს ავტოსამყაროსთან. იმის მიუხედავად, თავად ვმართავთ თუ არა მანქანას, თითოეული ჩვენგანი რომ გააჩერონ და გამოკითხონ, სულ ცოტა 5 მარკას მაინც გავიხსენებთ და დავასახელებთ. თუ დიდი ავტომოყვარულები არ ვართ, შეიძლება ბრენდის ისტორია და რომელ წელს რა მოდელი აქვს გამოცემული, არც ვიცოდეთ, მაგრამ სახელები მაინც ყველას გაგვიგია. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სახელწოდებას ნებისმიერი ბრენდის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
ავტოისტორიის ამ სტატიაში სწორედ აღნიშნულ თემას გვსურს, შევეხოთ. ჩვენ გადავხედეთ რამდენიმე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მანქანის ბრენდს და ვეცადეთ, გაგვერკვია, თუ რატომ ჰქვია მათ ესა თუ ის სახელი, როდის დაერქვა ან რას ნიშნავს.
მაშ ასე:
Alfa Romeo
ამ მდიდრული, იტალიური ავტობრენდის დასახელება თავდაპირველად იყო Alfa, რაც გრძელი დასახელების, Anonima Lombarda Fabbrica Automobili-ს აკრონიმს ნიშნავდა. ეს ქარხანა სარკინიგზო ვაგონებს აწარმოებდა რომსა და ნეაპოლში. 1915 წელს ნიკოლა რომეომ შეიძინა საწარმო და სახელწოდებას თავისი გვარიც მიამატა. აქედან დაიწყო ბრენდის მანქანების წარმოების ისტორიაც.
Audi
ეს არის გერმანული სიტყვის Horch ლათინური თარგმანი. თავდაპირველად, ავგუსტ ჰორკმა დააფუძნა საწარმო თავისივე გვარით, მაგრამ მოხდა ისე, რომ 5 წლის შემდეგ კომპანიის მიტოვება მოუწია. ამის მიუხედავად, მას მუდმივად ჰქონდა ავტომობილების შექმნის სურვილი. ჰორკმა მალევე დააარსა ახალი საწარმო და მას თავისი გვარის ლათინური ვარიანტი – აუდი უწოდა.
Mercedes
სახელწოდება უკავშირდება ემილ ელინეკს, რომელიც დაიმლერის ავტმობილებით ვაჭრობდა მე-19 საუკუნის ბოლო წლებში. ეს ადამიანი ხშირად იღებდა მონაწილეობას ავტორბოლებში, რომლებშიც მოფერებით, თავისი შვილის, მერსედესის სახელით ასპარეზობდა. ერთ-ერთი რბოლის წინ ემილი საწარმოს უფრო მძლავრძრავიანი მანქანის შექმნაზე მოურიგდა, რომელსაც მერსედეს-დაიმლერი დაერქვა. ამის შემდეგ ქარხანამ ნელ-ნელა დაიწყო მერსედესის სახელით მოდელების გამოშვება და საბოლოო ჯამში ბრენდადაც ასე დამკვიდრდა.
Rolls-Royce
1884 წელს ფრედერიკ ჰენრი როისმა დაიწყო ელექტრო და მექანიკური ბიზნესი, 1904 წელს კი თავისი პირველი მანქანაც დაამზადა. იმავე წელს მან გაიცნო ჩარლზ სტიუარტ როლსი, რომელიც ასევე ავტომობილებით იყო გატაცებული. ეს ორი ადამიანი მაშინვე მიხვდა, რომ ბევრი საერთო ექნებოდათ, ამიტომ ცოტა ხანში პარტნიორობაც გააფორმეს. მათ მიერ დაარსებულ ბრენდს ორივეს გვარი – Rolls-Royce ერქვა.
Subaru
ერთ-ერთი ისეთი ავტომწარმოებელია, რომლის დასახელებასაც თავისებური და სხვებისგან განსხვავებული ისტორია აქვს. ის თანავარსკვლავედის იაპონური დასახელებიდან მომდინარეობს, რომელსაც დასავლელები ზოგჯერ პლეადის ან 7 დის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე. Subaru-ს ჰყავს დედა კომპანია, Fuji Heavy Industries, რომელიც ჩამოყალიბდა ექვსი კომპანიის შერწყმის შედეგად და მათი თანავარსკვლავედი გამოსახულია კომპანიის ლოგოზე.
ბოლოს ზოგად ჭრილშიც მიმოვიხილავთ და გეტყვით, რომ როგორც აღმოჩნდა, ავტომობილების კომპანიების უმეტესობას თავისი დამფუძნებლის სახელი ჰქვია. მაგალითისთვის მოგიყვანთ Honda-ს, Aston Martin, Chevrolet, Chrysler-ს – ეს ბრენდები თავიანთი დამაარსებლის სახელებს ატარებენ და ისიც უნდა გითხრათ, რომ ეს სრული სია არაა, კიდევ არაერთ ავტომწარმოებელს აქვს საკუთარი ხაზისთვის თავისი სახელი მინიჭებული.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი